ნათია თურნავა ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
ნათია თურნავა ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

A+ A-

15:09 20/10/2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციაში" დღესდღეობით 116 ავიამეთვალყურეა დასაქმებული. თითოეულ მათგანს გულითადად ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს!

ყურადღების მუდმივი კონცენტრაცია, ფსიქოლოგიური წნეხი და უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ავიამეთვალყურეს აკისრია, მას მსოფლიოში ერთ-ერთ ურთულეს პროფესიად აქცევს. ისინი ზრუნავენ ხმელეთიდან ცაში საჰაერო ხომალდების დროულ, თანმიმდევრულ და უსაფრთხო გადაადგილებაზე.

ჩვენ გვყავს მართლაც პროფესიონალი, უმაღლესი კვალიფიკაციის ავიამეთვალყურეები - თითოეული მათგანის მაღალი კვალიფიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციების - ICAO-ს და EUROCONTROL-ის მიერ გაცემული სერთიფიკატებით არის აღიარებული. ისინი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ არაერთ პროექტში არიან ჩართულები და რაც განსაკუთრებით გვეამაყება - რამდენიმე მათგანი ხელმძღვანელობს კიდეც მნიშვნელოვან ჯგუფს და წარმატებით გააქვთ საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე.

ავიამეთვალყურის პროფესია საპატიო და მნიშვნელოვანია საქართველოს საავიაციო სფეროს უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა, შემოდიან ახალი ავიაკომპანიები და მატულობს ახალი ავიარეისები.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, პირად და პროფესიულ წარმატებებს!“ - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი“, -აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.