ვითვლით თითოეულ თეთრს, რომ ცოტა ამოვისუნთქოთ, იმედს ხელი ჩავჭიდოთ და ერთმანეთს ვახაროთ - ანიტა გადარჩა - ჩვენ ეს შევძელით!
ვითვლით თითოეულ თეთრს, რომ ცოტა ამოვისუნთქოთ, იმედს ხელი ჩავჭიდოთ და ერთმანეთს ვახაროთ - ანიტა გადარჩა - ჩვენ ეს შევძელით!

A+ A-

12:09 22/11/2019

ამ პატარა გოგოს გული არ უნდა გაჩერდეს. საქართველო ანიტამ გააერთიანა და დღეს 2 წლის ანგელოზის გადასარჩენად მთელი საქართველო იბრძვის.

იყიდება კაბები, ნახატები, სამაჯურები, ბაფთები, წიგნები, საბავშვო ეტლები, აქსესუარები.... ყულაბებში ნაგროვები ფული გამოაქვთ ბავშვებს... ვიღაც წარბის კორექციას აკეთებს, ვიღაც ფჩხილის, ვიღაც ტორტს აცხობს, ვიღაც „ტაქსაობას“ იწყებს, სასწავლებლებში გადამდები სიკეთისთვის ყულაბები დადგეს, ეწყობა კონცერტები და გამოფენები ანიტასთვის, სრულიად უცნობი ადამიანები ამ პატარა გოგონას გადარჩენისთვის შესაბამის ანგარიშზე თანხებს რიცხავენ......და ყველანი ვითვლით, ვითვლით თითოეულ თეთრს, თითოეულ ლარს, თითოეულ ცენტს თუ ევროს და ყველა ველოდებით 300 ათასი ევროს შეგროვებას, რომ ცოტა ამოვისუნთქოთ, შეკუმშულმა გულმა შვება იგრძნოს, შიში დავძლიოთ, იმედს ხელი ჩავჭიდოთ და ერთმანეთს ვახაროთ - გადარჩა, ანიტა გადარჩა - ჩვენ ეს შევძელით!

რამდენიმე დღეა ადამიანები 2 წლის გოგონას სიცოცხლეზე ფიქრით ცხოვრობენ. მასზე ლაპარაკობენ ერთმანეთში, ქუჩაში, სამსახურებში, სოციალურ სივრცეში. შექმნილია ფეისბუქ გვერდი  - ანიტასათვის, სადაც ადამიანები ერთმანეთს ქველმოქმედების, სიკეთის კეთების მაგალითს აძლევენ და სადაც ყველაზე ხელშესახებია იმედი, რომ ეს პატარა გოგონა გადარჩება, რადგან საქართველო აქ არის, საქართველო ასეთია, საქართველოში ასე იციან, საქართველოს შეუძლია, საქართველოში უყვართ, საქართველოში ჩვენ, ადამიანები ერთმანეთთან დავბრუნდით და საქართველოში სიყვარულს სიკვდილზე გამარჯვება შეუძლია!!!

„13 წლის ბიჭი მყავს ბაბუას დღეს გამოუცხადა, შაბათ კვირას დაჩაზე წამოდი უნდა დაგეხმარო ყველაფერშიო, ოღონდ ერთი პირობით, ფული უნდა გადამიხადო პატარა ანიტას გული სჭირდება და ჩემი წილი ანიტას გულში მინდა იყოსო - ჩემი შვილის სიტყვებს გამოვიყენებ : ჩემი წილი ანიტას გულია.

უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ჩვენ ყველა ერთად და უფლის ლოცვით ანიტას გადავარჩენთ,  მეამაყებით ყველა“.

„მეგობრებო უდიდესი ძალა და სიკეთე მოდის თითოეული თქვენგანიდან. ვხედავ როგორ ეხმარებიან თითისტოლა ბავშვები თავის ყულაბებში შეგროვილი ფულით ანიტას. ხალხი ყიდის თავისთვის ძვირფას ნივთებს და ვისაც რითი შეუძლია არ იშურებთ ძალას. მეამაყება ეს ყველაფერი და არ მაძინებს პატარა ანგელოზზე ფიქრი (აუცილებლად გავიმარჯვებთ) გვერდზე მიწევს ჩემი სამი თვის პაწია, ტკბილად სძინავს)) და ვუყურებ და ვფიქრობ რამხელა ძალაა საჭირო, რომ შვილის ცუდად ყოფნას გაუმკლავდე). მეც მინდა, კიდევ რითიც შემიძლია, იმით დავეხმარო პატარა ანგელოზს. აი მაგალითად, ეს კაბა ორჯერ ჩაცმული და უდეფექტოა. გამოდგება მაგალითად ჯვრისწერისთვის ან უბრალოდ საღამოს კაბად, 220ლარი მაქვს გადახდილი და ვინც რამდენს გაიმეტებთ 100 ლარიდან გადარიცხეთ ანიტასთან და წაიღეთ კაბა“.

მეგობრებო, რამდენიმე კვირაში მეც თავად გავხდები დედა. განსაკუთრებით გულთან მოვიდა ამ პატარა პრინცესას ამბავი. ჩემთვის წარმოუდგენლად რთულია იმის გააზრება, რას შეიძლება გრძნობდეს ახლა ანიტას დედიკო. ამიტომ, მთელი გულით მინდა ჩემი პატარა წვლილი მეც შევიტანო ამ პატარა ანგელოზის გადარჩენაში.  ვყიდი ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასს ნივთს. ეს გახლავთ მთლიანად ხელითნაკეთი ბიბლია. ფორმატი A4 -თაბახის ფურცელზე დიდი ზომის. ფასს შეგნებულად არ დავადებ. უბრალოდ, ვისაც რამდენად გიღირთ და რაც მთავარია, რამდენის საშუალებაც გაქვთ.

პ.ს - ორშაბათს უკვე თბილისში ვიქნები და ნებისმიერ ადგილას შემიძლია მოგაწოდოთ. თანხა ბუნებრივია, თქვენივე ხელით პირდაპირ შეგიძლიათ გადარიცხოთ ანიტას ანგარიშზე“.

„გამარჯობათ, სიკეთე გადამდებია. მინდა მცირედი გავაკეთო ანიტასთვის. ვმუშაობ ბარმენად და ასევე მიმტანად. ალბათ ყველამ იცით, რომ ბარმენს და მიმტანს სტუმრები ფულს ჩუქნიან მომსახურებისთვის. ამოტომ მობრძანდით, დააგემოვნეთ და ხვალიდან თქვენ მიერ ნაჩუქარ ყველა თანხის 100%-ს მე ვურიცხავ ანიტას და + ჩემი ხელფასის გარკვეულ %% ყველამ ერთად გადავარჩინოთ პატარას სიცოცხლე“.

გამარჯობათ. მე ვარ დემეტრე 9 წლის. ანიტას სურათები რო ვნახე, დედას ვთხოვე თუ შეგვეძლო მისი დახმარება რაიმეთი დავხმარებოდით. დედას ხელფასამდე ფული არა აქვს და მცირედი დარიცხა, მეც გადავწყვიტე რაიმეთი დავხმარებოდი ანიტას და ჩემ უსაყვარლეს როლიკებს ვყიდი და სკოლის ფორმას ანიტასთვის. ფასები არ ვიცი, რამდენსაც გაიმეტებთ, იმდენი დაურიცხეთ ანიტას. ქვითარი მაჩვენეთ. გადავარჩინოთ ანიტა. ვცხოვრობ ბათუმში. ანიტას სიყვარული გადაარჩენს“.

„ჩემი შვილისგან ანკესისთვის ნაგროვები თანხა სიყვარულით თვალებბრიალა გოგოს“.#მეამაყებით. #ანიტასთვის  #ყველა1სთვის  #ანიტაჩემიშვილიცაა“.

„ანიტა სიყვარულის გოგოვ, აუცილებლად კარგად უნდა იყო. გელოდებით აეროპორტში ბუშტებით და ბევრი ტკბილობებით, ნაყინებით და გიჟობებით. ყველა მოუთმენლად გელით. გული მხოლოდ სიხარულისგან და ბედნიერებისგან უნდა გტკიოდეს“.......

„ცოტა შოკში ვარ, საერთოდ არ ველოდი, მაგრამ თან დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა ჩემს პოსტს. ძალიან მაგრები ხართ, ძალიან მაგარი ხალხი ვართ, შეგვიძლია ერთმანეთის გატანა და გვერდში დგომა! მინიმუმ 25-მა ადამიანმა მომწერა ფორმაზე, მაგრამ სამწუხაროდ არ მაქვს ფორმების ეგ რაოდენობა, რომ ყველას მივცე. ყველამ ფული გადარიცხა და არავის არ უნდოდა ფორმა, ხან 200 ლარი გადარიცხეს, ხან 300, ზოგმაც იმდენი რამდენიც ჰქონდა.

ძალიან მაგრები ხართ, ასეთი საქართველო მიყვარს, ასეთი ერთიანი და ძლიერი! დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთ მნიშვნელოვან დროს პატარა ანგელოზის ირგვლივ გავვერთიანდებოდით ყველა და მივიღე ასეთი გადაწყვეტილება: როგორც მოგეხსენებათ სპორტის დიდი სიყვარულიდან გამომდინარე, ღრმა ბავშვობის პერიოდში თითქმის ყველა მატჩზე დავდიოდი (ძირითადად სანაკრებო თამაშებზე) , შესაბამისად როგორც პატარა ბავშვს ძალიან მიხაროდა, როდესაც ცნობილი ადამიანები მჩუქნიდნენ ფორმებს, შორტებს, ჰუდებს, და სხვა მრავალ რამეს. მაქვს ძალიან ბევრი რაგბის შორტები, ძალიან ბევრი რაგბის სავარჯიშო მაისურები, ფეხბურთის შორტები, რაგბის თბილი ქუდი. მზად ვარ, რომ #ანიტასთვის თითოეული ეს გავყიდო, გავყიდო მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პატარა ანგელოზმა სიცოცხლე შეინარჩუნოს, შესაბამისად გავყიდი და თანხა ჩაერიცხება ანიტას მშობლებს მითითებულ ანგარიშზე. მხოლოდ ჩეკითა და დამადასტურებელი საბუთით გადავცემ მყიდველს შესაბამის ნივთს!“

„ანიტასთვის ხვალ ვიწყებ ტაქსაობას. ამით ჩემი წვლილი მინდა შევიტანო ანიტას გადასარჩენად. ღმერთი გადაგარჩენს შვილო“.  

„ხვალ ჩემი შვილის კლასი გაყიდის სკოლის კაფეტერიაში ორცხობილებს და მთელი თანხა გადაირიცხება ანიტასთვის“.

„მოგესალმებით ყველას. ვყიდი ამ  6 წიგნს! რა თქმა უნდა, პატარა ანგელოზისათვის!!! ერთად თუ შეიძენთ ვინმე, 76 ლარის არის ჯამში და იქნებ ნახევარი მაინც გადაიხადოთ. სქრინი გამომიგზავნეთ ჩარიცხვის! ქუთაისის მაშტაბით ხვალვე მოგაწოდებთ წიგნებს! ძალა ერთობაშიაა!!!“

„გამარჯობათ, მეგობრებო❤სამწუხაროდ ბევრი არაფერი შემიძლია, თუმცა ერთი იდეა მაქვს, რომლის განხორციელებასაც დავიწყებ გამოჯანმრთელებისთანავე.  ვსწავლობ საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც ჩემს გარდა კიდევ 1000-ობით სტუდენტი სწავლობს. დავდგამთ ყუთს ანიტასთვის და მოგროვილი თანხა სრულად ჩაირიცხება მის ანგარიშზე. დარწმუნებული ვარ, რომ წაადგება ეს თანხა მას“.

„მეგობრებო!! მყავს ავტობუსი ... ძალიან ბევრი კომპანია დადის ექსკურსიებზე... თუ რომელიმე კომპანია აპირებს ექსკურსიაზე წასვლას, მოგების 100% გადავრიცხავ ჩვენი ანიტას ანგარიშზე... 555 466 400 ირაკლი“.

„გამარჯობათ მეგობრებო! მე ვარ სალონი Calypso Beauty Epoch დამფუძნებელი, სურვილი მაქვს 24 რიცხვში გამოვაქვეყნო პოსტი ანიტასთვის. მომხმარებლები ჩავრთო დახმარებაში. მყავს სამი სპეციალისტი, რომელიც მოემსახურება ჩაწერილ მომხმარებელს და ამ სამ სპეციალიტთან ჩატარებული პროცედურის თანხა გადაერიცხება ანგარიშზე ანიტას. რამე ხომ არ მაქვს შეზღუდვა ხომ ვერ მეტყვით? ან ვინმე ხომ არ უნდა გავაფრთხილო?“

„სალამი მეგობრებო, ესეც ივენთი #ზუგდიდში.  გამოფენა-გაყიდვასთან დაკავშირებით. 24 ნოემბერს ღვინის ფესტივალის ორგანიზატორებმა გამოგვიყვეს ერთი სტენდი #ანიტსათვის, სადაც გამოვფენთ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებსა და ნამუშევრებს, ვინც ზუგდიდში იქნებით გელოდებით ყველას 12 საათიდან.. სტენდის გაყიდვებიდან შემოსული თანხა, რა თქმა უნდა, სრულად გადაირიცხება ანიტასთვის. ასევე, ვისაც გაქვთ სურვილი თქვენი ნამუშევრები გაყიდოთ #ანიტასთვის მოგვწერეთ ამ პოსტის კომენტარებში და შეგეხმიანებით“....

შუაღამემშვიდობის ანიტას გულშემატკივრებო!

მეექვსე დღის ამბებს გაგაცნობთ. ანიტა დღეს იყო კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა კვლევები. მდგომარეობა უცვლელია. ღვიძლზე აქვს მცირე პრობლემები, სავარაუდოდ წამლების გამო. თქვენი უზომოდ დიდი მხარდაჭერის შედეგად, თანხის თითქმის ნახევარი - 147 000 € შეგროვდა ( საჭიროა 300 000).

კვირას, 24 ნოემბერს, „თბილისი მოლში“ 12:00-20:00 საათამდე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, სადაც გელოდებით ყველას. მადლობა ფინანსური, სულიერი, მორალური მხარდაჭერისთვის. არ დავნებდებით... ვიბრძოლებთ...
#ანიტასთვის უნდა მოვიგოთ!!!!!

ანიტას მშობლები საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდიან. პატარას დედა ერთერთ მამაკაცზე წერს, რომელმაც მათ ანიტასთვის მისი გული შესთავაზა:
ეს ჩემი საქართველოა… ეს ჩემი ქვეყანაა! ვამაყობ თქვენით. უმაგრესებო, იცით ჩემს ქმარს 34 წლის ბიჭმა რა მოწერა რამდენიმე დღის წინ? თუკი ჩემი გული გამოადგება, მზად ვარ დავუთმოო… ხალხო გესმით? გვთხოვა არ გაგვესაჯაროებინა, მაგრამ გაჩუმებაც აღარ შემიძლია… ადამიანი თავის სიცოცხლეს გვთავაზობდა. ვიღაც ბინას აგირავებს, ვიღაც მანქანას ყიდის, ვიღაც თავის საკოლექციო წიგნებს, თავის ტანსაცმელს, საკუთარ ნახატებს, თავისთვის ძვირფას ნივთებს იღებენ ანიტასთვის. მე ამ დროს არ მესმის, რა გავაკეთო. ძალიან დაბნეული ვარ. ემოციებისგან გადავიწვი. შოკში ვარ. ვამაყობ, მიყვარხართ ახლა ვარ ქვეყანაში, სადაც გიჟად შემრაცხეს ექიმებმა და იცით რატომ? იმიტომ რომ ჩემი თვალებით ვხედავდი, როგორ ჩავარდა კრუნჩხვაში ჩემი პატარა და ვყვიროდი საშველად. ექიმმა გადაწყვიტა, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ვარ და ამ დროს ვხედავ ჩემს ქვეყანას - უცხო ადამიანები ტირიან ჩემი შვილის გამო და აქ ის უკვირთ დედა რომ ყვირის. მართლა ყველაზე მაგარი ერი ვართ და არავინ შემეკამათოს”, – წერს ანიტას დედა მარიკო სადრაძე.

ცოტა ხნის წინ 2 წლის ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად სრულიად საქართველო გაერთიანდა. გოგონას, რომელსაც დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც 300 ათასი ევრო ჯდება.
პატარა ანიტას აპარატი უნდა ჩაუდგან, რომელიც გულს ხელოვნურად ამუშავებს.

თითოეული თქვენგანის დახმარება და ჩარიცხული ძალიან მიზერული თანხაც კი ხსნა იქნება 2 წლის ანიტასთვის.

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

#GE28BG0000000100761966

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

თბს ანგარიში:

#GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად: პ/ნ 60001030692 - ლია ჩხაიძე.
სხვა ქვეყნებიდან ან უცხოური ვალუტის ჩასარიცხად გადადით ამ ბმულზე:

https://www.gofundme.com/f/1tb5bg986o…

ანგარიშის ნომერი დაკოპირებული იქნება კომენტარებში.

ბრძოლა ანიტას გადარჩენისთვის გრძელდება!