ცირკაჩობას მოეშვით - თორნიკე რიჟვაძე ჭიშკრებზე ბოქლომების დადებაზე
ცირკაჩობას მოეშვით - თორნიკე რიჟვაძე ჭიშკრებზე ბოქლომების დადებაზე

A+ A-

13:53 22/11/2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციისა და მოქალაქეების მიერ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის ჭიშკრისთვის ბოქლომის ჩამოკიდებას გამოეხმაურა და ოპოზიციას მოუწოდა, "ცირკაჩობას მოეშვან" და "საქმის კეთებაზე გადავიდნენ".

რიჟვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ არჩევნებისთვის მოემზადონ და იქ დაამტკიცონ, რისი გაკეთება შეუძლიათ.

"მაგრამ მათ ბოქლომი ერთხელ უკვე დაადო ქართველმა ხალხმა და, რა თქმა უნდა, ეს ბოქლომი აღარ გაიხსნება,"- ამბობს რიჟვაძე.

ცნობისთვის, მოქალაქეებმა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად კამპანიის "მაინც დაგაბოქლომებთ" ფარგლებში აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულებასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას, ერთი მხრივ, სრულად ოპოზიციური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება მოჰყვა. ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებისადმი სამ მთავარ მოთხოვნაზე შეთანხმდა - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით, რომელსაც დროებითი, ტექნიკური მთავრობა უხელმძღვანელებს.

ქართული ოცნება ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე წასვლას არ გეგმავს, რის გამოც მოქალაქეები და ოპოზიციური ლიდერები ხელისუფლებას წერტილოვანი აქციებით ებრძვიან, რის ფარგლებშიცაა, მათ შორის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების კარებზე სიმბოლურად ბოქლომის ჩამოკიდება. ყველა ასეთ შემთხვევას სახელმწიფო უწყებების შენობებთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველის მობილიზება და აქტივისტების დაკავებაც მოჰყვება ხოლმე.