რეფორმა ჩავარდა - აფთიაქებში მედიკამენტები ერთ ლარად აღარ იყიდება
რეფორმა ჩავარდა - აფთიაქებში მედიკამენტები ერთ ლარად აღარ იყიდება

A+ A-

16:14 21/10/2019

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახრტაძის მიერ დაანონსებული და განხორციელებული რეფორმა “ მედიკამენტები ერთ ლარად“ აღარ მუშაობს.

35 დასახელების მედიკამენტი, რომელიც მთავრობას სოციალურად დაუცველი პირებისთვის, პენსიონრებისთვისა და შშმპ-თვის ერთ ლარად უნდა გაეცა, სააფთიაქო ქსელებში, ფაქტობრივად, აღარ იყიდება.

როგორც “2020NEWS“ -ს ერთ-ერთმა პენსიონერმა განუცხადა, აფთიაქში მისულს ფარმაცევტები ეუბნებიან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ერთლარიანი წამლები აფთიაქებში აღარ შეაქვს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია “2020NEWS“ -თან პროგრამის ხარვეზის მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემა, დაახლოებით, ერთ თვეში მოგვარდება.

- ქალბატონო თამარ, მოქალაქეებს ფარმაცევტები ეუბნებიან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ერთლარიანი წამლები აფთიქებში აღარ შეაქვს, რის გამოც ისინი რეფორმით სარგებლობას ვეღარ ახერხებენ. რა არის აღნიშნულის მიზეზი ?

- უკანასკნელ ხანებში გარკვეული შეფერხებები შეიქმნა წამლების აფთიაქებისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით. 10-მდე დასახელების წამალზე შესყიდვის პროცესი გახანგრძლივდა, რამაც ამ მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვია. არის შემთხვევები, როცა ტენდერი ერთხელ იშლება და მეორეჯერ ცხადდება. ამჟამად ველოდებით მიმწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმების დასრულებას, რის შედეგად აფთიაქებში წამლების მარაგი შეივსება.

- დეფიციტი ძირითადად, რომელი მიმართულების მედიკამენტებს შეეხება და ასევე, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და შშმპ პირები წამლებით სარგბლობას შეუფერხებლად რამდენ ხანში შეძლებენ?

- მიმდინარეობს პროცედურები. ვფიქრობთ, რომ ერთი თვის ვადაში, დაახლოებით, დეკემბრის დასაწყისიდან მედიკამენტების დეფიციტი უნდა შეივსოს. დეფიციტი დაახლოებით, 10-12 მედიკამენტს შეეხება. უმეტესწილად გულ-სისხლძარღვთა მედიკამენტებს, რადგან ამ მიმართულებით მოხმარება განსაკუთრებით მაღალია. ასევე, დეფიციტია ანტიეპილეფსიური და პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტებზე. დეფიციტი არ არის დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლისა და ფილტვის სამკურნალო მედიკამენტებზე. იმედი გვაქვს, რომ ეს ხარვეზები მალე გამოსწორდება. ვფიქრობთ, ამ მექანიზმის გადახედვას, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი ტიპის დაყოვნებები. ჯერეჯერობით, ამ საკითხის შესახებ მუშაობა მიდის და როცა ახალი მექანიზმი მზად იქნება, საზოგადოებას შევატყობინებთ. ცენტრალიზებული შესყიდვის მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებეთ, მოუქნელია, რაც გამოცდილებამ აჩვენა.

- ერთლარიანი წამლების ხარისხთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. წამლები პაციენტისთვის ეფექტური და გამოსადეგარია ?

- წამლების ხარისხის მოთხოვნა პროგრამაში გვაქვს გათვალისწინებული. შესყიდვების სააგენტოს ვთხოვთ, რომ მხოლოდ ის მედიკამენტები შეისყიდოს, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილი აქვს ხარისხის გარანტიის სერთიფიკატი. ეს ის პირობაა, რომელიც დღეს მოქმედებს.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ხაზრაძის პრემიერობის დროს, მთავრობის მიერ 35 მედიკამენტის ერთ ლარად გაცემა დაანონსდა, რომელიც 6 ქრონიკული დაავადების: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, დიაბეტის, ფილტვის, ეპილეფსიის და პარკინსონის მკურნალობის დროს გამოიყენება. სოციალურად დაუცველი პირები, პენსიონრები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები კი უფასო წამლებით სარგებლობას დღემდე ვერ ახერხებენ.

 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე