დინამიურად და მრავალმხრივ იზრდება უსაფრთხოების გამოწვევები - საქართველოს თავდაცვის მინისტრი
დინამიურად და მრავალმხრივ იზრდება უსაფრთხოების გამოწვევები - საქართველოს თავდაცვის მინისტრი

A+ A-

11:47 06/11/2019

დინამიურად და მრავალმხრივ იზრდება უსაფრთხოების გამოწვევები,  - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩემთვის დიდი პატივია, თავდაცვის მინისტრის რანგში გიმასპინძლოთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენციაზე, რომლის ფარგლებშიც საშუალება მოგვეცემა, განვიხილოთ ჩვენს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ღიად ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე. ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს, პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს აქტიური მხარდაჭერისა და ძალისხმევისთვის. წლების მანძილზე საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარე რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხების განსახილველად მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ჩვენს მზარდ შესაძლებლობებთან ერთად, დინამიურად და მრავალმხრივ იზრდება უსაფრთხოების გამოწვევებიც, რაც მუდმივ ყურადღებასა და საპასუხო რეაგირებას მოითხოვს. ვაცნობიერებთ რა, მსოფლიო დინამიკაში არსებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს, პასუხისმგებლობით ვეკიდებით აღნიშნულ გამოწვევებს და ვმუშაობთ, რათა გავაღრმავოთ ცნობიერება ცვალებადი გლობალური გარემოს შესახებ, რომელიც თავისთავად მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებს. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წელს სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე მსჯელობას დაეთმობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის დაწყებამდე თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა.