მიგიყვანთ სასამართლოში და ვნახოთ, შემდეგ რას გამომიქვეყნებთ - თამარ ჯაფარიძე "2020NEWS"-ს ემუქრება
მიგიყვანთ სასამართლოში და ვნახოთ, შემდეგ რას გამომიქვეყნებთ - თამარ ჯაფარიძე "2020NEWS"-ს ემუქრება

A+ A-

19:44 06/11/2019

„მიგიყვანთ სასამართლოში და ვნახოთ, შემდეგ რას გამომიქვეყნებთ“, –  ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ თამარ ჯაფარიძე 2020NEWS-ს ემუქრება. ჯაფარიძის გაღიზიანება გამოიწვია ყოფილი ლუდომანისტის, ასოციაცია „არ ვითამაშოთ“ ხელმძღვანელის ზურა მორჩიაშვილის შემდეგმა კომენტარმა, რომელიც 2020NEWS-ში გამოქვეყნდა: “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგის პრეზიდენტი რომ არის. მან და მისმა თანამოაზრეებმა მიგვიყვანეს დღევანდელ დღემდე. კოალიცებს რომ ქმნიდნენ და ერთმანეთის ბიზნესებს მფარველობდნენ, ამის გამო ვართ ასეთ დღეში. ჩვენ ჩვენი ჯიბის ფულით შევძელით ჩვენი ორგანიზაციის დაარსება და შემდეგ სტიკერების დაბეჭვდა. ქალბატონ თამარს არ შეეძლო თავისი ფულით დახმარება? ნახეთ ჟურნალისტებმა, რა დაფინანსება და რა გრანტები აქვს მიღებული. აქციებს რომ აწყობენ, საინტერესოა, თანხები საიდან და როგორ გადმოირიცხა. ფული თუ აქვთ, ამ ბიჭების რეაბილიტაციას მოახმარონ“.

“2020NEWS” მორჩიაშვილის ბრალდებების თაობაზე თამარ ჯაფარიძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა, თუმცა გაღიზიანებულმა ჯაფარიძემ, თემით დაინტერესების გამო „მოსყიდულები“ გვეძახა. 

“მორჩიაშვილს სარჩელს შევუტან და იდავოს სასამართლოში. ახლავე შევიტან სარჩელს. მაგას ვუტირებ ყოფას. მან ნახოს, რა დაემართება. დავატოვებინებ საქართველოს“, - გვიპასუხა ჯაფარიძემ ტელეფონი გათიშა. მან რამდენიმე წუთის შემდეგ გადმორეკა და  რესპოდენტი და კორესპოდენტი ერთიანად გამოლანძღა.

თამარ ჯაფარიძე: “თქვენ, ჟურნალისტები რომ არა მყოლოდით ამ სამი წლის მანძილზე, თქვენი მხარდაჭერა რომ არ მქონოდა, ჩემი დაუღალავი შრომა რომ არ ყოფილიყო, ასეთი რეზონანსული ორგანიზაცია არ მექნებოდა.

- ზურა მორჩიაშვილი მოითხოვს, რომ თქვენი ორგანიზაციის  ბიუჯეტი გაასაჯაროოთ...

- მომისმინეთ, თქვენ ვინა ხართ, საერთოდ ის მითხარით. შენ რომ რეკავ თამრიკო ჯაფარიძესთან, იცი, თამრიკო ჯაფარიძეს რა ორგანიზაცია აქვს? მომისმინეთ, მორჩიაშვილი სასამართლოზე მობრძანდება და დამიმტკიცებს მე რა ბიუჯეტი მაქვს, ეს ერთი.  მეორე, თქვენ რომ რეკავთ, თქვენ არ იცით, მე ვინა ვარ? თუ არ იცით, მაშინ თქვენს კოლეგებთან მოიკითხეთ. მე შენთან საპოლემიკოდ არ დამირეკავს. მე გეუბნები ვინ ვარ. შენ ეტყობა, კარგად არ იცნობ თამარ ჯაფარიძეს და მის ორგანიზაციას. ჩემი ორგანიზაცია  სამოქალაქო ორგანიზაციიაა, რომელიც  “ენჯეო“ არა.  გულწრფელი სამოქალაქო ორგანიზაციაა. ასე გადაეცი მორჩიაშვილს და ასე ჩაიბეჭდე შენს თავში.

- ქალბატონო თამარ, რატომ მაყენებთ  შეურაცხყოფას?

- იცით, რამხელა შეურაცხყოფაა. თქვენ რა უფლება გქონდათ მორჩიაშვილმა ჯაფარიძეზე რომ გითხრათ და შემდეგ დამირეკოთ. შენ, რომ გითხრან ჯაფარიძე გიჟიაო, უნდა დამირეკო და მითხრა გიჟი ხარო? სამოქალაქო ორგანიზაციას რა ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს? შენ არ იცი, რომ ეს სამოქალაქო მოძრაობაა? თუ მორჩიაშვილი ვიღაცის კისერზე, რომ ზის - ალბათ, “მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“. ასე გადაეცი ახლა იმ შენს რესპოდენტს. ხვალ შემაქვს სასამართლოში სამოქალაქო დავა. მობრძანდეს და დამიმტკიცოს, მე რა ბიუჯეტზე ვზივარ.

- ბიუჯეტი არის საჯარო ინფორმაცია და შეგიძლიათ, გვითხრათ, თუ გაქვთ ბიუჯეტი, რამდენია?

- შედი და ნახე, საჯარო ინფორმაცია რომ არის, შენ მამაცხონებულო. ჩემგან რატომ ითხოვთ? მომისმინე ჩემო კარგო, ადამიანს, როდესაც რესპოდენტად არჩევ,  მისი ალი-კვალი უნდა იცოდე. ვის ურეკავ, რატომ ურეკავ, რა წარსული აქვს, გაინტერესებს რამე? გადაამოწმე?

- მაშინ მოგვიყევით...

- მოსყიდულ ჟურნალისტებს არ ველაპარაკები. სახელი და გვარი ჩამიგდე ვინ ხარ. მე მოვალ და მოგიკითხავ შენ ძალიან კარგად.

- რატომ გვემუქრებით?

- არ გადავდივარ მუქარაზე. მე გეუბნები, მოგიკითხავ, გადაგიშლი ყველაფერს - რა მაქვს ნაკეთები, რა არ მაქვს ნაკეთები, რა ბიუჯეტი მაქვს. ჩემი ბიუჯეტი ნული რომ არის და ერთი თეთრი რომ არ გამაჩნია. თუმცა, დიდი გული მაქვს. იმაშიც დარწმუნებული იყავი, რომ თამრიკო ჯაფარიძეს ვერაფერს უზამენ. ამაში იყავი დარწმუნებული. კოლეგები გყავს ჟურნალისტები და მათთან მოიკითხე თამრიკო ჯაფარიძის საქმიანობა. ადამიანი, რომელიც ამ საქმეს ხელს მოკიდებს და იქიდან ის ფულს აიღებს, ის არის ნაგავი და მე არ ვარ ნაგავი.

- მადლობა ქალბატონო თამარ, ამ ინტერვიუს გამოვაქვეყნებთ...

- კი ბატონო, მეც გამოგიქვეყნებთ და მიგიყვანთ სასამართლოში და ვნახოთ, შემდეგ რას გამომიქვეყნებთ. სადაც გინდა, იქ გამოაქვეყნე. თამრიკო ჯაფარიძის სიწმინდე ყველამ იცის. რაც გინდა, ის დაწერე“.            

რედაქციისგან: გასაგებია, როდესაც ადამიანს ბრალდებას გიყენებენ, სასიამოვნო თემა არ არის. თუმცა, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ გამოვიწვიეთ თამარ ჯაფარიძის  გულისწყრომა, როცა ჩვენ, პროფესიული სტანდარტების დაცვით, ორივე მხარეს მივეცით საშუალება, გამოეთქვათ  საკუთარი აზრი. 

მეტიც, "2020NEWS არათუ თამარ ჯაფარიძეს, არამედ ანა დოლიძესთანაც ცდილობდა დაკავშირებას, რადგან რესპოდენტი ზურაბ მორჩიაშვილი მასაც ემდურს, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ანა დოლიძესთან დაკავშირება ვერ შევძელით. სააგენტო მზადაა, მისი კომენტარიც უპრობლემოდ გამოაქვეყნოს და დაიცვას პრფესიული სტანდარტი.

ახლა დავუბრუნდეთ თამარ ჯაფარიძის შურაცხმყოფელ მიმართვებსა და მუქარებს: „მოსყიდულ ჟურნალისტებს არ ველაპარაკები. სახელი და გვარი ჩამიგდე, ვინ ხარ. მე მოვალ და მოგიკითხავ შენ ძალიან კარგად“. „მეც გამოგიქვეყნებთ და მიგიყვანთ სასამართლოში და ვნახოთ, შემდეგ რას გამომიქვეყნებთ“, -   აქ მთავარი ისაა, რომ რესპოდენტი თავად გადმოდის შეურაცხყოფაზე და „მოსყიდულებად“ გვთვლის. არადა, სულ რაღაც ერთი კვირის წინ, 30 ოქტომბერს, ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე წარმატებით გამოქვეყნდა  მასთან ინტერვიუ.

რაც შეეხება პრეტენზიას რესპოდენტის შერჩევის თაობაზე,  ვიტოვებთ უფლებას, აგიხსნათ, ქალბატონო თამარ - ჩვენ მოგეცით საშუალება, გეპასუხათ ბრალდებისთვის, პროფესიული სტანდარტის დაცვით, მაგრამ თქვენგან მივიღეთ დაუსაბუთებელი თავდასხმა.  საერთოდ კი, ჩვენი გადასაწყვეტია, რა თემა და რომელი რესპონდენტია საზოგადოებისთვის საინტერესო.

ცნობისათვის, აღნიშნული დაპირისპირება ყოფილი ლუდომანისტის, ზურაბ მორჩიაშვილის ინტერვიუმ გამოიწვია.