ნოდარ ქუმარიტაშვილს დღეს 31 წელი შეუსრულდებოდა
ნოდარ ქუმარიტაშვილს დღეს 31 წელი შეუსრულდებოდა

A+ A-

10:04 25/11/2019

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრს, ნოდარ ქუმარიტაშვილს დღეს 31 წელი შეუსრულდებოდა. 9 წლის წინ ახალგაზრდა ბაკურიანელი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა.

21 წლის სპორტსმენი 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დღეს, ვარჯიშის დროს დაიღუპა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა.

ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ქუმარიტაშვილის ცხედარი საქართველოში 17 თებერვალს ჩამოასვენეს. 20 თებერვალს სპორტსმენი მის მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

ბაკურიანში ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა.

ნოდარ ქუმარიტაშვილი 1988 წლის 25 ნოემბერს ბაკურიანში დაიბადა. საციგაო სპორტით ბავშვობიდან დაინტერესდა. ვარჯიში 2001 წელს, 13 წლის ასაკში დაიწყო. იყო ბევრი საერთაშორისო შეჯიბრების მონაწილე, არაერთხელ მიაღწია წარმატებას. ნოდარ ქუმარიტაშვილი სიკვდილის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური ორდენით დააჯილდოვა. გასულ წელს კი, ნოდარ ქუმარიტაშვილის დედის ავტორობით გამოიცა წიგნი, რომელიც 21 წლის სპორტსმენის ცხოვრებაზე, მიღწევებსა და სპორტულ კარიერაზე მოგვითხრობს.