ვინ არიან პროპორციული სისტემის მაქებარ-მადიდებელი დეპუტატები, რომლებმაც საკუთარი ინიციატივა ჩააგდეს?!
ვინ არიან პროპორციული სისტემის მაქებარ-მადიდებელი დეპუტატები, რომლებმაც საკუთარი ინიციატივა ჩააგდეს?!

A+ A-

16:13 22/11/2019

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პრინციპული დაპირება, საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების შესახებ, “იმიტირებული ამბოხის“ ფონზე “ქართული ოცნების“ პრინციპულმა მაჟორიტარებმა ჩააგდეს.

“2020NEWS” გაგაცნობთ საკონსტიტუციო ინიციატივის ჩამდებ დეპუტატთა იმ განცხადებებს, რომლებშიც მმართველი პარტიის წარმომადგენლები საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს, პროპორციული საარჩევნო სისტემის დადებითი მხარების შესახებ საუბრობდნენ.

“2020NEWS“ -მა აღნიშნული მასალა IDFI-ზე დაყრდნობით მოამზადა.

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე:

“საზოგადოებასთან ერთად მმართველმა ძალამ გადაწყვიტა, რომ საარჩევნო სისტემა შეცვალოს, ანუ მაჟორიტარული სისტემიდან გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. გეგმის მიხედვით გვქონდა 2014 წლისთვის, მაგრამ რადგან იყო საზოგადოების მოთხოვნა არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური ჯგუფების, ჩავთვალეთ, რომ თანხვედრა უნდა იყოს და შეთანხმება საზოგადოებასთან. მმართველმა გუნდმა აიღო პასუხისმგებლობა ეს გააკეთოს 2020 წელს“.  

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი:

“პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის პოზიტიური ნაბიჯი. პარტიებს ექნებათ განვითარების მეტი შესაძლებლობა. პარლამენტი იქნება უფრო მოქნილი და ქმედითი“.

ქუთაისი მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე:

“ამ პროექტით ეძლევა საშუალება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, ყველა იმ ახალგაზრდას, რომელსაც აქვს რეიტინგი, რომელბიც არიან შეყვარებული ქვეყანაზე, შევიდნენ პარლამენტში და თვითრეალიზება მოახდინონ სრულყოფილად“.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჯორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე.

“ჩემი აზრით, ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ეს იყოს საზოგადოების მოთხოვნა. ეს იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ნება და ჩვენ აპრიორი სადღაც სტარტზევე ვთქვით უარი იმ უპირატესობაზე, რომელსაც გვანიჭებდა ეს სისტემა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნაბიჯი მომავლისკენ, ნაბიჯი პროგრესისკენ და ნაბიჯი კეთილი და ლამაზი მომავლისკენ ჩვენი შვილებისთვის“.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა. კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმა, ზაზა ხუციშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, მარიამ ჯაშმა, გიგა ბუკიამ, სოფო ქაცარავამ და ზვიად ძიძიგურმა დატოვეს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე