რატომ ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილება?! - "2020NEWS"-ის ექსკლუზივი
რატომ ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილება?! - "2020NEWS"-ის ექსკლუზივი

A+ A-

14:51 20/11/2019

კავკასიის საკითხებში პოლიტიკის ექსპერტი მამუკა არეშიძე “2020NEWS“-ს ექსკლუზიურად აწვდის კულუარულ ინფორმაცის, რომელიც “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან მიიღო.

ექსპერტის თქმით,  დეპუტათა ნაწილმა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ “ქართული ოცნების“ ლიდერების დაპირების მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო სიაში ჩაწერის გარანტია ვეღარ მიიღო.

“თვე-ნახევრის წინ მქონდა საუბარი ზოგიერთ მაჟორიტარ დეპუტატთან. მათ მითხრეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას თავდაპირველად მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო სიაში ჩაწერის გარანტია მივიღეთო. დეპუატატებმა შემდეგ გარანტია  “ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ვეღარ მიიღეს, ამიტომ  კანონპროექტს მხარი აღარ დაუჭირეს.

“ქართულ ოცნებაში“ არსებობენ დეპუტატები, რომლებსაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ, ამიტომ ასეთი დეპუტატების დამოუკიდებლობის არ მჯერა. ვფიქრობ, რომ დეპუტატთა ერთმა ნაწილმა კანონპროექტის ჩაგდების დავალება მიიღო“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

“2020NEWS“ -ის კითხვაზე, დაპირების მიუხედავად, “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა რატომ ვეღარ მიიღეს  2020 წლის საპარლამენტო სიაში ჩაწერის გარანტიები, ექსპერტი გვპასუხობს, რომ აღნიშნულის მიზეზი “ოცნების“ საპარლამენტო სიის გადახალისებაა.

“ჩემი ვარაუდია, რომ “ქართული ოცნება“ საპარლამენტო სიის გადახალისებას  აპირებს, ამიტომ მმართველი პარტიის ლიდერებს ამ გარანტიების შესრულება აღარ შეეძლოთ“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა სესიაზე საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი აღარ დაუჭირა, რის შედეგადაც საკონსტიტუციო ცვლილებები ვეღარ განხორციელდა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე