მიმდინარე პროტესტი ამტკიცებს, როგორი სასიცოცხლოა, დადგე ამ ჩრდილოვანი ძალების წინააღმდეგ - ლევან აკინი
მიმდინარე პროტესტი ამტკიცებს, როგორი სასიცოცხლოა, დადგე ამ ჩრდილოვანი ძალების წინააღმდეგ - ლევან აკინი

A+ A-

13:12 08/11/2019

აბსურდია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, სჭირდებათ იყვნენ მამაცები და ამავე დროს იყვნენ ძალადობის რისკის ქვეშ, მხოლოდ იმიტომ, რომ ფილმის სანახავად მიდიან. - ასე ეხმიანება ლევან აკინი მისი რეჟისურით გადაღებული ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით რადიკალი ჯგუფების წინააღმდეგობას, აგრესიასა და დაგეგმილ საპროტესტო ქმედებებს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

როგორც აკინი წერს, მან ეს ფილმი საქართველოსადმი სიყვარულს მიუძღვნა და ამ ფილმით მას სურდა ქართული კულტურისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება.

„ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, რა ხდება საქართველოში, And Then We Danced-ის პრემიერის დღეს, პარასკევს. ზოგიერთი ულტრა-მემარჯვენე ძალები და ეკლესია გეგმავენ, რომ შეაჩერონ ადამიანები კინოთეატრებში შესვლისგან, სადაც ყველა ბილეთი გაიყიდა. აბსურდია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, ჭირდებათ იყვნენ მამაცები და ამავე დროს იყვნენ ძალადობის რისკის ქვეშ, მხოლოდ იმიტომ, რომ ფილმის სანახავად მიდიან. მე ეს ფილმი სიყვარულითა და გულშემატკივრობით შევქმენი. ეს არის ჩემი სიყვარულის წერილი საქართველოსადმი და ჩემი მემკვიდრეობისადმი. ამ ამბით მსურდა ქართული კულტურისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, რომელმაც საკუთარ თავში ყველა უნდა მოიცვას და არა ზოგიერთი. თუმცა, საუბედუროდ, ცხოვრება ბნელ დროში გვიწევს და მიმდინარე პროტესტი ამტკიცებს, როგორი სასიცოცხლოა, რომ დადგე ამ ჩრდილოვანი ძალების წინააღმდეგ ნებისმიერი გზით“, - დაწერა ლევან აკინმა.

შეგახსენებთ, ქართულ-შვედურ-ფრანგული ფილმის ჩვენება საქართველოში მხოლოდ სამ დღეს, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებს სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.