დღეს “და ჩვენ ვიცეკვეთ“ 1500-ზე მეტი მაყურებელი ნახავს - რეჟისორი ფილმის ჩვენებას არ დაესწრება
დღეს  “და ჩვენ ვიცეკვეთ“ 1500-ზე მეტი მაყურებელი ნახავს - რეჟისორი ფილმის ჩვენებას არ დაესწრება

A+ A-

13:58 08/11/2019

თბილისისა და ბათუმის კინოთეატრში, დღეს ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება 20:00 საათზე გაიმართება.

როგორც “2020NEWS“-მა გაარკვია, ოსკარზე წარდგენილი ფილმის ნახვა ქართველ მაყურებელს სამი დღე - 8, 9 და 10 ნოემბერს შეეძლება.

სააგენტოსთან საუბარში კინოთეატრების პიარ-მენეჯერმა მაია სიხარულიძემ განაცხადა, ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, თუმცა ზუსტი რაოდენობის დასახელებისგან თავი შეიკავა. სააგენტო თავად შეეცადა გაერკვია, გაყიდული ბილეთების რაოდენობა.

როგორც “2020NEWS“-თვის გახდა ცნობილი, ფილმის ჩვენებას 1500-ზე მეტი მაყურებელი დაესწრება. 

როგორც მაია სიხარულიძემ სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს.

“კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. ცხადია, მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე. სწორედ ამიტომ ვთხოვთ, ვინც შეიძინა “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთები, ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად“, - განუცხადა მაია სიხარულიძემ “2020NEWS“ - ს.

აღსანიშნავია, რომ პრემიერას შემოქმედებითი ჯგუფი ვერ დაესწრება. ფილმის რეჟისორი ლევან აკინი, გადამღებ ჯგუფთან ერთად ლოს-ანჯელესში იმყოფება, სადაც წინასაოსკარო კამპანიაში არის ჩართული.

შეგახსენებთ, „ქართული მარში“ ფილარმონიასთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის მიზნით შეიკრიბება. ფილარმონიასთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის მიზნით შეიკრიბება. „ქართული მარშის“ გარდა, “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან მობილიზებას გეგმავს, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს. ფილმის ჩვენებას კიდევ ერთი ჯგუფი, ბიზნესმენ ვასაძის მხარდამჭერები გააპროტესტებენ. ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს.