აგარჩიეს ყველაზე ცუდებიდან და გადაგიყვანეს სასამართლოში - გოგიჩაიშვილი მიქაუტაძეს
აგარჩიეს ყველაზე ცუდებიდან და გადაგიყვანეს სასამართლოში - გოგიჩაიშვილი მიქაუტაძეს

A+ A-

17:25 22/10/2019

გაყინული სახით კი ზიხართ, ვითომ სიმშვიდეს ინარჩუნებთ, არადა დარწმუნებული ვარ, საშუალება რომ მოგცეთ, თითოეულ ჩვენთაგანს ჯვარს გვაცმევდით“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა გიორგი იმქაუტაძე წარსული საქმიანობის გამო მკაცრად გააკრიტიკა, მას ზონდერ მოსამართლე უწოდა და აქვე დასძინა, რომ ის უზენაეს სასამართლოში იმიტომ სჭირდებათ, რომ ყველაფრის შემსრულებელია.

„2006 დან 2010 წლამდე რომ მუშაობდი ყველაზე ბინძურ უწყებაში, რაც იყო საქართველოს პროკურატურა. პირდაპირ იყო კონვეირი ადამიანების გაუბედურების. უბინძურესი იყო პირდაპირი მნიშვნელობით - ქონების წართმევა, დაშანტაჟება, ფარული თვალთვალი. რამდენი ნორჩი ლენინელი ჰყავდათ, აგარჩიეს ამ ყველაზე ცუდებიდან და გადაგიყვანეს მერე უკვე სასამართლოში. ეს ადამიანი ახლა ზიხართ აქ და იმის თქმასაც კი ვერ ბედავთ, რომ ის, რაც იყო, იყო ცუდი და ამის გამო ვიხდი ბოდიშს. ახლა ზიხართ ასეთი გაყინული სახით, ვითომ ინარჩუნებთ სიმშვიდეს, არადა დარწმუნებული ვარ, საშუალება რომ მოგცეთ ჯვარს გვაცმევდით თითოეულ ჩვენთაგანს, მაგრამ ამის საშუალება თქვენ აღარასოდეს გექნებათ. იმ პროკურატურაში რომ მუშაობდით, არ გრცხვენიათ? მერე იყავით ჩვეულებრივი შემსრულებელი, ზონდერ მოსამართლე იყავით, არ გეწყინოთ, მაგრამ მართლა ასე იყო ეს ამბავი, რადგან ყველაფერს, რასაც გეტყოდნენ გააკეთებდით. ვატო შაქარიშვილი მაშინ 19 წლის ბიჭი იქნებოდა, რომელი ყარამან ყანთელი ეს არის, „ნაციონალური მოძრაობა“ ისე აეწიოკებინა, რომ თქვენ ამ ფაქტმა ისე აღგაშფოთათ, დარწმუნებული ვარ, არც გამოგიკვლევიათ, ისე გაუშვით 2 თვიანზე. დაჩი ცაგურია, რომელიც წელში გადატეხილი, დასისხლიანებული მოგიყვანეს, იქით დაადანაშაულეთ. აქ გარიგების გამო ზიხართ, ვიღაცას სჭირდებით, როგორც შემსრულებელი, პატივს კი არ გცემენ. არ გაღიარებენ ადამიანს, რომელსაც გაქვთ თქვენი შინაგანი სამყარო, სინდისი, პატივმოყვარეობა, რადგან გამბედავი ადამიანი არ სჭირდებათ. ამ სიბინძურეში კარგად გამოწრთვნილი ადამიანები შეგკრიბეს და დაგსვეს აქ“, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა გიორგი მიქაუტაძეს. ლევან გოგიჩაიშვილი ფიქრობს, რომ გიორგი მიქაუტაძეს შანსი არ აქვს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს, რადგან მას მხარდამჭერი დეპუტატების ხმები არ ეყოფა. „თქვენ რომ დაგტოვოთ ბატონო გიორგი, ზუსტად ის ამბები მოხდება ცოტა ხანში ამ ქვეყანაში, თქვენი გამოყენებით ზუსტად იგივე რეჟიმს შექმნიან, ზუსტად იმდენ პირად ცხოვრებას გადაიღებენ, ზუსტად ისე დააშანტაჟებენ მოქალაქეებს ამ ქვეყანაში.... ამიტომ არ არის თქვენი ყოფნა საჭირო უზენაესში. კი ბატონო, გამოცდა ჩააბარეთ, იყავით ადვოკატი, ვინ დაგიქირავებს ეს სხვა ამბავი იქნება. უზენაესი სასამართლო ყველაზე გამბედავი ადამიანებისგან უნდა იყოს შეკრებილი, არ შეიძლება თქვენნაირი გაუბედავი და იმ სიბინძურეში გამოვლილი ხალხით იყოს დაკომპლექტებული“, - მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გიორგი მიქაუტაძეს და პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა უნდა გაიმართოს, წარუმატებლობა უსურვა.

ლევან გოგიჩაიშვილის კრიტიკას გიორგი მიქაუტაძემ უპასუხა:

„ძალიან მარტივია, დეპუტატის გამოხატვის თავისუფლებას ამოფარებულმა მიაყენო შეურაცხყოფა ვისაც გინდა და რა ფორმითაც გინდა. ეს თქვენი არჩევანია, თქვენი შეფასებებია. მე არ დავიწყებ თქვენი ცხოვრების განხილვას ისე, როგორც თქვენ ჩემსას იხილავთ, დარწმუნებული ვარ, ათასი სირთულე გექნებათ გადალახული, სანამ მოხვედით დეპუტატობამდე. ყველა განვლილ დღეზე, ჩემს კარიერაში, პასუხისმგებელი ვარ, პირნათელი ვარ ჩემი სამსახურის წინაშე, რომელიც შესრულებული მაქვს. არ მივცემ ჩემს თავს უფლებას, მსგავსი ტონით გიპასუხოთ“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.