კალაძეს გინდა ფეხბურთს ვეთამაშები, გინდა დაჭერობანას და გინდა წრეში ბურთს - ელისაშვილი
კალაძეს გინდა ფეხბურთს ვეთამაშები, გინდა დაჭერობანას და გინდა წრეში ბურთს - ელისაშვილი

A+ A-

17:15 18/10/2019

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა  “2020NEWS“-თან საუბარში, დედაქალაქის მერს კახა კალაძეს იუმორი დაუწუნა, თუმცა აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერმა “ლ“-ები გამოასწორა.

“კალაძემ ლ-ები კი გამოასწორა, მაგრამ იუმორში აშკარად მოიკოჭლებს. მისი პასუხი ძალიან უშნო ხუმრობა იყო. თბილისის მერი ამბობს, რომ დებატებში დასაჯდომად არ სცალია და ფეხბურთში გავეჯიბროთ ერთმანეთსო. შენ დალოცვილო, ფეხბურთისთვის თუ გცალია, ტრანსპორტის თემაზე დებატებში დასაჯდომად არ გცალია? რა ლოგიკაა, ამას ვერ ვხდები. მასთან ლაპარაკი კი არ მომენატრა, ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსია და ისიც აშკარაა, რომ კალაძის არაკვალიფიკაციური ქმედებების შედეგია სატრანსპორტო კოლაფსი, რომელიც მისი მართველობის ორი წლის განმავლობაში უფრო გაღრმავდა. ვერ ხვდება ვერც ის და ვერც მისი გარემოცვა, რომ მათი არაკვალიფიცირებული ნაბიჯები, აღრმავებს ამ სატრანსპორტო კრიზსს. კალაძეს ორი წლის წინ შევთავაზე, რომ ჩემი საარჩევნო პროგრამა ტრანსპორტთან დაკავშირებით წაეღო. ებრაელბს ასეთი გამონათქვამი აქვთ - „არც შენ იცოდე და არც სხვისი გესმოდესო“. ისევ მის ინტერესებშია, რომ ამ დებატებში მოვიდეს. თორემ, ფეხბურთის თამაში უნდა, ვითამაშოთ,“- განაცხადა ელისაშვილმა სააგენტოსთან საუბარში.

ელისაშვილი პრეტენზიას არ გამოთქვამს, რომ კარგი ფეხბურთელია, თუმცა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ დედაქალაქის პრობლემები, კალაძეზე უკეთ იცის.

“არ მაქვს პრეტენზია, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ. თუმცა, ამ ქალაქის პრობლემები საკმაოდ კარგად ვიცი. მგონი, კალაძესაც პრეტენზია აქვს, რომ ქალაქის შესახებ ყველაფერი იცის, თუმცა რა იცის, შედეგებს კი ვნახულობთ. არ მაქვს პრობლემა, გინდა ფეხბურთს ვეთამაშები, გინდა დაჭერობანას და გინდა, წრეში ბურთს, მაგრამ ეს საქმეს არ წაადგება“, - განაცხადა “სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა “2020NEWS“-თან საუბარში.

როგორც აღმოჩნდა, ალეკო ელისაშვილი ბავშობაში მეკარე ყოფილა, სააგენტოს კითხვაზე, აუღებდა თუ არა დედაქალაქის მერს პენალტს, ასე პასუხობს:

“მთელი ბავშობა მეკარე ვიყავი. ისე, როგორც ყველა თბილისელი ბავშვი 80-იან წლებში მეც ვთამაშობდი. კალაძემ უფრო სხვა რაღაცეების გატანა იცის, განსაკუთრებით ბოლო დროს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, დედაქალაქის მერი დებატებში გამოიწვია. კალაძემ კი განაცხადა, რომ დებატებისთვის არ სცალია და ალეკო ელისაშვილს მასთან ფეხბურთის თამაშის ვალი აქვს.