"იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა..."
"იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა..."

A+ A-

16:04 05/11/2019

"2020NEWS“  ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას აგრძელებს.  კიწმარიშვილის მოგონებები  უახლესი ისტორიის ძალიან საინტერესო ფაქტებს მოიცავს:

გაგრძელება:

ხელისუფლების დანებება არც ბადრისთვის შეიძლებოდა. მაშინვე ვფიქრობდი, რომ საქართველოში ბადრის გამარჯვება რუსეთის გამარჯვების ტოლფასი იყო. ამასთან, არც თუ სახარბიელო ბექგრაუნდი გააჩნდა, რომელიც რუსეთში კრიმინალურ გარჩევებს და ქონების გადანაწილებას უკავშირდებოდა.

საქართველოში ისეთი პერიოდი იდგა, რომ საქმის გასარჩევად კანონიერ ქურდებთან თავად პროკურორები დადიოდნენ და ქურდები მოსამართლეებს რესტორნებში სცემდნენ. ბადრი ამ სამყაროსგან შორს არ იდგა. მე მას ამ ტიპის ადამიანად განვიხილავდი, განსხვავებით იმ ინტელიგენციისაგან, რომელიც ჯერ ასლან აბაშიძეს ეთაყვანებოდა და მერე ბადრის უმართავდა რიტუალურ ცეკვებს.

  • ზურა დარჩი და ვიომოთ. ჩვენ ფინანსურად გვიჭირს, მაგრამ 2005 წლამდე სულს კბილებით მივიტანთ და შენ საპრეზიდენტო არჩევნებს მოგაგებინებთ.
  • კარგი, დავრჩები და ვიომოთ, დამთანხმდა ზურა ჟვანია.

 ამის შემდეგ მე და ზურა ერთხელ კიდევ შევხვდით ერთმანეთს და შეჯერებული გეგმით ბადრისთან ურეკში ერთად ჩავედით, სადაც მოლაპარაკებები რამდენიმე დღე გაგრძელდა.

ბადრიმ გვითხრა, რომ მზად არის ეს პროექტი განიხილოს, მაგრამ ითხოვს, რომ ახალ მემარჯვენეებსაც დაეკითხება.

  • “ახლები” ჩემი მეგობრები არიან, მე მათ ვერ ვეტყვი, რომ ახლა ჟვანიასთან დავმეგობრდი და თქვენთან ურთიერთობას ვწყვეტ, მეგობრების მიმართ ღალატი არ მჩვევია, - ამბობს ბადრი და ითხოვს, რომ პროექტში „ახლებიც“ ჩავრთოთ.
  • თუ შენ იმას გულისხმობ, რომ “ახლებს” ვეტოს უფლება აქვთ, მაშინ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, ვინაიდან დათო გამყრელიძე უარს იტყვის, რომ მისი ლიდერი ჟვანია გახდეს და თუ მათ გარეშე შეგიძლია გადაწყვეტილების მიღება, მაშინ დროს ვაჯანჯლებთ, - ვეუბნები ბადრის.

ამის შემდეგ ბადრი გვეკითხება, რომ რა გარანტია აქვს, როცა ეს პროექტი განხორციელდება, რომ შეთანხმებას დავიცავთ და პუტინივით არ მოვექცევით.

  • გარანტია არის ტელევიზია, რომელსაც აუცილებლად მიიღებ, ვპასუხობ მე.
  • ეს ბიზნესის სფეროა, მას პოლიტიკასთან საერთო არ აქვს. პუტინი ჩემი და ბერეზოვსკის პროექტი იყო, მაგრამ რაც გაგვიკეთა, ყველამ კარგად იცით. ამის გათვალისწინებით მე უფრო მყარი გარანტიები მჭირდება, რომ პირის გატეხვის შემთხვევაში, ეს ინსტრუმენტი თქვენს წინააღმდეგ გამოვიყენო, - ამბობს ბადრი და მივხვდი, რომ ასეთ ინსტრუმენტად რაიმე სახის კომპრომატს გულისხმობდა.
  • რა უნდა იყოს ისეთი კომპრომატი, რომ თუ კაცი პრეზიდენტი გახდება და შეთანხმების დარღვევას დააპირებს, რომ ამით შეაშინო და აიძულო, რამე ნაბიჯი არ გადადგას? პუტინის მაგალითიც, ხომ ამას მოწმობს?
  • კი, ეს ზოგადად ასეა, მაგრამ ისეთი კომპრომატებიც არსებობს, რომელსაც ვერც პრეზიდენტი აუვლის გვერდს.
  • მაგალითად?- ცნობისმოყვარედ ვკითხე.
  • აი, გენერალი ლებედი ხომ გახსოვთ? ის, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ელცინს, რომ მხარი დაუჭირა?

რა თქმა უნდა, ცნობილი გენერალი ყველამ ვიცოდით. ის შემდეგ კრასნოიარსკის გუბერნატორი გახდა.

  • ლებედთან ჩვენს პოლიტიკურ პროექტში მონაწილეობდა და შეთანხმება რომ არ დაერღვია ჩვენ მას პატარა ბიჭი გავაცანით, რომელიც მან გაჟიმა და ჩვენ ეს ფარულად ვიდეოკამერით გადავიღეთ.

ამის გაგონებაზე შოკში ჩავვარდი.

  • გამყრელიძემაც ბიჭი გაჟიმა, მის ერთგულებაში რომ ეჭვი არ გეპარება? - ვეკითხები ბადრის.
  • არა, არა, - იცინის და გვეუბნება, რომ გამყრელიძეს უნდა დავუმეგობრდეთ.

ამ გარანტიების თემაზე დისკუსიამ დიდი დრო წაიღო. საბოლოო ჯამში,  ბადრიმ რაღაც შეთანხმება დაწერა, რომელზეც ჟვანიამ ხელი მოაწერა და ეს ქაღალდი უცხოეთის რომელიღაც ბანკში დაიდებოდა და ბადრი მას იმ შემთხვევაში გამოიყენებდა, თუ ზურა მასთან შეთანხმებას დაარღვევდა.

 რომ ამ ფურცელზე რაღაც ბოდვები წერია, რომელსაც ბადრი რატომღაც დაცვის გარანტად მიიჩნევდა.

ბადრი თავს გვევლებოდა, სკუტერებით აჭარის სანაპიროსკენ გავცურეთ. ზურას მხრიდან ეს რისკიანი ნაბიჯი იყო, ასლანი მას აბრალებდა, რომ მის მოწამვლას აპირებდა. ჟვანია ამაზე ხითხითებდა ხოლმე.

უკან მოვბრუნდით და სადილზე ბადრი გვიყვება, რომ რუსეთში (რაღაც გააკეთა). მე ვუთხარი ნამდვილი ცისფერყანწელივით მოქცეულხარ-მეთქი.

  • რა ცისფერი? - უცებ დაიძაბა და ხმა გაუმკაცრდა.
  • ჰო, ჰო, ცისფერყანწელები, არ იცი, კაცო, ასეთი ლიტერატურული მიმდინარეობა არსებობდა.

არ იცოდა და ამიტომ ცისფერს ყური, რომ მოკრა დაიძაბა, ეგონა ცუდი რამე ვუთხარი.

  • რუსეთში მაგ დროს “სერებრიანნი ვეკ” იყო - ჩავთვალე, რომ რუსულ ლიტერატურაში მეტად ერკვეოდა.
  • რა “სერებრიანნი ვეკ”? _ აქეთ მეკითხება.

ამის შემდეგ მე და ზურა “სერებრიანნი ვეკს” ხშირად ვიხსენებდით ხოლმე.

სადილზე მე, ჟვანია, ბადრი და ვანო ჩხარტიშვილი ვისხედით. ბადრის ურეკში ერთი იაფფასიანი მომღერალი ქალი ჰყავდა ჩამოყვანილი, რომელიც ამ დროს მღერის და ამავე დროს საწყალი, გაცრეცილ ფეხსაცმელებიანი შუა ხნის კაცი ვიოლინოზე უკრავდა. ეს მევიოლინე, რომელიც ბათუმიდან ჩამოიყვანეს, ძალიან ჰგავდა აბესალომ ლორიას გმირს ფილმიდან “არ დაიდარდო”.

ეს ოთხი ადამიანი სუფრასთან ვსხედვართ და ეს საწყალი უკრავს. ზურა ძალიან დაითრგუნა: ბობოლები ვსაუზმობთ და ეს კიდევ რაღაც გროშების საფასურად გვართობს. ამის შემდეგ რამდენჯერმე ტკივილით გამახსენა ეს სცენა, გახსოვს რა საცოდაობას ვუყურებდითო?

ურეკში დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე ჩამოვიყვანეთ. დათო ძალიან გაღიზიანდა და არ სურდა პირველობა ზურასთვის დაეთმო. მან წინადადება წამოაყენა, რომ საუკეთესო გამოვლენილიყო და ამის შემდეგ გადაწყვეტილიყო, ვინ გახდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატი. ზურა წყნარად უსმენდა, არ ეკამათებოდა, მე ვაქტიურობდი და დათოს ვარწმუნებდი, რომ ზურას მეტი გამოცდილება აქვს. თუ გვინდა, რომ რაციონალურად ვიმოქმედოთ, ერთადერთი გამოსავალი ზურას პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენება იქნება-მეთქი.

თავდაპირველად დათო ბოლომდე არაფერზე გვეთანხმებოდა, გარკვევით არაფერს ამბობდა, მაგრამ დიდი კონსულტაციების შემდეგ, რომელიც კარგა ხანს გაგრძელდა,  ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ პროექტის რეალიზებას ჩვენი გეგმის მიხედვით შევუდგებოდით.

შესათანხმებელი დაგვრჩა ტელევიზიის გასაყიდი ფასი. ეს შეთანხმება ჩემსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის უნდა მომხდარიყო. ჩხარტიშვილმა კუნძულ როდოსზე დამპატიჟა, სადაც მე ჩავედი და რაღაც თანხაზე შევთანხმდით. ფულს 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მივიღებდით. მას შემდეგ, რაც ჩვენი გათვლით, ჟვანია საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებდა. გახარებულმა ვანომ ბადრის დაურეკა და აცნობა, რომ აი, ამ ფასზე ჩამოვყალიბდით.

მე ჩემის მხრივ პარტნიორებს დავურეკე, რომ აი, ამდენ თანხაზე მოვილაპარაკეთ. 

შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო ის, რომ ბადრი ტელევიზიას არ გააკეთებდა და პროექტი „რუსთავი 2“-ის საშუალებით განხორციელდებოდა.

რეალობა სხვაგვარად წარიმართა. 2002 წლის შემოდგომიდან სულ მესმოდა ხმები, რომ ეთერში გასასვლელად ორი ტელევიზია ემზადებოდა. ერთს ზაზა შენგელია აკეთებდა, მეორეს თავად ბადრი. თავდაპირველად ბადრის ტელევიზიას ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი აკეთებდა, მერე ეს საქმე სხვას გადააბარა.

რუსეთში როცა მეგობარ ჟურნალისტებს ვხვდებოდი, მეუბნებოდნენ, რომ სულ მალე ეთერში ბადრის მაგარი ტელევიზია გავიდოდა და მეკითხებოდნენ, მასთან კონკურენციის მეშინოდა თუ არა.

ბადრი ყველაფერს უარყოფდა: არა, რა სისულელეა, არანაირ ტელევიზიას არ ვაკეთებ. ვეუბნებოდი, რომ ჩხარტიშვილი აკეთებდა ტელევიზიას.  მე არაფერი ვიციო, მპასუხობდა.

ეჭვი გამიჩნდა, რომ რაღაც არასასურველი ხდებოდა, თუმცა ამის გამო,  ბადრისთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია.

ბადრის ოფისში ვიკრიბებოდით და იქ უკვე მოქმედების დეტალებს განვიხილავდით. ხანგრძლივი დისკუსია გვქონდა, თუ რა რაოდენობის ფინანსები დაჭირდებოდა ზურას პოლიტიკურ პარტიას წარმატების მისაღწევად. მე ვცდილობდი, ზურასთვის რაც შეიძლება მეტი ფინანსები გადაეხადა.

ნოემბერში ბადრის შევთავაზე, რომ ახალ წელს ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია მოგვეხდინა. მთელი ქრისტიანული სამყარო შობას ოჯახებში ნათესაურ წრეში აღნიშნავს, ხილო ახალი წელი საერთო სახალხო დღესასწაულად ითვლება და მას მთელი მსოფლიო ქუჩებში ზეიმით ხვდება. კომუნისტები შობის ღიად აღნიშნვას ეწინააღმდეგებოდნენ და ქართველები შობის მსგავსად, ახალ წელს აღნიშნავდნენ. ყველანი საკუთარ ოჯახებში საცივის და ღვინის  თანხლებით, ძველ წელს აცილებდნენ და ტელევიზორში „სტარიე პესნი ო გლავნომს“ უცქერდნენ, რომელიც “ირონია სუდბი, ილი ს ლიოგკიმ პარომ” კინოფილმთან ერთად,  ახალი წლის უცვლელ ატრიბუტად იქცა.

ჩემი გეგმით, ჩვენ შეგვეძლო ბადრის არტ-იმედის საშუალებით, ქუჩაში გრანდიოზული ცოცხალი კონცერტი მოგვეწყო და ახალი წლის შესახვედრად ხალხი სახლებიდან გამოგვეყვანა. 100 ათასობით მოქალაქე ახალ წელს შეხვდებოდა ისე, როგორც ამას მთელ მსოფლიოში აკეთებენ და კონცერტის ფინალურ ნაწილში,  ზუსტად ღამის 12 საათზე სცენაზე ავიდოდნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე და გამყრელიძე!  ესენი ხელების ერთმანეთზე ჩაკიდებით და ზევით აწევით შეხვდებოდნენ ახალ წელს, ამ ყველაფრის კვინტენსაცია კი გახდებოდა სპეციალურად ამ მომენტისთვის შექმნილი ახალი სიმღერა.

საზოგადოება შევარდნაძის საახალწლო მიმართვის ნაცვლად უცქერდა ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, რომლებიც ერთიანობის დემონსტრირებას მოახდენდნენ და განაცხადებდნენ, რომ ახალგაზრდა თაობა საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი გუნდით წარდგებოდა.

ხელიხელჩაკიდებულ ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სურათები კი მომდევნო დღიდან ქუჩის ბილბორდებზე გამოიფინებოდა.

ბადრის იდეა მოეწონა და ყველანაირ თანადგომას დაგვპირდა. აღფრთოვანებული ჟვანია მეუბნება, რომ მან იცის ვის შეუძლია მსგავსი ღონისძიების საუკეთესოდ ორგანიზება და ზურამ სოფელ დიღომში მის სახლში დათო დოიაშვილი და ნიკა მემანიშვილი მოიყვანა.

ბუხრის პირას დავსხედით და მათ ავუხსენი დეტალურად, თუ როგორ წარმომედგინა პროექტის რეალიზაცია. გავწერეთ ბიუჯეტი, ამ თანხის ნაწილს მე ვიხდიდი, ნაწილს ბადრი, თუმცა ამათ ვეუბნები, რომ პროექტს მთლიანად მე ვაფინასებ, რადგან ბადრის ამის გახმაურება არ სურდა.

კონცერტი უნდა გაეხსნა სიმფონიურ ორკესტრს, რომელიც ვერდის “ნაბუქოს ებრაელ მონებს” შეასრულებდა. ერთია, რომ ეს უმშვენიერესი მუსიკაა, თუმცა ეს მუსიკა მე სხვა მხრივ გამოვარჩიე უფრო - ეს გახლდათ იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჰიმნი, თავისუფლების და გამარჯვების ჰიმნი. ამ სიმბოლური მუსიკით უნდა გაგვეხსნა კონცერტი.

ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე წუთით ადრე, ნანი ბრეგვაძეს და მის შვილს, ეკა მამალაძეს უნდა ემღერათ და ამ დროს სცენაზე ავიდოდნენ ეს პოლიტიკოსები.

ჩემი ვარაუდით ეს შევარდნაძის პოლიტიკურად დასამარებას გამოიწვევდა, რასაც თავადაც მიხვდა და გააფრთებულმა პრეზიდენტმა ჯერ გამყრელიძე-გაჩეჩილაძეს ათქმევინა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი, შემდეგ ჩხარტიშვილმა დამირეკა, რომ ბადრი პროექტს ვერ დააფინანსებდა და ბოლოს ბურჯანაძემ და ჟვანიამაც გადაიფიქრეს.

ჩვენ დამოუკიდებლად გავმართეთ ეს კონცერტი და ათიათასობით ადამიანი პირველად ქუჩაში ერთად შეხვდა ახალი წლის დადგომას, თუმცა გრანდიოზული ჩანაფიქრი შევარდნაძემ ჩაგვიშალა, რამაც ჩემთვის ღონისძიებას პეწი დაუკარგა.

ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით, რომ სინქრონიზებულად გვემოქმედა, თუმცა „ახალმა მემარჯვენეებმა“ დამოუკიდებელი მოქმედებები დაიწყეს. ამის პარალელურად ბადრიმ  ამ შეთანხმების საწინააღმდეგოდ ტელეკომპანია “იმედი” შექმნა. უფრო მეტიც, მათ “იმედზე” ჩემი ჟურნალისტების გადაბირება დაიწყეს, რაც რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნო იყო.

ბადრის ამ ნაბიჯებმა მაფიქრებინა, რომ იგი ახალი გეგმით მოქმედებდა და „ახალი მემარჯვენეების“ სეპარატიული ქმედებებიც ამით აიხსნებოდა.

ამასთან, გავრცელდა ხმები, რომ ბადრიმ „რუსთავი 2“ იყიდა, რაც დესტრუქციულად მოქმედებდა როგორც ჟურნალისტებზე, ასევე კომპანიის სარეკლამო შემოსავლებზე. მე ბადრის დავპირდი, რომ ჩვენს შეთანხმებას ტელევიზიის გაყიდვაზე საიდუმლოდ შევინახავდი და ამის გამო, ვერ ვამბობდი გავყიდე თუ არა „რუსთავი 2“.

საერთაშორისო ბაზარზე ტელეპროდუქციის ფასმა „იმედის” გამოჩენის შემდეგ კატასტროფულად მოიმატა. სატელევიზიო პროდუქციას ჩვენ ძირითადად რუსეთში ვყიდულობდით და ახლა კონკურენცია უნდა გამეწია პატარკაციშვილისთვის, რომელიც ტელეკომპანია ორტ-ს სრული ბატონ-ატრონი გახლდათ და სატელევიზიო სფეროში თითქმის ყველას იცნობდა.

ამავე პერიოდში მის ორბიტაზე გიორგი თარგამაძე გამოჩნდა, რომლის აბაშიძისგან გადმობირებას ბადრი მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და თარგამაძეს მომავალ პოლიტიკურ პროექტად განიხილავდა.

“იმედი” ეთერში გავიდა, რასაც მე წყნარად შევხვდი, ვინაიდან თავს ზევით ძალა არ იყო და რა უნდა მექნა?

მართალია ფინანსური თვასაზრისით “იმედი” დიდ რესურსს ფლობდა, მაგრამ ჩვენ ჟურნალისტებს თავისუფალი სამუშაო სივრცე შევუქმენით და თითოეული მათგანი იმას აკეთებდა, რასაც საჭიროდ მიიჩნევდა. მე მათ საქმიანობაში არანაირად არ ვერეოდი და როცა მათ არჩევანი მიეცათ - რა ერჩივნათ, თავისუფალ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება თუ “იმედის” მაღალი ხელფასები, აბსოლუტურმა უმრავლესობამ არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთა.

ოქტომბრის პირველ ნახევარში ჩემთვის უკვე სრულიად ცხადი გახდა, რომ “მოქალაქეთა კავშირი”, რომელსაც ამ დროს უკვე “ახალი საქართველო” ერქვა, საარჩევნო კამპანიისას ჩვენს არხზე არაფრის დახარჯვას აპირებდა, ანუ ყველაზე დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ჯგუფისაგან პოლიტიკური რეკლამა არ გვექნებოდა.

მანამდე მე რამდენჯერმე შევხვდი იმ ხალხს, ვინც 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს შევარდნაძის პარტიის წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავდნენ. ამ შტაბს ფორმალურად სახელმწიფო მინისტრი - ავთო ჯორბენაძე ხელმძღვანელობდა, რეალურად კი, მაშინ შევარდნაძის გარშემო იმდენად დიდი ქაოსი სუფევდა, იქ იმდენი პოლიტიკური ძალა დაჯგუფდა, თან ისეთები, მანამდე ერთმანეთს საერთოდ რომ არ ელაპარაკებოდნენ და ერთმანეთის დაუძინებელი მტრები იყვნენ, რომ სწორად მომართული მექანიზმის აწყობა და კამპანიის წარმართვა ძალიან ჭირდა.

შევარდნაძის საარჩევნო ბლოკს მთლიანად ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა.

ამ ნაბიჯით ბადრიმ კიდევ ერთხელ დაარღვია ჩვენს შორის არსებული შეთანხმება. ზურა ჟვანიას მხარდაჭერის ნაცვლად, 2003 წლის მეორე ნახევარიდან ძალიან აქტიურად დაუახლოვდა შევარდნაძეს. თუმცა, ის მარტო შევარდნაძის ბლოკს არ აფინანსებდა. მან, მისი აზრით, წაუგებელი ტაქტიკა აირჩია და ბადრიმ ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალის დაფინანსება გადაწყვიტა.

ბადრი, ძალიან მდიდარი ადამიანი, ცდილობს, რომ კვერცხი ყველა კალათში ჩადოს, ეგებ რამდენიმე მაინც მიიტანოს მიზნამდე. სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ბადრი ყველას ფინანსური დონორი გახდა,  ჟვანიას აძლევდა 200000 დოლარს.

გაგრძელება იქნება

 მსგავსი თემები:

1. რატომ მიდიოდა ზურაბ ჟვანია ემიგრაციაში და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ასლან აბაშიძეს, მიხეილ სააკაშვილს და შალვა ნათელაშვილს?

2. როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბადრი პატარკაციშვილი, ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია და სად იყო "რკინის კაცი" კახა თარგამაძე?

3. "შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა - დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“

4. ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, პომპადური, "ტიტანიკი" და "რუსთავი 2" - რას ნანობდა რუპერტ მერდოკი?

5. როგორ და რატომ მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი ედუარდ შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილამდე?

6. რა ურჩია ასლან აბაშიძემ ეროსი კიწმარიშვილს?

7. რატომ უგზავნიდა გია დვალი "რუსთავი 2“-ს ამერიკიდან ყოველთვიურად ასეულობით დოლარს?

8. ვინ არის "კურიერის" ნათლია და რატომ ქვია ყველაზე პოპულარულ არხს "რუსთავი 2" ?