„ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულს ივანიშვილი შეადგენს - პარტიის „გენერლები“ ჯარისკაცების გარეშე რჩებიან
„ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულს ივანიშვილი შეადგენს - პარტიის „გენერლები“ ჯარისკაცების გარეშე რჩებიან

A+ A-

18:08 20/11/2019

„ქართულ ოცნებაში“ აურზაურია. მმართველი პარტიის „ბოსები“ ბიძინა ივანიშვილთან რამდენიმე დღის წინ გამართულმა შეხვედრამ საგონებელში ჩააგდო.

„2020NEWS“-თვის ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიას ბიძინა ივანიშვილი თავად შეადგენს.

როგორც ინფორმირებული წყარო სააგენტოსთან საუბარში აცხადებს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულს ბიძინა ივანიშვილი შეადგენს და არ შეათანხმებს არც კალაძესთან, არც გახარიასთან, არც ღარიბაშვილთან, არც თალაკვაძესთან, არც კობახიძესთან და მითუმეტეს, არც „ოცნების“ საპარლამენტო გუნდთან. შესაბამისად, „ოცნება“ გარანტიების გარეშე დარჩა, რაც უკვე დაეტყო მმართველ პარტიას.

„ეს შეხვედრა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნამდე ორი დღით ადრე შედგა. შესაბამისად, შუშის სასახლეში გამართული შეხვედრის დეტალები და ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა ოცეულის თაობაზე,  მმართველი გუნდის დეპუტატებმა იცოდნენ. რამდენად უკავშირდება ეს ყველაფერი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების ჩავარდნას, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ისაა, ივანიშვილის ამ კატეგორიულმა მოთხოვნამ მმართველი გუნდის ელიტა საგონებელში ჩააგდო. მისი ეს მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი აღარავის ენდობა, მითუმეტეს - დედაქალაქის მერს, რომლის რეიტინგიც ძალიან უშლის ნერვებს ივანიშვილსაც და სხვებსაც“, - აცხადებს ინფორმირებული წყარო.

როგორი საარჩევნო სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჯერჯერობით, გაუგებარია, თუმცა, დიდი ალბათობით, ივანიშვილი მაჟორიტარებს ვერ შეელევა. მაჟორიტარობის კანდიდატების შეთანხმებაც უშუალოდ მასთან მოხდება. დიდი ალბათობით, „ქართული ოცნების“ მომავალი საპარლამენტო გუნდი ივანიშვილის რჩეულებითა და სუსის მიერ რეკომენდირებულ-კომპრომეტირებული პირებით დაკომპლექტდება. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ გენერლები დარჩებიან გენერლებად, ოღონდ ჯარისკაცების გარეშე.