არ გამიშვილოთ, მე დავბრუნდები - ერთი თვის მიტოვებული ჩვილის დედას, ბავშვის მპოვნელი დაბრუნებას სთხოვს
არ გამიშვილოთ, მე დავბრუნდები - ერთი თვის მიტოვებული ჩვილის დედას, ბავშვის მპოვნელი დაბრუნებას სთხოვს

A+ A-

11:57 21/10/2019

 გადაცემა “პროფილში“ , 20 წლის ბარაბარე ამირბარი, იხსენებს, სექტემბერში მის კარებთან დატოვებულ ერთი თვის ჩვილის ამბავს. აღსანიშნავია, რომ თავად ბარბარეც დედაა და მას 10 თვის შვილი ჰყავს. "ვისხედით, ტელევიზორს ვუყურებდით. წყლის დასალევად გავედი და ხმა რომ გავიგონე, მეგონა, კატა კნაოდა. დაახლოებით ნახევარ საათში კარებზე ბრახუნი გაისმა ჩვენი მეზობელი შემოვარდა და გვითხრა - "ბავშვი დაგვიტოვესო". ყველა გავცვივდით გარეთ. მე პირველი მივედი ჩვილთან და ხელში ავიყვანე. ძალიან ლამაზი ბიჭუნა იყო. იყო ძალიან სუფთა და მოვლილი. როცა ხელში ავიყვანე, იმდენად პატარა მომეჩვენა, რომ დაახლოებით ორი კვირის მეგონა. თუმცა, როცა სასწრაფო მოვიდა, გახადა და შეამოწმა, ჭიპლარი იმდენად კარგად იყო მოშუშებული, რომ სავარაუდოდ ერთი თვის იქნებოდა“, - იხსენებს 20 წლის ბარბარე.

მისივე თქმით, ბავშვი გადაგდებულს არ ჰგავდა, რადგან კალათაში იდო წერილი, სადაც დედა ითხოვდა, რომ პატარა არ გაეშვილებინათ.

“ჩემმა ოჯახის წევრებმა, მაშინვე დარეკეს პოლიციაში. მე ვაჭამე და ესევე დაეძინა. ბავშვი გადაგდებულს არ ჰგავდა, დარწმუნებული ვარ გამოჩნდება დედა, როცა ფეხზე დადგება. ბავშვის კალათაში იდო წერილი, დედა მიმართავს ჩვილ ბავშვთა სახლს, რომელიც მდებარეობს ჩვენი სახლის პირდაპირ. ვვარაუდობთ, რომ იქ უნდოდა დაეტოვებინა ჩვილი, მაგრამ ღამე იყო, დაახლოებით 12 საათი, ამიტომ ტრასაზე ვერ დატოვა, ამოირბინა და პირველივე სართულზე კიბის კუთხეში დატოვა. წერილი ძალიან ემოციური იყო. წერდა დედა, რომ ეს იყო უკიდურესი ზომა, არაფრის გაკეთება არ შეეძლო ამ ბავშვისთვის, რადგან არ მიიღო ოჯახმა, არც ქმარმა. წერდა უშუალოდ ბავშვთა სახლის მისამართით - "მე დავბრუნდები, არ გამიშვილოთ..." დიდი მადლობა, რომ იცავთ ბავშვებს და მე ვიზრუნებ თქვენს სახლზეო. ერთადერთი, რაც მინდა ამ მცხოვრებაში, რომ ჩემი შვილი კარგად იყოს და გთხოვთ, არ გამიშვილოთო" - ყვება წერილის შინაარსს 20 წლის ბარბარე ამირბარი. ბარბარე, ერთი თვის ჩვილის დედას გამოჩენას და დახმარებას სთავაზობს. ის და მისი ოჯახი მზად არის შეიფარონ და როგორც ფინანსურად, ისე მორალური დახმარება გაუწიონ.

"ერთ-ერთი ჩემი ახლობელიცაა, რომელმაც მომწერა, რომ შეიფარებს დედა-შვილს თავის სახლში. პირადად ჩემი ოჯახიც ყველანაირად გვერდში დაუდგება მას, იქნება ეს მატერიალური, თუ სულიერი მხარდაჭერა" - მიმართავს ამირბარი ახალგაზრდა ქალს, რომელმაც შვილი დატოვა.

შეგახსენებთ, შემთხვევა 18 სექტემბერ, საბურთალოზე მოხდა. პატარა ბიჭუნა კალათაში იყო მოთავსებული. ის სასწრაფომ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.  მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.