ჩემს ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებენ - კახა ოქრიაშვილი
ჩემს ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებენ - კახა ოქრიაშვილი

A+ A-

17:43 16/11/2019

დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

ოქრიაშვილის თქმით, იმის გამო, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერდა, მის მიმართ ზეწოლა ხორციელდება, გარკვეული პირები კი მისი ბიზნესის დაზიანებას ცდილობენ.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2006 წლიდან დღემდე, უცვლელად ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. ამის შესახებ გაცხადებული მაქვს არაერთი საჯარო ტრიბუნიდან, სადეპუტატო გამოსვლების დროს, მასმედიის ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელთან და რაც მთავარია, საკუთარ ამომრჩეველთან. მე მაქვს ჩემი აზრი და მყარი არგუმენტები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ და კვლავ ვრჩები ამ სისტემის მხარდამჭერად. მინდა, გამოვეხმაურო უპასუხისმგებლო, ფსევდოპოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც ჩემს შეხედულებებსა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს მიზანმიმართულად ურევენ ჩემს მფლობელობაში არსებული კომპანიების საქმიანობასთან, რითაც ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ჩემზე და ჩემს გადაწყვეტილებებზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ეს ფსევდოპოლიტიკოსები არიან მართულნი კონკრეტული გასამრჯელოს სანაცვლოდ და როგორც წესი, პოლიტიკაში ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ასრულებენ დაკვეთებს, კონკრეტული დივიდენდების მისაღებად. მათი სურვილია, დააზიანონ ჩემი ბიზნესი და ამით მაიძულონ, უარი ვთქვა ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებზე. ჩემი ხედვები დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე და არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვაჭრობას, საკუთარი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ,"- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კახა ოქრიაშვილი ერთ-ერთი იყო იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერდა. უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი 14 ნოემბერს გამართულ კენჭისყრაზე ჩავარდა, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია ხელისუფლებას საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს.