ფილმთან “და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაკავშირებით, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების საფუძველზე, შსს-მ მოკვლევა დაიწყო
ფილმთან “და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაკავშირებით, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების საფუძველზე, შსს-მ მოკვლევა დაიწყო

A+ A-

14:55 08/11/2019

შსს დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას უკვე სწავლობს, – ამის შესახებ ​შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ცაციაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა. დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ კინოთეატრ „ამირანთან“ საპატრულო პოლიცია დღეს გამოიძახა. როგორც დიმიტრი ლოქრთიფანიძემ განაცხადა, კინოფილმის აფიშაზე „და ჩვენ ვიცეკვებთ“, არ არის დატანილი, რომ ფილმის ყურება 18 წლამდე ასაკის მაყურებლებისთვის დაშვებული არ არის.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ [And Then We Danced] პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ.  „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ  ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება  გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

შსს-ში  კი განმარტავენ, ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.