საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

A+ A-

10:19 20/11/2019

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში ხორვატიის ნაკრებთან დამარცხდა. მატჩი ხორვატიის ქალაქ პულაში გაიმართა და მასპინძელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ანგარიში ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა გახსნეს. მატჩის მე-18 წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა გოლი. 25-ე წუთზე  მასპინძლებმა საქართველოს ნაკრების კართან საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომლის შედეგადაც საკუთარ კარში ბურთი

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ჩაჭრა. მეორე ტაიმში, 53-ე წუთზე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს გამარჯვება თავური დარტყმით მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა, ივან პერიშიჩმა მოუტანა. ხორვატიის წინააღმდეგ გამართული წლის ბოლო ამხანაგური მატჩი ვლადიმირ ვაისმა შეაფასა.

"საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გამოვიდა, მაღალი დონის მეტოქე  გვყავდა. ხორვატიას ჰყავს ბევრი, ინდივიდუალურად ძლიერი, მოთამაშე, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ.  თამაში კარგად დავიწყეთ, გოლიც გავიტანეთ, თამაშსაც ვაკონტროლებდით, მაგრამ ორი  გოლი გავუშვით და დავმარცხდით. პირველ ნახევარში ჯიღაურს ჰქონდა გოლის გატანის 100-პროცენტიანი შანსი, 2-3 მომენტი მეორე ტაიმშიც გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ და ხორვატიამ 2:1 მოიგო. ვფიქრობ, რომ შეტევაში ცოტა გამოცდილება და ხარისხი დაგვაკლდა, ამიტომ დავმარცხდით“, - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

ხორვატიის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წელს გამოსვლა დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2020 წლის 26 მარტს გამართავს. ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს.