ჭიათურაში ისევ გაიფიცნენ - “თურქ-სელჩუკები შემოგვესივნენ“
ჭიათურაში ისევ გაიფიცნენ - “თურქ-სელჩუკები შემოგვესივნენ“

A+ A-

16:39 22/10/2019

ჭიათურაში ისევ გაიფიცნენ, ამჯერად მადნის მომპოვებელი კერძო კომპანიები. 80-მდე ე.წ. კოოპერატივი „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მოპოვებულ მარგანეცზე ფასის მომატებას და ალტერნატიული მიწების გადაცემას ითხოვენ. „მემარგანეცეები“ „ჯორჯიან მანგანეზს“ ერთკვირიან ვადას აძლევენ.

საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რაც მადნით დატვირთული ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვას უკავშირდება, კერძო მომპოვებლებს პრობლემები შეექმნათ მოპოვებული მადნის გამოტანა-გადაზიდვაზე. გარდა ამისა, როგორც ისინი ამტკიცებენ, ის ფასი, რასაც „ჯორჯიან მანგანეზი“ „შავ ოქროში“ იხდის, ხარჯების დაფარვას ხმარდება მხოლოდ.

„ძალიან მარტივად აგიხსნით, როგორი სქემით მუშაობს „ჯორჯიან მანგანეზი“ - ჩვენ, დაახლოებით 80 მცირე კომპანია ვართ, გვაქვს ნაყიდი მიწები, საიდანაც უნდა ამოვიღოთ მარგანეცი, მერე მოპოვებულ მადანს ვრეცხავთ და მოპოვებულ და გარეცხილ მარგანეცს ვაბარებთ საშუამავლო კომპანიას. ვინ დგას ამ საშუამავლო კომპანიის უკან, ამაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ საკმაოდ გავლენიანი ფიგურები არიან და საკმაოდ დიდი მოგებაც მიაქვთ სახლში. მხოლოდ ციფრს გეტყვით, ყოველთვიურად, დაახლოებით 40 ათასი ტონა მარგანეცის წარმოება ხდება და ტონაზე 10 ცენტი, არაფერში, არის საშუამავლო კომპანიის. მოგებიდან რა წილი რჩებათ, ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა, საქმე მილიონებს ეხება. ჩვენ ტონა მარგანეცში გვიხდიან 1,8-2,7 დოლარამდე, ფასი ხარისხზეა დამოკიდებული. თვითონ მარგანეცს გაცილებით ძვირ ფასად, 5-6-ჯერ მეტად ყიდიან. ჩვენ ძალიან დიდი ხარჯი გვაქვს და ვითხოვთ ფასის მომატებას, ტონა მარგანეცზე 1 დოლარით მეტის გადახდას და ალტერნატიული მიწების გადმოცემას, სადაც მადნის მოპოვებას შევძლებთ. ახლა ყველაფერი გაჩერებულია და ერთკვირიან ვადას ვაძლევთ კომპანიას, რომ მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ და ჩენი მოთხოვნები დააკმაყოფილონ“, - განუცხადა „2020NEWS“-ს მადნის მომპოვებელი ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელმა.

მისივე ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ქალაქში თურქული კომპანია შემოიყვანა, რომელმაც თავის მხრივ, ერთ-ერთი მსხვილი ქარხანა უკვე შეიძინა 1,2 მილიონ დოლარად.

„ახლა ამათ შემოიყვანეს თურქული კომპანია, რეკულტივაციისათვის საჭირო სამუშაოების შესრულებისათვის, თუმცა მათ უკვე შეიძინეს ერთ-ერთი მსხვილი ქარხანა და ასეთივე მინი-ქარხნების მფლობელებს ურეკავენ, ხომ არ გაყიდით ბიზნესსო. ხვდებით ალბათ, რასთანაც გვაქვს საქმე. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს თურქული კომპანია საშუამავლო კომპანიასთან დაახლოებული კომპანიაა“, - აცხადებს ერთ-ერთი „კოოპერატივის“ მფლობელი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „2020NEWS“ “ჯორჯიან მანგანეზის” დროებით მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს დაუკავშირდა.

„მათი მთავარი მოთხოვნაა ფასის მომატება და მეორე მოთხოვნა ის არის, რომ მანქანებმა იმოძრაონ ქალაქში. ქალაქის მოსახლეობამ მოითხოვა მარგანეცით დატვირთული ავტომანქანების აკრძალვა და ეს მოთხოვნა შევასრულეთ. ეს შესრულება საკმაოთ დიდი თანხები დაუჯდა კომპანიას. დიდი ინვესტიცია ჩავდეთ - კომპანიამ მოაწყო საკმოდ დიდი ინვესტიციის მადნის მისაღები უბანი, გააკეთა რკინიგზა და ა.შ. ჩვენ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ, არც არაფრის მომატებას და არც ახალი ტერიტორიების გამოყოფას. დანარჩენი ქალაქმაც უნდა გადაწყვიტოს - გაუშვებენ თუ არა მანქანებს, ჩვენ არ ვაპირებთ. სამუშოა ძალიან ბევრი, თუ უნდათ მუშაობა. იმ ადგილებში, სადც ისინი ითხოვენ, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის, ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ მივცემთ ვერანაირ მიწას. ჩვენ მათ შევთავაზეთ გაეფორმებინათ ხელშეკრულებები, რაზეც არ წამოვიდნენ. ახლა ბურთი მათ მხარეს არის“, - განუცხადა „2020NEWS“-ს “ჯორჯიან მანგანეზის” დროებითმა მმრთველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

ჩიქოვანი არ ადასტურებს, რომ ქალაქში თურქული კომპანია შემოიყვანეს.

„რომელი თურქულია კომპანიაა შემოყვანილი? ან რომელი თურქია, რომ იძახიან ვიღაც-ვიღაცები?! რა განცხადებაა ეს?! ამაზე პასუხი იმათ მოკითხეთ, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს. მე ვიცი ერთი ქართველია შემოსული, რომელსაც თურქს ეძახიან ესენი. სადღაც მოვისმინე თუ წავიკითხე, აღარ მახსოვს, იძახიან თურქ-სელჩუკები შემოგვესივნენო, ასეთი ცუდი განცხადებები კეთდება“, - ამბობს ნიკოლოზ ჩიქოვანი და დასძენს, რომ იმ „ქართველის“ და არა თურქის კომპანია ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით შეარჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურაში მადნის მომპოვებელი მცირე კომპანიები 4 დღეა გაფიცულები არიან და „ჯორჯიან მანგანეზს“ ერთკვირიან ვადას აძლევენ. მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, უფრო მასაშტაბურ აქციებს აანონსებენ. ამ დროისათვის კერძო კომპანიებში, ე.წ. „კოოპერატივებში“ დაახლოებით 2000 ადამიანია დასაქმებული. ამ კომპანიების გაჩერების შემთხვევაში ეს ადამიანები შემოსავლის გარეშე რჩებიან.