ჭიათურაში აქცია "პური უფასოდ" გრძელდება
ჭიათურაში აქცია "პური უფასოდ"  გრძელდება

A+ A-

16:47 04/11/2019

ჭიათურაში უფასო პურის აქცია გრძელდება. ამის შესახებ “2020NEWS” აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მალხაზ ბიწაძემ განუცხადა. მისივე თქმით, უფასო პურის აქციის მაშტაბები იზრდება და მასში ჭიათურის კიდევ რამდენიმე სოფელი ჩაერთო აქციაში.

„უფასო პურის აქცია გრძელდება. ერთ წელზე მეტია ეს პროექტი დავიწყეთ და არ შეჩერებულა. პირიქით, რაოდენობებს ვამატებთ კონკრეტულ ლოკაციებზე. ამ დღეებში რაოდენობა გაიზარდა სოფლების - ზოდის, ხალიფაურის, წირქვალის, ქვედა ჭალვანის, ცხრუკვეთის, თვალუეთის, შუქრუთისა და პერევისის ლოკაციებზე. ამავდროულად, შრომისუნარიან მოქალაქეებთან მიმდინარეობს გასაუბრება, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიებთან და გავეცით რეკომენდაციები მათი დასაქმებისათვის. უკვე ბევრი ადგილობრივი დასაქმდა. ამავდროულად, ამ სოფლებში უკიდურესად გაჭირვებული უსინათლო ადამიანებს რეკომენდაცია გავუწიეთ საქართველოს უსინათლოთა კავშირთან და შესაბამის პროგრამებში ჩავსვით. ეს პროგრამები ითვალისწინებს საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებისათვის კომუნალური გადასახადების გადახდას, პენსიის დანიშვნას და სხვა“, - განაცხადა ბიწაძემ.

როგორც ბიწაძე აცხადებს, დღის განმავლობაში 350-400 ცალი პურის გაცემა ხდება.

“პურის მაქსიმალური რაოდენობა დღის განმავლობაში არის 500 ერთეული, თუმცა ამჟამად 350-400 ერთეული მიეწოდებათ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობაა. შესაძლოა, დღეში 450 პური გახდეს საჭირო, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ვიღაცეებს ვუწევთ შუამდგომლობას და ვასაქმებთ, რის შემდგომაც ეს ადამიანები პროგრამიდან თავისუფლდებიან. ეს განპირობებულია იმით, რომ როდესაც ოჯახს შემოსავლის წყარო უჩნდება, პროგრამიდან ავტომატურად იხსნება“, - განაცხადა ბიწაძემ.

შეგახსენებთ, ჭიათურაში საქველმოქმედო აქცია "პური უფასოდ" გასული წლის 14 ნოემბერს დაიწყო. მაღაზიებისთვის ეს პურები სპეციალურად მზადდება და 0.500 გრამს იწონის. მისი დამზადება ქველმოქმედებს 0.70 თეთრი უჯდებათ.