სამთავრობო ქალაქი აღარ აშენდება - “ოცნებამ“ გიორგი კვირიკაშვილის პროექტი დაივიწყა
სამთავრობო ქალაქი აღარ აშენდება - “ოცნებამ“ გიორგი კვირიკაშვილის პროექტი დაივიწყა

A+ A-

17:49 22/10/2019

2017 წლის მარტში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა დაანონსა. პროექტი ყველა სამინისტროს ერთ სივრცეში გააერთიანებას გულისხმობდა.

ყოფილი პრემიერის მიერ დაანონსებული მასშტაბური პროექტის მშენებლობას საფუძვლად შემდეგი მიზეზები ედო: ხარჯების ოპტიმიზაცია; ენერგოეფექტური შენობები; ეკონომიკურად მომგებიანი ფართების გამოთავისუფლება ქალაქის ცენტრში/მოქალაქეებისთვის მომსახურების გამარტივება; ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მომსახურების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანა; სამშენებლო სექტორის წახალისება.

პროექტის დაანონსებიდან დაახლოებით, სამი წლის შემდეგ, “2020NEWS“-თვის ცნობილი ხდება, რომ სამთავრობო ქალაქის მშენებლობა “ქართული ოცნებისთვის“ პრიორიტეტული აღარ არის. კითხვაზე, განხორციელდება თუ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაანონსებული პროექტი, მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტის გახორციელებაზე ამ ეტაპზე აღარ მუშაობენ.

“ამ ეტაპზე ამ თემაზე არ ვმუშაობთ“, - გვითხრეს მთავრობის ადმინისტრაციაში და დამატებით კითხებზე აღარ გვიპასუხეს.  

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ მოქმედი თუ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრების სიტყვებს ფასი არ აქვს, რადგან ყველა ნომინალური თანამდებობის პირია.

“ამ პროექტის განხორციელება დალაგებულ ქვეყანაში ცუდი არ არის, მაგრამ საქართველოსთვის სამთავრობო ქალაქის მშენებლობა პრიორიტეტული არ უნდა იყოს. ამ პროექტის განხორციელება ფინანსურად წამგებიანი არ უნდა იყოს, რადგან სამთავრობო ინფრასრუქტურის პრივატიზების შედეგად მიღებული თანხებით ასეთი ტიპის ქალაქის აშენება შესაძლებელია.

ამ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია განცხადებების ჯერ გაკეთება და შემდეგ დაპირებების დავიწყება. ხელისუფლების წარმომადგენელბის განცხადებებს სიმძიმე აკლიათ, რადგან ისინი არ იღებენ რეალურ გადაწყვეტილებებს. არც ერთი პრემიერის სიტყვას ფასი არ აქვს, რადგან ყველა ნომინალური თანამდებობის პირია“,- განაცახდა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, სამთავრობო ქალაქის მშენებლობა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის მარტში დაანონსა, რომელიც სავარაუდოდ, “ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში აღარ განხორციელდება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე