6 ბინა თბილისში, კომერციული ფართები, ასი ათასი დოლარი საჩუქრად და დეპუტატის მანდატი “ქართული ოცნებისგან“
6 ბინა თბილისში, კომერციული ფართები, ასი ათასი დოლარი საჩუქრად და დეპუტატის მანდატი “ქართული ოცნებისგან“

A+ A-

127

00:15 13/10/2018

“ქართული ოცნების“ ამომავალი ვარსკვლავის და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი აქტივისტის ვანო ზარდიაშვილის ქონებრივი დეკლარაცია ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება.

6 ბინა თბილისში, ასი ათასი დოლარი საჩუქრად და დეპუტატის მანდატი „ქართული ოცნებისგან“, ასევე საჩუქრად! – ასეთია ზურაბ ადეიშვილის და ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ძალიან აქტიური წევრის და გულმხურვალე დამცველის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც ახლა საქართველოს პარლამენტის წევრი და იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა „ქართული ოცნებიდან“. ეკა ბესელიას პირველი მოადგილე ახლა გულმხურვალედ და თავდაუზოგავად ემსახურება პირად კეთილდღეობას და „ქართულ ოცნებას“.

ვანო ზარდიაშვილმა ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის 29 ივნისს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ზარდიაშვილის ოჯახის საკუთრებაში 6 ბინა და კომერციული ფართია. ამის შესახებ ვანო ზარდიაშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული. დეკლარაციის თანახმად, 6-ვე ბინის 100%-იანი მფლობელი ვანო ზარდიაშვილია, ხოლო კომერციულ ფართებს მისი მეუღლე თინათინ აბრალავა ფლობს.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2014 წელს ვანო ზარდიაშვილმა თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე 4 ბინა შეიძინა და თითოეულში 20 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. ბინების ფართები 49.00 – 49.00 კვ.მ-ია.

გარდა ამისა, ვანო ზარდიაშვილს ბინა 2013 წელსაც აქვს შეძენილი – თბილისში, რთველაძის #1-ში, რომელშიც 105000,00 დოლარი აქვს გადახდილი და მისი ფართი 160,00 კვ.მ-ია.

ზარდიაშვილს კიდევ ერთი 117,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა ბახტრიონის ქუჩაზე 2011 წელს 90000,00 დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება კომერციულ ფართს, ზარდიაშვილის მეუღლემ თინათინ აბრალავამ ის 2017 წელს 30000,00 დოლარად შეიძინა. 60,00 კვ.მ ის კომერციული ფართი თბილისში, ჩოლოყაშვილი #2-ში მდებარეობს.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ვანო ზარდიაშვილმა გასულ წელს, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო – 7 თვის განმავლობაში (01.01.2016 01.08.2016) 60566,00 ლარი მიიღო.

მისმა მეუღლემ თინათინ აბრალავამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან – 50200,00 ლარი, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, სადაც იგი ლექციებს კითხულობს – 7200,00 ლარის მიიღო.

რაც შეეხება წინა წლების შემოსავლებს, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა, ვანო ზარდიაშვილს 2015 წელს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, სადაც ის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე იყო, 73566.00 ლარი მიუღია. 2014 წელს ამავე თანამდებობიდან – 73411.00 ლარი. ხოლო 2013 წელს – 54899.00 ლარი. გარდა ამისა, 2013 წელს ზარდიაშვილს შემოსავალი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან აქვს მიღებული 5000.00 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება 2012 წელს, ვანო ზარდიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსის თანამდებობიდან – 25578.00 ლარი, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის მოადგილის პოსტიდან – 5397.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

დეკლარაციის შევსების მომენტში, ვანო ზარდიაშვილს “თი ბი სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 2500,00 ლარი, ხოლო თინათინ აბრალავას რესპუბლიკა ბანკის სახელფასო ანგარიშზე 2000,00 ლარი ჰქონდათ.

დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ ვანო ზარდიაშვილმა საკუთარი ავტომანქანა 6000,00 დოლარად გაყიდა.

გარდა ამისა, შემოსავლის გრაფაში ასევე აღნიშნული აქვს, რომ მამისგან, გელა ზარდიაშვილისგან მან 100000 დოლარი საჩუქრად მიიღო. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გელა ზარდიაშვილს ეს თანხა ბინის გაყიდვიდან მიუღია.

ვანო ზარდიაშვილის სახელზე ერთი, 110000,00-დოლარიანი იპოთეკური სესხია, რომელიც მას 2016 წლის ნოემბერში აუღია და ბანკისთვის გასულ წელს 107 000,00 დოლარი უკვე გადახდილი აქვს.

რაც შეეხება მის ბიოგრაფიას: ვანო ზარდიაშვილის CV-ის მიხედვით მისი სამსახურეობრივი კარიერა წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო და თავბრუდამხვევი კარიერაც მოიწყო. 2004 წელს ის თბილისის საოლქო სასამართლოში მუშაობდა, შემდეგ – იუსტიციის სამინისტროში, ამის შემდეგ კი – უშიშროების სამინისტროში, შემდეგ – პროკურატურაში, თბილისის მერიაში და საქალაქო სასამართლოში. ზარდიაშვილი გამოირჩეოდა კარგი შემსრულებლის იმიჯით. როგორც მისი ყოფილი თანაგუნდელები აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობიდან“, „ქართული ოცნების“ ამომავალი ვარსკვლავი ნებისმიერ დავალებას ასრულებდა, მათ შორის ბიზნეს კომპანიების დაშანტაჟებას და თანამშრომლებზე ზეწოლას.

ახალი ხელისუფლების პირობებში კი, კარიერული წინსვლა არ შეუწყვეტია და „ნაციონალური გამოცდილებით“ ჯერ აუდიტის სამსახურში მაღალი თანამდებობა შესთავაზეს „ქართული ოცნების“ ბოსებმა, შემდეგ კი მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში, 28-ე ნომრად მოხვდა და ახლა ეკა ბესელიას პირველი მოადგილეა იურიდიულ კომიტეტში.

პ.ს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 8 ბინიდან მის ქონებრივ დეკლარაციაში ორი შეტანილი საერთოდ არ არის. მის ქონებრივ დეკლარაციაში ასევე არაფერია ნათქვამი მისი ბიზნეს ინტერესების შესახებ, რითაც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დეპუტატი ახლა აქტიურად არის დაკავებული. „2020“ მისი ბიზნეს ინტერესების შესახებ ინფორმაციებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ!