მეუფე იაკობით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს - გიორგი ტიგინაშვილი
მეუფე იაკობით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს - გიორგი ტიგინაშვილი

A+ A-

15:48 28/10/2019

საკითხი ვერ ამოიწურება მხოლოდ იაკობის ქორეპისკოპოსობიდან გადადგომით. აუცილებელია, რომ მეუფე იაკობის განცხადებებით პროკურატურა დაინტერესდეს, - ამის შესახებ “2020NEWS” თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა განუცხადა.

“როგორც ვიცით, მეუფე იაკობმა ნებაყოფლობით დატოვა თანამდებობა. ქორეპისკოპოსობა იყო, მისი საპატრიარქოს უწყებასა და ადმინისტრაციაში არსებული თანამდებობა, რომელიც პრინციპში არ არის არავითარ შეხებაში სასულიერო წოდებასთან. იაკობის გადადგომა იყო უფრო მენეჯმენტის საკითხი. შესაბამისად, იურიდიული თვალსაზრისითაც პასუხისმგებლობის საკითხი გაცილებით მწვავედ უნდა დაისვას. ეს არ უნდა დასრულდეს მხოლოდ ქორეპისკოპოსობიდან გადაყენებით, რადგან მეუფე იაკობმა ცილისმწამებლურად, ყოველგვარი არგუმენტების, სამხილებისა და მტკიცებულებების გარეშე, საკუთარ თანამწირველ ძმებს, ანუ კოლეგებს, მღვდელმთავრებს შემაძრწუნებელ საკითხში დასდო ბრალი. ამავდროულად, იაკობმა სახელისუფლებო და სამთავრობო ძალებს კონსპირაციულ შეთქმულებაშიც დასდო ბრალი. ამდენად ეს საკითხი ვერ ამოიწურება მხოლოდ იაკობის ქორეპისკოპოსობიდან გადადგომით. აუცილებელია, რომ მეუფე იაკობის განცხადებებით პროკურატურა დაინტერესდეს და მოკვლევა დაიწყოს. გამოიკითხონ ის ფიგურანტების, რომლებიც დასახელდნენ ამ ისტორიაში“, - განაცხადა ტიგინაშვილმა.

“2020NEWS”-თან საუბარში თეოლოგი აცხადებს, რომ მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება უკავშირდება იმას, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი შტო მას პატრიარქის მოსაყდრედ განიხილავდა.

“მე ვფიქრობ ეს არის ინტერპრეტირებული სიმართლე, ეპიზოდურად მოკრებილი. შესაძლოა, რაღაც რაციონალური მარცვლები არის ამ ნარატივში, მაგრამ საბოლოო ჯამში, განაწყენებული ადამიანის მიერ ინტერპრეტირებულ სიმართლესთან გვაქვს საქმე, რომელიც დარჩა ხელმოცარული იმის გამო, რომ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი შტო ლობირებდა, რათა დასახელებულიყო საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის თანამდებობაზე და რადგან ვერ მოხდა მეუფე იაკობის აღნიშნულ პოზიციაზე გაყვანა, ახლა ალაპარაკდა. კანონიკური თვალსაზრისით მოსაყდრის ინსტიტუტი არის სრული აბსურდი და კანონდარღვევა. ვფიქრობ, მეუფე იაკობს ჯერ კიდევ გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში გაუფუჭდა ურთიერთობა, მას შემდეგ რაც აღზევდა და დაწინაურდა გახარია, იაკობი აანონსებდა, რომ გახარიას “ააყირავებდა“. შესაბამისადმ ვფიქრობ, რომ იგი ცდილობს დესტაბილიზაციის, შფოთვის შემოტანას, როგორც ხელისუფლებისთვის ისე ეკლესიისათვის. ეს არის მეუფე იაკობის რევანში და მან ფაქტიურად ეს დაანონსა“, - განაცხადა ტიგინაშვილმა.

თეოლოგის თქმით, წმინდა სინოდის სხდომა უნდა გაიმართოს და მეუფე იაკობის განკვეთა უნდა მოხდეს ეკლესიიდან. “მოლოდინი მაქვს იმგვარი, რომ დიდი ალბთობით წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდება. თუკი საქართველოს ეკლესიაში კანონი უზენაესია და თუკი მართლწესრიგი ვინმეს აღელვებს, მაშინ უპირობოდ მეუფე იაკობის განკვეთა უნდა მოხდე, თუმცა მეუფე იაკობის გაწმენდის პროცესი ასე არ უნდა დასრულდეს, რადგან ეკლესიას მთელი რიგი სისტემური გამოწვევები უფრო აქვს, ვიდრე ცალკე აღებული მეუფე იაკობია. იაკობი არის პროდუქტი და ნაყოფი იმ რეჟიმისა, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჩამოაყალიბა, როგორც ერთმართველმა აბსოლუტმა“, - განაცხადა ტიგინაშვილმა.

თეოლოგი არ გამორიცხავს,რომ ქორეპისკოპოსის თანამდებობის დატოვების შემდეგ მეუფე იაკობმა გაცილებით მეტ საკითხზე ისაუბრობს, თუმცა ფიქრობს, რომ იაკობი საჭირო მტკიცებულებებს, არგუმენტებს ვერ წარადგენს.

ტიგინაშვილის თქმით, მეუფე იაკობმა აქამდე მის მიერ დაანონსებული “მხილების“ ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარადგინა. ამიტომაც უნდობლობას იწვევს.

“შესაძლოა მეუფე იაკობმა განაწყენებული ადამიანის პოზიციიდან გაცილებით მეტ დეტალებზე ისაუბროს, თუმცა მნიშვნელოვანი,ა რამდენად წარმოადგენს იგი არგუმენტებს. ერთია საუბარი და რიტორიკა, მეორეა მტკიცებულებები. ვეჭვობ, მეუფე იაკობს ასეთი არაფერი არ გააჩნია, რადგან იგი პერიოდულად აანონსებს სხვადასხვა ტიპის გარდაქმნებს, მხილებას, გაწმენდა. პრაქტიკულად, მან ვერცერთხელ ვერ დაადასტურა მის მიერ ინიცირებული პრობლემების ნამდვილობა. ამიტომ მეუფე იაკობი არ იწვევს ნდობას და იმთავითვე აღძრავს ეჭვებს, გარე დათვალიერებითაც ჩანს, რომ არის ავანტიურისტი“, - განაცხადა ტიგინაშვილმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პატრიარქის სკანდალურმა ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა მისი სკანდალური განცხადების შემდეგ აღნიშნული თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. ამის შესახებ მეუფე იაკობმა დღეს პატრიარქთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა. ცნობისთვის, 26 ოქტომბერს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ.