ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების მიერ გავრცელებულ წერილს პასუხობს
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების მიერ გავრცელებულ წერილს პასუხობს

A+ A-

14:45 21/11/2019

სამედიცინო დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს ახალ სატარიფო პოლიტიკას აპროტესტებენ.  კლინიკების მიერ ერთობლივად გავრცელებულ ღია წერილში ნათქვამია, რომ სამინისტრომ ახალი ტარიფები ისე დაადგინა, კლინიკებს არ შეთანხმებია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების მიერ გავრცელებულ ღია წერილს პასუხობს.

სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ღია წერილში აღწერილი რისკების დიდი ნაწილი საფუძველს მოკლებულია, ან ვერ აჭარბებს იმ სარგებელს, რაც რეფორმის შედეგად მოსალოდნელია მოქალაქის ინტერესების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალური კეთილდღეობისა და ავადმყოფობასთან დაკავშირებული კატასტროფული დანახარჯებისგან დაცვის კუთხით.

„სამინისტრო აფასებს დაინტერესებული მხარეების ინტერესს და მზაობას რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობის თაობაზე. სამინისტროსთვის განსაკუთრებით საინტერესოა პროფესიული საზოგადოების მიერ რეფორმასთან დაკავშირებული რისკების მათეული ხედვის გაზიარება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კლინიკების მხრიდან გაჟღერებული ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია კომუნიკაციის ნაკლებობას ეხებოდა, რაზეც სამინისტრომ განაცხადა, რომ უკვე რამდენიმე თვეა მინისტრის ინიციატივით შექმნილია საკომუნიკაციო პლატფორმა, რომლის ფარგლებში სამინისტროს მაღალი თანამდებობების პირები ღია ფორმატში აწარმოებენ შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ პირთან.

„აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში 4 თვის მანძილზე 32 შეხვედრა გაიმართა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. მათ შორის 6 შეხვედრა ჩატარდა ჰოსპიტალურ სექტორთან უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, კიდევ უფრო მეტი შეხვედრა გაიმართა მინისტრის მოადგილეების მიერ. აღნიშნულ ფორმატში ჰოსპიტალების ხელმძღვანელებს და სხვა წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა ღიად ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. უნდა აღინიშნოს, რომ არაერთხელ გამოითქვა მინისტრთან და მოადგილეებთან, კონკრეტული პირების მიერ ინდივიდუალური შეხვედრების გამართვის სურვილი, რაზეც მათ უარი ეთქვათ, რამდენადაც ეს ფორმატი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამინისტროში დადგენილ კომუნიკაციის პრინციპს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა დღეიდან ამოქმედდება. რეგულაცია შეეხება კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას. ახალი წესები იმ კლინიკებზე ვრცელდება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართული.