რუსეთი მიშათი საქართველოს კიბერსივრცეს ამოწმებდა?! - ინტერვიუ  კიბერუსაფრთხოების სპეციალისტთან
რუსეთი მიშათი საქართველოს კიბერსივრცეს ამოწმებდა?! - ინტერვიუ  კიბერუსაფრთხოების სპეციალისტთან

A+ A-

14:08 29/10/2019

გუშინ, ქვეყანაში  მომხდარი  კიბერშეტევის შედეგად დაახლოებით 15 ათასი ორგანიზაციის ვებ-გვერდი გაითიშა.  “2020NEWS“ დაინტერესდა, რამ გამოიწვია ასეთი მასშტაბური  შეტევა ქართულ ინტერნეტსივრცეზე.

 როგორც, სააგენტოსთან  საუბარში კიბერუსაფრთხოების კონსულტატმა, ანდრო გოცირიძემ განაცხადა, შესაძლოა,  საკაშვილის ფოტოთი კიბერშეტევა  ყურადღების გადატანის ოპერაცია იყო, რეალურად კი  რუსეთი საქართველოს კიბერსივრცეს ამოწმებდა.

_ 2008 წლის შემდეგ საქართველოში ასეთი მასშტაბური კიბერშეტევა პირველად განხორციელდა. თქვენ  აზრით,  რას უკავშირდება  ქართულ ინტერნეტსივრცეზე ამ ტიპის თავდასხმა?

_ პირველი, რაც მინდა ვთქვა, ეს არ იყო მაღალტექნოლოგიური კიბერშეტევა.  პირიქით, საკმაოდ დაბალი დონის ტექნოლოგიური შეტევა გახლდათ. ამხელა მასშტაბი იმიტომ  შეიძინა,  რომ  ჰოსტინგის პროვაიდერზე მოხდა კიბერთავდასხმა. შესაბამისად,  რა ვებ-გვერდებიც იყო დარეგისტრირებული, ყველა გაითიშა. ეს არის ძალიან მარტივი ტექნოლოგიური შეტევა, რეალურად დაიყვანება იქამდე, რომ მხოლოდ ვებ-გვერდის პირველი გვერდი იცვლება.

თუმცა , ბუნებრივად მიიღო სკანდალური სახე, რადგან  გაითიშა ისეთი ინტერნეტ-გვერდები, რომლებიც სახელმწიფოს სიმბოლოა.  მაგალითად: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდი, სასამართლოებისა და ადგილობრივი თვითმართველობების ინტერნეტ-გვერდები. ამიტომ მიიღო მასშტაბური სახე. თუმცა, ასეთი დიდი კიბერშეტევა პირველი არაა 2008 წლის შემდეგ.  2015 წელსაც საკმაოდ მასშტაბური შეტევა იყო. უბრალოდ, გუშინდელმა რეზონანსი შეიძინა.

_ თუ გაქვთ ინფორმაცია რა ტექნიკური საფრთხე  შეექმნათ გათიშულ ვებ-გვერდებს?

_ იმ ტიპის შეტევა, რაც გუშინ იყო,  ანუ დარეპორტებული ვებ-გვერდები,  გულისხმობს მხოლოდ მათი პირველი გვერდის შეცვლას.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სატელევიზიო მაუწყებლის კომპიუტერული ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა.  როგორც წესი, ამ ტიპის შეტევები ასეთ შედეგს  არ იწვევს.

არის ორი ვარიანტი - ან, რაღაც არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს კომპიუტერული ტექნიკის  დაზიანების შესახებ,  ან კიდევ სხვა ტიპის მოქმედება მიმდინარეობდა კიბერსივრცეში, რაც შეიძლება ამ შემთხვევასთან კავშირში სულაც არ იყო. თუმცა, როდესაც მასმედიის წარმოამდგენლებზეა შეტევა,  ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ფაქტორია.

_რაზე მიანიშნებთ,  მასმედიაზე კიბერშეტევით სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფრვა მოხდა?

_ რა თქმა უნდა,  შეიძლება, ყოფილიყო ყურადღების გადატანის ოპერაცია და ამ დროს, მაგალითად  მტრული სახელმწიფო სულ სხვა მოქმედებებს ახორციელებდა შენს კიბერსივრცეში. შეიძლება იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონდა, რომ მოქალაქეებს სახელმწიფოს მიმართ რწმენა შეურყიონ. შესაძლებელია, ხულიგნობის ფაქტიც ყოფილიყო. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რადგან ფართო მასებს შეეხო ეს შეტევა, არასწორად ჩათვალეს,  რომ შეტევა იყო მეტისმეტად ძლიერი.   საკმაოდ დაბალი დონის  ტექნოლოგიური შეტევა გახლდათ.  

_ როგორ ფიქრობთ,  თუ დაბალი დონის კიბერშეტევა იყო,  ეს შეტევა აქ დაიგეგმა და  საქართველოს ტერიტორიაზევე  განახორციელეს,  თუ გარე ფაქტორების დახმარებით?

_ ჩვენ ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვცხოვრობთ, რომ გარე ფაქტორების გამორიცხვა, მითუმეტეს, ჩვენი მეზობელი ქვეყნის  აგრესიული ბუნებიდან გამომდინარე, არის ყოვლად წარმოუდგენელი. თუმცა, პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს და შეიძლება, ვერც იქნას მოპოვებული.

ყოველ შემთხვევაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთი ტიპის მოსინჯვით, სავსებით შესაძლებელია, უფრო დიდი შეტევისთვის ამზადებდეს მეზობელი თავის თავდასხმის ობიექტს,  ან სულაც უბრალოდ ყურადღების გადასატანი  ფანდი იყოს.

_ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა კიბერუსაფრთხოება შეამოწმა?

_ არ ვიცი, მაგრამ  ამის გამორიცხვა წარმოუდგენელია.

_ როგორ უნდა დაიცვას საქართველომ თავი კიბერშეტევისგან?

_ საერთოდ, ცნობიერების ამაღლებაა საჭირო. მნიშვნელოვანია, აღქმა არსებობდეს, რომ კიბერუსაფრთხოება არის ძალიან სერიოზული პრობლემა  ჩვენი ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით კადრების სიმცირეც არსებობს და  კიბერუსაფრთხოების შესახებ  კანონმდებლობაც გასაახლებელია.

_ მსოფლიო რამდენად საფრთხის წინაშე დგას კიბერშეტევების მხრივ?

_ ინტერნეტში ხორციელდება სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბების 80-90%. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია მათი დაცვა. საქართველო, როგორც ევროატლანტიკური მისწრაფებების ქვეყანა, ვალდებულია, თავისი კიბერსივრცე დაიცვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სხვათაშორის, საქართველოში კიბერუსაფრთხოება საკმაოდ ნორმალურ დონეზეა. გუშინდელმა ინციდენტმა რწმენა არ უნდა შეგვირყიოს. ამ სფეროში ძალიან ჩამორჩენილები არ ვართ, თუმცა, თვითკმაყოფილების შეგრძნებამ არ უნდა შეგვიპყროს. ამ დაბალი დონის შეტევამაც გვაჩვენა, რომ სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდები უფრო მეტად დაცული უნდა იყოს.