ავსტრალიაში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა
ავსტრალიაში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

A+ A-

10:37 09/11/2019

ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი პირი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ძლიერმა სტიქიამ 100-მდე საცხოვრებელი სახლი გადაწვა. არ გამორიცხავენ, რომ დაკარგულების რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

რეკორდული მასშტაბების ხანძარი ახალი სამხრეთ უელსის შტატში მძვინვარებს. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, რეგიონში ცეცხლის 135 კერა ფიქსირდება.

როგორც ადგილობრივი მეხანძრეები იუწყებიან, ცეცხლის ლიკვიდირებაში ხელს მეტეოროლოგიური პირობები უშლით. რეგიონში ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ +35 გრადუს ცელსიუსს უტოლდება, რასაც ემატება ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი.

ათასობით მოქალაქე ევაკუირებულია და სპეციალურ ცენტრებს აფარებს თავს. ხანძრის გამო ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქუინსლენდში მდებარე ციხიდან პატიმრების ევაკუირებაც განხორციელდა.

შეგახსენებთ, ახალ სამხრეთ უელსის შტატში მეხანძრეები რამდენიმე დღეა რეკორდული მასშტაბის ხანძარს ებრძვიან. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხანძრის 17-მა კერამ საგანგაშო დონეს მიაღწია. ხანძრის გაჩენიდან დღემდე 30-ზე მეტი ადამიანი, მაშ შორის 19 მეხანძრე, დაშავდა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნულ რეგიონში კოალების დაღუპვა ეროვნულ ტრაგედიას უტოლდება, რადგან ისინი უიშვიათესი სახეობის წარმომადგენლები იყვნენ. ამასთან ერთად, რეგიონში გენეტიკურად მრავალფეროვანი სახეობების კოალები ცხოვრობდნენ.