ჩაგდებიდან - დაშლამდე და მანამდე - ბიძინა ივანიშვილის ცივი შემოდგომის ფოტოამბავი
ჩაგდებიდან - დაშლამდე და მანამდე -  ბიძინა ივანიშვილის ცივი შემოდგომის ფოტოამბავი

A+ A-

19:03 20/11/2019

რუსთაველი. ისევ საპროტეტსო ტალღა. ივანიშვილის ხელისუფლების დაპირებამ, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა, ჩაილურის წყალი დალია... პარლამენტის შენობის წინ, გამოსულ ათასობით გაბრაზებულ ადამიანს იმავე ივანიშვილმა “ცივი ნოემბერი“ დაუყენა.

  

ანტისაოკუპაციური მღელვარება  - ანუ "გავრილოვის ღამე" და დათხრილი თვალები

ყველაფერი სისხლიანი 20-21 ივნისითა და მასშტაბური დარბევით დაიწყო. რუსი დეპუტატის, კომუნისტი სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვამ რუსთაველი გაბრაზებული ადამიანებით გადაავსო. აქციის დაშლის ბრძანება მოულოდნელად (სავარაუდოდ, ბრძანება ივანიშვილის იყო) გაიცა და პოლიციამ პროტესტანტების დარბევა დაიწყო. დათვებზე სანადირო ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით... ადამიანებს თვალები დათხარეს.

ამ დღის შემდგომი აქციების უწყვეტმა სერიამ და პროტესტის დიდმა ტალღამ, ფუნდამენტური მოთხოვნა გააჩინა: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს. ერთი შეხედვით, "გავრილოვის ღამემ" და ხალხის პროტესტმა მმართველ ძალაზე გარდამტეხი გავლენა მოახდინა. მას დათმობაზე წასვლა მოუწია, პირადად ბიძინა ივანიშვილმა ამ მოთხოვნის შესრულების პირობა, სრულიად საქართველოს წინაშე, საჯაროდ დადო.

ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ  პირობას, რომ არჩევნები პროპორციული გზით ჩატარდებოდა, მოჰყვა დიდი კონსულტაციები, როგორც ოპოზიციურ სპექტრთან, ასევე - საერთაშორისო პარტნიორებთან. დაიწყო პროპორციული სისტემის საყოველთაო განხილვა. შეიქმნა განწყობა, რომ ამ იდეის ირგვლივ რადიკალურად განსხვავებული ღირებულებების, ფასეულობებისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებიც გაერთიანდნენ.  “ერთსულოვნება“ იყო თავად "ქართულ ოცნებაშიც". 

თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, განხეთქილება დაიწყო იქიდან, საიდანაც ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო. აღარავის ეგონა, რომ პროპორციული სისტემის წინააღმდეგ ვინმე წავიდოდა. საერთო მოცემულობით, ისეთი სურათი იქმნებოდა, კანონპროექტის ჩავარდნის ვარიანტიც კი არ არსებობდა, ვიდრე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატები არ გააქტიურდნენ პოლიტიკურ ავანსცენაზე.

დიმიტრი ხუნდაძე, კახა ოქრიაშვილი, დაჩი ბერაია, ირაკლი შიოლაშვილი - ეს ამბოხებული მაჟორიტარები მოულოდნელად დაუპირისპიდნენ თავისივე ინიცირებულ კანონპროექტს, პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ.
გუნდსა და პარტიაში განხეთქილება არამარტო საპარლამენტო ტრიბუნებიდან იკვეთებოდა, არამედ ღიად ჩანდა იმ უმრავლესობის სხდომებიდან, რომლებიც "ქართული ოცნების" პარტიულ ოფისში იმართებოდა.

სრულიად არასაიდუმლო სერობა  და სეირი - დაშლილი უმრავლესობა

ბიძინა ივანიშვილის "საიდუმლო სერობა" მაჟორიტარებთან არც ისე საიდუმლო აღმოჩნდა. სერობა მოლაპარაკებების, ხმაურის, ფიზიკური დაპირისპირებისა და მძიმე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

 მოვლენების დრამატულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ისტორიულ დღეს, საკანონმდებლო ორგანოში, ოპოზიციის სრული მხარდაჭერის მიუხედავად,  არ აღმოჩნდა 113 ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერდა 2020 არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. 

ადამიანებმა, რომლებიც თვეების მანძილზე ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს არწმუნებდნენ პროპორციული არჩევნების სიკეთეებში, რატომღაც კენჭყისყრის პროცესზე კანონპროექტის მხარდაჭერის ნაცვლად "დეპუტატური“  თავშეკავების უფლება გამოიყენეს. საბოლოო ჯამში კი, მათ ქვეყნისთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას, პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდებას შეუწყვეს ხელი. სამმა მათგანმა წინააღმდეგაც მისცა ხმა.

"ქართულ ოცნებაში" გამოიკვეთა ის სურათი, რამაც საზოგადოებას გუნდის განხეთქილების სიღრმე აჩვენა. ამ ჩავარდნამ "ოცნების" გავლენიან დეპუტატებს  გადაწყვეტილება მიაღებინა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დაეტოვებინათ. თამარ ჩუგოშვილი, ზვიად ძიძიგური, მარიამ ჯაში, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, ზაზა ხუციშვილი, სოფო ქაცარავა, გიგა ბუკია, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი მოსიძე და გიორგი ბეგაძე -  “ოცნებას“ სულ  12 დეპუტატი გამოაკლდა.

დიდი ერთობა დიდი პოლიტიკური ტყუილის წინააღმდეგ

პროპორციული საარჩევნო სისტემის საყოველთაო მოთხოვნაზე "ქართული ოცნების" უარმა, პროტესტის ახალი ტალღა წარმოქნა. დიდმა პოლიტიკურმა ტყუილმა, ისტორიაში პირველად, ისეთი პოლიტიკური ძალები გააერთიანა და დააყენა ერთმანეთის მხარდამხარ, რომელთა ღირებულებები თუ პოლიტიკური შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან: "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "გირჩი", "ლეიბორისტული პარტია", "დემოკრატიული მოძრაობა", "შენების მოძრაობა", "სამოქალაქო მოძრაობა", "ლელო“,"რესპუბლიკური პარტია" და სხვები.

გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ “ოცნების“ ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების საკითხი პირადად ბიძინა ივანიშვილის სცენარის ნაწილი იყო, რადგან არაფორმალურ ლიდერს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდება თავად სურდა, პარტიის დაბალი რეიტინგის გამო. დაპირების გაცემით კი, უბრალოდ, ე.წ. "გავრილოვის ღამის“ საპროტესტო მუხტი გაანელა.

ლოზუნგმა - “ყველა ერთის წინააღმდეგ“ - სრულიად ოპოზიციური სპექტრი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა და ივანიშვილის წინააღმდეგ ახალ სამოქმედო გეგმაზე დააფიქრა. ოპოზიცია შეთანხმდა, რომ ხელისუფლებას ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარებას მოსთხოვდა. ამავდროულად, “შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ხელისუფლებას, ჩიხური სიტუაციიდან გამოსასვლელად, გერმანული საარჩევნო მოდელის შემოღება შესთავაზა.

ივანიშვილის ცივი "შხაპი"

პარალელურად ოპოზიციის ერთი ნაწილი პარლამენტის შესასვლელების სიმბოლურ პიკეტირება დაიწყო. “ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები და ჯაჭვები დაადო.
სიმბოლური პიკეტირება მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, საზოგადოება დანაპირების შესრულებასა და იმ პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვდა ხელისუფლებისგან, რომელიც მან იკისრა საკუთარი მოსახლეობის წინაშე.

პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება, კარვები, შეშის ღუმელები, ღამეების თენება - დაიწყო მზადება უწყვეტი პროტესტისთვის. 

როგორც ჩანს, საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრის ეს ნაბიჯი ხელისუფლებისთვის სიგნალი აღმოჩნდა, რომ პროტესტის შეჩერებას ვერ შეძლებდა. ამიტომაც 17 ნოემბერს, მიიღო გადაწყვეტილება, სპეცდანიშნულების რაზმითა და წყლის ჭავლით დაეშალა აქციის მონაწილეები, საბაბით - საკანონომდებლო ორგანოს შესასვლელები "გასათავისუფლებელი“ იყო, რათა დეპუტატებს მუშაობაში ხელი არ შეშლოდათ. 

... აქცია დაშალეს. დაშლის დროს 37 ადამიანი დააკავეს, დააშავდა რამდენიმე მათგანი.


დაშლის მთავარი მიზანი არა მარტო საპროტესტო ტაღლის ჩახშობა იყო, არამედ ისიც, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს "მშვიდ და უსაფრთხო“ გარემოში საჩვენებელი ბიუროს სხდომა ჩაეტარებინა.
ეს კი ცინიკური და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა პროტესტის მონაწილეებისთვის. დაშლის ფონზე ბიუროს სხდომის გამართვა, კიდევ ერთ დამატებით მუხტად იქცა, რომ ოპოზიციას მომდევნო აქცია დაეანონსებინა.

 მიუხედავად იმისა,რომ სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა, თბილისის მერიამ კი “ოპერატიულად“ იზრუნა რუსთაველის გამზირიდან კარვებისა და შეშის ღუმელების აღებაზე, სამოქალაქო პროტესტი არ შეწყდა.
ქვეყნის მთავარ გამზირზე, საერთო სურვილით გაერთიანებული ადამიანები კვლავაც გამოჩნდნენ.

გაგრძელება იქნება...

გასულმა დღეებმა თუ თვეებმა ქვეყანაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა აწია. საზოგადოება ახალი გამოწვევის წინაშე დადგა.
ამბოხებული მაჟორიტარებიდან ერთ-ერთი, დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ გაილაშქრა ახალი ინიციატივით გამოვიდა.

ინიციატივის თანახმად, 2020 წლის არჩევნები სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს.
საინტერესოა, ხუნდაძის ეს ნაბიჯი იქცევა თუ არა უახლოეს მომავალში ჩვენს რეალობად და წავა თუ არა “ოცნება“ ვა-ბანკზე, ანუ ახალ ფანდზე.

პარალელურად, არც ოპოზიცია აპირებს შეჩერებას. ისინი სიმბოლურ ბოქლომებს ტოვებენ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში. 25 ნოემბრიდან კი, განახლებული ძალებითა და რესურსებით აპირებენ ივანიშვილის წინააღმდეგ გალაშქრებას...
ასეთი იყო ივანიშვილის ცივი შემოდგომის ქრონიკა, რომელიც აშკარად აჩვენებს, რომ პოლიტიკური მღელვარების დინამიკა ამ ტემპერატურაზე არ შეჩერდება.