ვიცი რომ მინისტრი ვარ, შეხსენება არ მჭირდება - ეკატერინე ტიკარაძე
ვიცი რომ მინისტრი ვარ, შეხსენება არ მჭირდება - ეკატერინე ტიკარაძე

A+ A-

14:32 25/10/2019

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ის, რომ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დახმარება შეუწყდათ, სიმართლეს არ შეესაბამება. მინისტრის კომენტარის შემდეგ ჟურნალისტებმა კითხვა თემის დეტალებზე დასვეს, რის გამოც ტიკარაძემ ისინი თავის მოადგილესთან გადაამისამართა, რაც ჟურნალისტებმა გააპროტესტეს და ტიკარაძეს „შეახსენეს", რომ მინისტრი თავადაა.

„ვიცი, რომ მინისტრი ვარ და არ მჭირდება შეხსენება. გიპასუხეთ თქვენს კითხვაზე. როდესაც გადამოწმება დასრულდება, მათ განაცდური თვეები აუნაზღაურდებათ. რა თქმა უნდა, ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს ერთი-ორი თვე. მათ ამის შესახებ, რა თქმა უნდა, განვუმარტეთ. ეს არის 4-წლიანი ციკლი, რომელიც მეორდება და ისინი ყოველთვის არიან საქმის კურსში. იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება ეკუთვნის, ეს განაცდური თვეები მათ აუნაზღაურდებათ გადამოწმების შემდეგ. თქვენ არ ფლობთ სწორ ინფორმაციას. თქვენ ახლა ცდილობთ მოსახლეობა შეიყვანოთ შეცდომაში. გადამოწმება დაიწყო აგვისტოში, შესაბამისად, მათ 6 თვის წინ ვერ შეუჩერდებოდათ დახმარება. ახლა ჩვენ ვკამათობთ ისეთ აბსურდულ თემაზე, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის გეგმური გადამოწმება, რომელიც ყოველ 4 წელიწადში მეორდება და არ არის თანხების დაზოგვის მიზნით. მიზნობრივ ჯგუფებს ისევ დაენიშნებათ დახმარება. დეტალურ პასუხს ჩემი მოადგილე გაგცემთ", - განაცხადა ტიკარაძემ.