ქართული ტანსაცმლის მაღაზიამ პარლამეტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს 80 ცალი ქუდი აჩუქა
ქართული ტანსაცმლის მაღაზიამ პარლამეტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს 80 ცალი ქუდი აჩუქა

A+ A-

14:21 20/11/2019

ქართული ტანსაცმლის მაღაზიამ "ჩაცმა" პარლამეტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს 80 ცალი ხელნაკეთი ქუდი აჩუქა - ამის შესახებ ინფორმაცია  სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"ქვეყნის სამსახურში" ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ:

"ქართული ტანსაცმლის მაღაზიამ, საპროტესტო აქციების მონაწილეებს გამოგვიგზავნა 80 ცალი ხელნაკეთი, თბილი და ღუნღულა ქუდი. ქართული ბიზნესი ჩვენზე ზრუნავს! “ჩაცმა” შექმნილია თავისუფლებისა და თვითგამოხატვის იდეით, ამ იდეისთვის მებრძოლი ადამიანებისთვის. ვაცმევთ, მაშინაც, როდესაც მათ ამაზე ფიქრისთვის არ სცალიათ, უბრალოდ იმიტომ, რომ გარეთ ცივა.” 

ცნობისთვის, 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს, ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა, „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის, ვადამდელი პროპორციული არჩევნების დანიშვნისა და 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნებით.