დღეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შეცდომა იქნებოდა - ნინო წილოსანი
დღეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შეცდომა იქნებოდა - ნინო წილოსანი

A+ A-

12:25 15/11/2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლანჩუხთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი დღეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შეცდომად მიიჩნევს და აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში თავის მოსაზრებას აქვეყნებს.

წილოსანი აღნიშნავს, რომ მან მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რადგან მიიჩნევს, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე პროპორციული საარჩევნო სისტემა აუცილებლად სჯობს არსებულს. ერთ-ერთ არგუმენტად წილოსანს, ევროპის მაგალითი მოჰყავს და აღნიშნავს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკურ კრიზისს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს კოალიციის შექმნის ისეთ მოდელს, რომელიც პირდაპირპროპორციული არ არის ამომრჩევლის გამოხატულ ნებასთან.

„2017 წელს გავაკეთე ჩემი არჩევანი პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ, როცა ჩვენი გუნდის ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ 2024 წლიდან საქართველო გადადიოდა წმინდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს იყო ჩემი გუნდის გაბედული ნაბიჯი, მზაობა ჩაკეტილი წრის გარღვევისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში კოალიციისა და კონსენსუსის პრინციპის დაფუძნების“, - წერს წილოსანი და აღნიშნავს, რომ დღეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შეცდომა იქნებოდა.

„თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა კეთილი ნება (ამ კეთილ ნებას მეც შევუერთდი), რათა ეს საკითხი კენჭისყრაზე დაეყენებინა“.

„შედეგად, გამოჩნდა, რომ ამ ინიციატივას არ ეყო საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა და პარლამენტმა ძალაში დატოვა 2017 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები. და ბოლოს, როგორც ყველა ჩვენი გადაწყვეტილება, ესეც თითოეული ჩვენგანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილია, რაც საბოლოო ჯამში, გარდაიქმნება ხალხის ნდობაში”, - წერს წილოსანი.