ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო გადაიდო
ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო გადაიდო

A+ A-

11:20 22/11/2019

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო, თუმცა დღესვე ჩატარდება.

რამდენიმე საათით სხდომის გადადების მიზეზი პროცესზე ოქრუაშვილის გამოუცხადებლობა გახდა.

მან სასამართლოს წერილი გამოუგზავნა, სადაც ითხოვა სხდომის გონივრული ვადით გადადება, რადგან ოქრუაშვილი წერს, რომ მისთვის უცნობია, რა საქმესთან დაკავშირებით არის გამოძახებული სასამართლოში და არ ჰყავს ადვოკატიც.

საქმის პროკურორის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ოქრუაშვილის განცხადება, რომ არ იცის, რა საქმეზეა გამოძახებული სასამართლოში, რადგან მას ბრალიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გააცნეს და საქმის მასალებიც გადასცეს. ოქრუაშვილს ადვოკატი არ ჰყავს და შესაბამისად, მისი მხრიდან სხდომას არავინ დასწრებია.

სხდომაზე ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა იშუამდგომლა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს გონივრული ვადა მიეცეს საქმის მასალების გაცნობისა და ადვოკატის მოძიებისთვის, თუმცა სულხან კომახიძის ამ განცხადებაზე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ მას ვადა აღკვეთის ღონისძიების სხდომის ჩასატარებლად დღეს, დაახლოებით 16:40 საათამდე აქვს.

პროკურორებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება და სხდომა დღესვე, 15:00 საათზე ჩაინიშნოს. მოსამართლემ პროკურორებს დაავალა, რომ მოახდინოს ბრალდებულის ადვოკატით უზრუნველყოფა და პროცესი 15:00 საათზე ჩატარდება.