“კახა კალაძის “ოცნებიდან“ წასვლა პარტიას უკიდურესად დაასუსტებს“
“კახა კალაძის “ოცნებიდან“ წასვლა პარტიას უკიდურესად დაასუსტებს“

A+ A-

11:11 21/10/2019

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის მერს, კახა კალაძეს “ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და რომ კალაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტია “ქართულ ოცნებას“ დატოვებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკის ექსპერტი ვაჟა ბერიძე “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ კახა კალაძის მიერ “ქართული ოცნების“ შესაძლო დატოვება მმართველ პარტიას ძალიან დააზარალებს. ამასთან, როგორც ექსპერტი გვეუბნება, კალაძე იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში პერსპექტიული მომავალი აქვს.

“კახა კალაძე ბიზნესიდან პოლიტიკაში აბსოლუტურად გამოუცდელი მოვიდა. მან ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აჩვენა, რომ შრომისმოყვარე და გონიერი ადამიანია. მას ქართულ პოლიტიკაში პერსპექტიული მომავალი აქვს.

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ გუნდში იქნება თუ არა, ამას “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკა გადაწვეტს და არა თავად კახა კალაძე. ვფიქრობ, კალაძის “ოცნებიდან“ წასვლა მმართველ პარტიას უკიდურესად დაასუსტებს. კახა კალაძის გარეშე „ქართული ოცნება“ არაფერი დარჩება“,- განაცხადა ვაჟა ბერიძემ.

კითხვაზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თბილისის მერი მიიღებს თუ არა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას?! - ბერიძე გვპასუხობს, რომ აღნიშნული ნაკლებად არის მოსალოდნელი.

“იმ შემთხვევაში, თუ კახა კალაძე პოლიტიკიდან წავა, ეს ფაქტი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იქნება. ვფიქრობ, რომ კახა კალაძე მიზნისკენ მიმავალ შუა გზაზე არ გაჩერდება. ის პოლიტიკაში საკუთარ რესურსს ბოლომდე ამოწურავს“,- განაცახდა ვაჟა ბერიძემ.

ექსპერტს ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძეს შორის შესაძლო დაპირისპირებაზეც ვკითხეთ, რაც პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობით, შესაძლოა, იყოს განპირობებული. ექსპერტის თქმით, ჯერჯერობით,“ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის დაპირისპირების ნიშნები მკაფიოდ არ შეიმჩნევა.

“ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამო შეიძლება არსებობდეს ივანიშვილსა და კალაძეს შორის დაპირისპირება. ჯერჯერობით, ასეთი რამის წარმოდგენა რთულია, რადგან ვიცი, რომ მათ ერთმანეთთან პიროვნული მიუღებლობა არ აქვთ. როგორ შეიცვლება მათი ურთიერთობა, ამას მომავალი აჩვენებს“,- განაცხადა ვაჟა ბერიძემ.

 გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერსა და “ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შორის უთანხმოება არსებობს, რაც, შესაძლოა, კახა კალაძის მიერ “ქართული ოცნების“ დატოვებით დასრულდეს. 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე