პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ქეთევან ციხელაშვილის მოსმენის დახურვას კამათი მოჰყვა
პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ქეთევან ციხელაშვილის მოსმენის დახურვას კამათი მოჰყვა

A+ A-

12:15 21/10/2019

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს დახურულ რეჟიმში უსმენენ.

სხდომის დახურვის გადაწყვეტილება დეპუტატებმა ასევე დახურულ კენჭისყრაზე მიიღეს.

ამასთან, სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა მოითხოვა, რომ სხდომის დახურვამდე მინისტრს ღია რეჟიმში მიეწოდებინა ინფორმაცია სოფელ ატოცში განვითარებულ მოვლენებზე და ასევე იმაზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს ამ მიმართულებით სახელმწიფო, რომ საკითხს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღება მიექცეს.

ამასთან, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ის მზად არის, დეპუტატებისა და საზოგადოების წინაშე ნებისმიერ რეჟიმში წარდგეს.

„აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის, კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ, ყველასთვის გასაგებად გავაკეთო განმარტება იმაზე, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეების განმავლობაში და ზუსტად რამდენიმე წუთის წინ საზოგადოების ყურადღებისთვის ძალიან დეტალურად ვისაუბრე ამაზე მედიასთან. არ მინდა, ვინმეს საფუძველი შეექმნას, რომ ამ თემით რამე სპეკულაციები მოვახდინოთ, პრინციპულად წინააღმდეგი ვარ ამის, ყველაფრის, რაც ეხება ზოგადად ასეთ სენსიტიურ საკითხს. თუ გნებავთ, შესავალ ნაწილში ამ საკითხსაც ვახსენებ და თუ თქვენ გადაწყვეტილებას მიიღებთ დახურვაზე, რამდენიმე წუთში შესავალი ნაწილის შემდეგ გადავალ პრეზენტაციაზე, რომელსაც ასეთ რეჟიმში მოგახსენებთ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ამასთან, როგორც სხდომის დაწყებისას „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა, ადა მარშანიამ განაცხადა, აღნიშნულ საკითხებზე საუბარი სწორედ დახურულ რეჟიმში უნდა წარიმართოს.

„პრინციპულად ვაყენებ საკითხს, ზუსტად რომ მაინტერესებს ქეთევან ციხელაშვილის პასუხები. რა ხდება ამ წუთებში იქ, ზუსტად რომ დახურულ რეჟიმში უნდა მოვუსმინოთ, რადგან გავიგო ნორმალურად რა ხდება იქ, ისეთი შეკითხვები დავუსვა, რა შეკითხვებსაც ვერ დავუსვამ ღია ეთერში. ზუსტად რომ დახურულ რეჟიმში გვაინტერესებს ეს და არა მატრაკვეცობა კამერების წინ და მიკროფენებში. ვითხოვ, კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი“,-განაცხადა ადა მარშანიამ.

უმრავლესობის წევრების განცხადებით, ინფორმაცია მნიშვნელოვან დეტალებს შეიცავს, რის გამოც სხდომა დაიხურა და კომენტარები მედიისთვის მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება.

ქეთევან ციხელაშვილი სხდომაზე სამშვიდობო ინიციატივებზე -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, „ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ“ ისაუბრებს.

რაც შეეხება ატოცს, სოფელ ატოცის ტერიტორიაზე 150-მდე ძელი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაამონტაჟეს, 19 ოქტომბერს კი, ღობის გავლება დაიწყეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ფაქტზე ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა, გააქტიურებულია ცხელი ხაზიც. ამასთან, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზთან სამუშაოები დღეს არ განუახლებიათ.