ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ ელდარ გეწაძის ვარსკვლავი გაიხსნება
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ ელდარ გეწაძის ვარსკვლავი გაიხსნება

A+ A-

16:05 21/11/2019

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ 24 ნოემბერს საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის, ზ. ანჯაფარიძის სახელობის ფონდის ოქროს მედლის მფლობელის, გოეთეს საზოგადოების საპატიო წევრის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის ელდარ გეწაძის ვარსკვლავი გაიხსნება.

ღონისძიება საზეიმო გალა-კონცერტით აღინიშნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თავად ელდარ გეწაძე, ისე მისი მოწაფეები, ოპერის თეატრის სოლისტები, უცხოეთში მომუშავე ქართველი მომღერლები და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები.

შესრულდება არიები თაქთაქიშვილის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, მოცარტის, ვერდის, როსინის, პუჩინის, ჯორდანოს, პონკიელის, რახმანინოვის ოპერებიდან.

ელდარ გეწაძემ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიში სწავლის პერიოდშივე პირველი პრემიები მოიპოვა: ვოკალისტთა რესპუბლიკურ კონკურსზე (1970 წ.), ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ვოკალისტთა კონკურსზე (1971 წ.), ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსზე (1972 წ.); II პრემია გლინკას სახელობის ვოკალისტთა კონკურსზე (1975 წ.). 1973 წელს, მისი დებიუტი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კიაზოს პარტიით შედგა ფალიაშვილის ოპერაში „დაისი“.

ორმოცდაათი წლის განმავლობაში ელდარ გეწაძეს შესრულებული აქვს ბარიტონის ორმოცდახუთი წამყვანი პარტია. 2000-ზე მეტ გამოსვლას შორის ორმოცდაოთხი – საპრემიერო სპექტაკლი იყო. 1979 წელს, თარაშის როლის შესრულებისათვის ოთარ თაქთაქიშვილის ოპერაში „მთვარის მოტაცება“ მომღერალს თეატრალური საზოგადოების პრემია მიენიჭა „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“. იგივე პრემია მან წლის განმავლობაში განხორციელებული როლებისთვის 1980 წელს მიიღო. მომღერლის რეპერტუარშია როგორც ქართული, ასევე მსოფლიოს საოპერო შედევრები: ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (მურმანი), „დაისი“ (კიაზო); თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“ (თარაში), „მინდია“ (ჩალხია), „პირველი სიყვარული“ (ქრისტეფორე); მთავარი პარტიები ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოში“, „მაკბეთში“, „ნაბუკოში“, „ტრავიატში“, „აიდაში“; მოცარტის „დონ ჯოვანიში“, პუჩინის „ჯანი სკიკიში“, „ტოსკაში“ და სხვ. 1997 წლიდან მომღერალი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მის აღზრდილებს მოპოვებული აქვთ ოცდახუთი საერთაშორისო ლაურეატის წოდება.