აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს
აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს

A+ A-

18:02 22/11/2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა. პირველი კენჭისყრა უშედეგოდ დასრულდა, თუმცა განმეორებითი კენჭისყრის შედეგად, ბორდის ხმათა უმრავლესობით გიორგი კოხრეიძეს დაუჭირეს მხარი.

"მაუწყებელი 7 თვე დირექტორის გარეშე იყო, დეპრესიაში არავინ უნდა იყოს. უნდა იყოს დამოუკიდებლობა და კრიტიკა. გიორგი კოხრეიძის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია და იდეა ჩემთვის მისაღებია. ჩვენ წინა სხდომაზე არ განვიხილეთ მაუწყებლის ბიუჯეტი, მას ახალ დირექტორთან ერთად განვიხილვათ. მე მქონდა რედაქტორთან, მაია მერკვილაძესთან შეკითხვები, თუმცა პასუხები ვერ მივიღე. მომწონს, ძალიან კარგია, რომ არხი კრიტუკულია, თუმცა ჩემი შენიშვნები მაქვს", - განაცხადა ბორდის ერთ -ერთმა წევრმა გიგო ჩხარტიშვილმა.

რაც შეეხება კანდიდატებს, გიორგი კოხრეიძის გარდა ესენი იყვნენ- ნათია ზოიძე, ნათია შავაძე, დავით ჩხარტიშვილი, ფირუზ ბოლქვაძე, შოთა გუჯაბიძე, შოთა გურაბანიძე, ლაშა ზარგინავა, მაია მერკვილაძე და შოთა ზოიძე. შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლის დირექტორის ასარჩევდა კონკურსი შეჩერებული იყო. ტელევიზიის ბორდს კონკურსანტმა გიორგი კოხრეიძემ უჩივლა. გიორგი კოხრეიძის განცხადებით, მესამე კონკურსის შედეგების თანახმად, მან ხმების საკმარისი რაოდენობა მიიღო და მაუწყებლის დირექტორი გახდა. გიორგი კოხრეიძემ ბორდის წევრების 2 ხმა მიიღო. თავად ბორდი 5 წევრისგან შედგება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის "აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე ბორდის წევრებმა იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს.