რუსეთი სირიიდან  საქართველოსკენ ტერორისტების გადაადგილებას  შეუწყობს ხელს? - ინტერვიუ დაზვერვის ყოფილ უფროსთან
რუსეთი სირიიდან  საქართველოსკენ ტერორისტების გადაადგილებას  შეუწყობს ხელს? - ინტერვიუ დაზვერვის ყოფილ უფროსთან

A+ A-

18:34 23/10/2019

რა საფრთხის მატარებელია რუსეთ-თურქეთის ლიდერების 10-პუნქტიანი შეთანხმება, დარჩა თუ არა მთავარ მოთამაშედ  შეერთებული შტატები რეგიონში,  შესაძლებელია თუ არა სირიიდან გამოქცეულმა „აისისის“ ტერორისტებმა  საქართველოს ტერიტორია  გადადგილებისთვის გამოიყენონ რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით, ამ და სხვა  პობლემურ საკითხებზე  “2020NEWS”  დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ბათუ ქუთელიას ესაუბრა.

_  რუსეთ-თურქეთის ლიდერების,  ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის 10 -პუნქტიან შეთანხმებას რა შედეგი მოჰყვება, გაიზრდება თუ არა რუსეთის წონა რეგიონში?

 _ ძნელია, წინასწარ ვისაუბროთ, რა შედეგი მოჰყვება. ერთი რამაა ძალიან მნიშვნელოვანი,  რუსეთის როლის გაზრდა რეგიონში, როგორც მთავარი წესების განმსაზღვრელის, ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში თავად თურქეთსაც მოუწევს რუსეთთან კონფლიქტში შესვლა.  ისტორიული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რუსეთთან ასეთი ტიპის ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკებების წარმართვა ყოველთვის ცუდად მთავრდება, რადგან რუსეთს განსხვავებული დღის წესრიგი აქვს პოლიტიკაში. ასევე, ჩვენთვის, ჩვენი  რეგიონის სტაბილურობისთვის ძალიან ცუდი იქნება,  თუ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების  გავლენა შემცირდება. თუმცა, ამის წინაპირობა არ არსებობს, რადგან ამერიკას აქვს სერიოზული სამხედრო ინფრასტრუქტურა  რეგიონში, თავისი საზღვაო ფლოტით,  იგივე თურქეთში. აქედან გამომდინარე, სირიიდან სამხედრო დანაყოფების გამოყვანა არ იძლევა იმ დასკვნების გაკეთები საშუალებას, რომ შეერთებული  შტატები რეგიონს ტოვებს. ეს უფრო ტაქტიკური გადაადგილებაა, ვიდრე - სტრატეგიული ცვლილება.

_ ამის დემონსტრირება იყო  გუშინ, ბათუმში ამერიკული  სამხედრო ხომალდის იუესეს პორტერი  შემოსვლა?

_დიახ, ამერიკის სტატეგიული ინტერესები რეგიონში კვლავ რჩება. ამერიკას აქვს სერიოზული სამხედრო თუ პოლიტიკური წარმომადგენლობა  აქ. ის, რაც ახლა ხდება სირიასთან დაკავშირებით, იგივე თურქებისა და რუსეთის როლის ერთი შეხედვით გააქტიურება,  მხოლოდ ტაქტიკური ცვლილებებია, სტატეგიული სურათი არ იცვლება! ამერიკა არის მთავარი აქტორი რეგიონში და ჩვენი მთავარი მოკავშირე!

სამხედრო თვალსაზრისით სტატეგიულ სურათში მარტო 30-კილომეტრიან ზოლის საზღვრის გაკონტროლებით არაფერი იცვლება. მომავალში ეს ხელშეკრულება რა შედეგს მოიტანს,  არ ვიცი. დღეს კი რეგიონში სტატეგიული ძალთა გადანაწილება არ შეცვლილა, იგივეა,  რაც ამ ხელშეკრულების დადებამდე იყო.

_ როგორი იქნება შტატების პრეზიდენტის, დონალდ  ტრამპის რეაქცია?

_ არ ვიცი, ახლა როგორი იქნება ტრამპის რეაქცია.  ფაქტია, ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  დროებით გვერდზე გამდგარიყო, ანუ თურქეთისა და სიირიისთვის მიეცა საკითხის მოგვარების საშუალება. თურქეთმა  რუსეთი შემოიყვანა მოთამაშედ... სტატეგიულ კონტექსტში კი ეს ნაბიჯი  რუსეთის რისკი უფროა, ვიდრე - ამერიკის.

_ რა გამოდის, ამ ქმედებით ამერიკამ ქურთებს უღალატა, როგორც ამას ტრამპის მოწინააღმდეგეები  აცხადებენ??

_ ამაზე დიდი დებატებია გამართული, თუმცა, სამწუხაროდ ეს დებატებიც პოლიტიზირებულია. ტრამპის პოლიტიკური ოპონენტების იძახიან, რომ ამერიკამ ქურთებს უღალატა. არის მეორე ნაწილის მოსაზრება, რომ ქურთებისთვის არ უღალატია. უბრალოდ, ამ კომპონენტში,  ამერკამ თურქეთის ინტერესების გათვალისწინებით, ქურთები გაარიდა  30 კილომეტრიან ზოლს. ამავდროულად, თურქებს დაუყენა პირობა, თუკი ისინი დაიწყებენ თავისი ინტერესების ქურთების წინააღმდეგ არალეგიტიმურად გამოყენებას, მაშინ მიიღებენ ძალიან მძიმე ეკონომიკურ სანქციებს. რეალურად უღალატა თუ არა, ამ დასკვნის გაკეთება დღეს არ შეგვიძლია, ვიდრე არ დავინახავთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში როგორ განვითარდება ეს პროცესი. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, თამამად შეგვეძლება საუბარი, რასთან გვაქვს საქმე.

_ საქართველოსთვის რა საფრთხეს შეიძლება, წარმოადგენდეს  პუტინი-ერდოღანის ხელშეკრულება?

_ საქართველოსთვის საფრთხეების პრიორიტეტი არ იცვლება. მთავარი საფრთხე არის რუსეთი, მისი აგრესიული პოლიტიკა. თუკი რუსეთი მოახერხებს ნებისმიერი რეგიონალური საკითხების გამოყენებას თავისი ტაქტიკური თუ სხვა ინტერესების გატარებისთვის აქ, მათ შორის შავ ზღვაზე, თურქეთთან ალიანსის გამყარებისა და  ჩრდიოატლანტიკური ალიანსის პოზიციების  შესუსტებისთვის, ეს ავტომატურად საქართველოს უსაფრთხოებაზე აისახება.

ამიტომაც, საქართველოს აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება მოუწევს იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესები არ იქნას უგულვებელყოფილი, როგორც ორმხრივად თურქეთთან ურთიერთობაში, ასევე შეერთებულ შტატებსა და ნატოსთან მიმართებაში.  გარდა ამისა, იმისთვის, რომ რუსეთმა ამ ეტაპზე თავისი გაზრდილი როლი ახლო აღმოსავლეთში არ გამოიყენოს  თავისი სხვა ინტერესების გასატარებლად, უნდა დაჩქარდეს საქართველოს ნატოში ინტეგრაცია. ასევე მნიშვნელოვანი იქნება თურქეთის მხრიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან  დაკავშირებით ღია პოზიციის გამოხატვა.

_ გავრცელებული ინფრომაციით, სირიაში აფეთქებული ციხიდან  ტერორისტული ორგანიზაციის „აისისი“ წევრები გაიქცნენ, მათ შორის არიან  ქართველებიც. ეს ფაქტი შეიძლება,  საქართველოსთვის უკვე  სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს.

_ ზოგაგად, ჩვენს რეგიონში ტერორიზმი არის საფრთხე, მათ შორის, საქართველოსთვისაც. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ფაქტი, რომელიც გაზრდის საფრთხეს საქართველოს ტერიტორია იყოს გამოყენებული ტერორიზმში ეჭვმიტანილი სუბიექტების გადაადგილებისთვის, არის ძალიან ყურადსაღები. პირდაპირ საქართველო ტერორიზმისთვის საფრთხე არ არის, მაგრამ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ტერორისტების აქტივობისთვის, საფრთხეა.  გვაქვს ძალიან ბევრი ფაქტი, რომ რუსეთის სპეცსამსახურები აქტიურად უჭერენ მხარს სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს და ამ საქმეში ცდილობენ, გამოიყენონ საქართველოს უსაფრთხოების იმიჯი.

_ ანუ შეიძლება, რუსეთთმა ტერორისტებს ხელი შეუწყოს  საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებაში?

_ რუსეთი ადრეც უწყობდა ხელს მათ გადაადგილებაში. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სპეცსამსახურების აქტიურობის შედეგად რაიმე მოხდეს, არსებობს.  განსაკუთრებით კი მაშინ, თუ იმასაც  გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურა და უსაფრთხოების არქიტექტურა მთლიანად მოშლილია. ბოლო ფაქტებმა: ჩატაევის საქმემ, მუხთარის საქმემ, დაადასტურეს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემა მძიმედ არის ინფიტრირებული რუსების მიერ.

რუსეთი, ბუნებრივია, დაინტერესებულია საქართველოს იმიჯის შელახვითა და  ზოგადად, რეგიონალური პრობლემების  საქართველოში გადმოტანით.  საქართველოში კი, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მოშლილია უსაფრთხოების სისტემა.

_ ანუ, თქვენ მიიჩნევთ, რომ  სახელმწიფო  უსაფრთხოების სამინისტრო ვერ შეძლებს საფრთხის  განეიტრალებას და შეიძლება, რუსეთის დახმარებით „აისისის“ ტერორისტებმა, რომელთა შორის ქართველებიც არიან,  ჩვენი ქვეყნის ტერიტორია გადაადგილებისთვის გამოიყენონ?

_ ქვეყნის უსაფრთხოება მარტო ერთი ორგანიზაციის, მარტო უსაფრთხოების, ან შინაგანი საქმეთა სამინისტროების პასუხისმგებლობა არაა. ეს არის მთლიანად საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება. ეს საკითხი ძალიან კომპლექსურია და  სჭირდება მჭიდროდ კოორდინირებული, ერთიანი სამთავრობო პოლიტიკა, რაც დღეს არ არსებობს. უშიშროების საბჭო მოშლილია და საკოორდინაციო გარემო არ არსებობს, ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ აქვს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურებოდეს და არა -  ერთი პოლიტიკური პარტიის ვიწრო ინტერესებს!