„საქართველო მაინც ყველაფერს გვირჩევნია, ძალიან გვენატრება სამშობლო და ერთი მჭადის ნათალი...“
„საქართველო მაინც ყველაფერს გვირჩევნია, ძალიან გვენატრება  სამშობლო და ერთი მჭადის ნათალი...“

A+ A-

16:32 26/11/2019

გენერალ ზაქარია მდივნისა და  მისი  განსაკუთრებულად ხიბლიანი  შვილების შესახებ დღეს უკვე ბევრს წერენ, თუმცა  გასული საუკუნის 80-იან წლებამდე მდივნების ოჯახი, სხვა ემიგრანტთა მსაგავსად, ტაბუდადებული თემა  გახლდათ.

დეილ კარნეგის  ცნობილი ბესტსელერის საშუალებით, ძმებმა მდივნებმა მაინც  აალაპარაკეს  ქართული საზოგადოება გასული საუკუნის მიწურულს.   ალაპარაკებას დაინტერესება მოჰყვა, დაინტერესებას  მათი სასიყვარულო ისტორიები და ოკეანის გადაღმა ცხოვრების დეტალები. მათზე  ბევრს წერდა ევროპისა და ამერიკის  პრესა, ზოგი აქებდა და ზოგი აძაგებდა, თუმცა  მდივნების „ჯადოს“ - ადამიანების კეთილგანწყობისა და ნდობის მოპოვების განსაკუთრებულ უნარს ყველა აღიარებდა. თითქოს უკვე ყველაფერი ვიცით. დიახ, თითქოს, რადგან ვიცით მათზე რას ფიქრობდნენ, თავად რა ტკიოდათ  და რა უხაროდათ - არა. სწორედ   ამ თეთრი ლაქის ერთი შტრიხია ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომლის,  თამარ ხიზამბარელის აღმოჩენა - 1921 წლის  10 თებერვლის  გაზეთ „ბათომის ცხოვრებაში“ სერგო და დავით მდივნების მშობლებისამი მიწერილი წერილი:

  

ამერიკა და საქართველო

(კერძო წერილიდან)

 ბათომის ოლქის ჯარების სარდალს გენერალ ზაქარია მდივანს და მის მეუღლეს  ამერიკიდან პირად მეგობართაგან მოუვიდათ წერილები და იქაური გაზეთები, რომლებშიდაც მოთავსებულია წერილები საქართველოს შესახებ. გენმდივნის ორი ვაჟი, რომლებიც გასულ წლის ზაფხულს წავიდნენ ამერიკაში, შემდეგს სწერენ მშობლებს:“ ჩვენ ვცხოვრობთ ახლანდელი ამერიკის პრეზიდენტის, ჰარდინგის საფულე ქაღალდების დამამზადებელ ფაბრიკაში, ვმუშაობთ დღეში 16 საათს. თვეში გვაძლევენ 30 დოლარამდე; დიდათ გაკვირვებულები არიან ამერიკელები, რომ გენერალმა თავისი შვილები უბრალო მუშებათ გამოგზავნა. საქართველოს შესახებ აქ არაფერი არ იციან, ჩვენ რომ ჩავედით აქ ჟურნალისტებმა მრავალი ინტერვიუ გაგვიკეთეს და არ სჯეროდათ ის, რასაც ჩვენ საქართველოზე ვეუბნებოდით, რადგან აქ კავკასიაზე მხოლოდ სომხური ინფორმაცია არსებობს და მას აქვს გასავალი.

საქართველო ახალი აღმოჩენა იყო მათთვის, რადგან ამერიკაში არსებობს პატარა კუთხე, რომელსაც  ჯორჯია ჰქვია.

ჩვენ რუსი გენერლის შვილებად მიგვიღეს, რის გამოც პროტესტი განვაცხადეთ, ბოლოს როცა გაიგეს თუ რა განსხვავებაა რუსეთსა და საქართველოს შორის, მეტად დაინტერესდნენ.

იქაურ 8 პოპულარულ გაზეთში დაისტამბა ჩვენი ინტერვიუ და საქართველოს შესახებ ცნობები; აღწერილი იყო თბილისის ცხოვრება, მისი წესრიგი და საქართველოს სახელმწიფო მდგომარეობა. საქართველოს შესახებ გაზეთებს საუკეთესო და სწორი ინფორმაცია მისცა მისტერ კრაინმა. იგი ახასიათებდა ქართველებს როგორც იშვიათ ლამაზ ხალხს ტანმარდთ, რაინდებსა და უდიდეს სტუმარ-მოყვარეთ.

კაპიტანი მისტერ კრაინი მუშაობდა  აღმოსავლეთში სომხეთის დამხმარე კომიტეტში, რომლის ანგარიშების წარმოდგენის დროს ამბობს: სომხები მუხანათურად სტყუიან, როცა ამბობენ, რომ ქართველები მათ თავს ესხმიან და ჟლეტენ. კაპიტან მისტერ კრაინის სიტყვით პირიქით, ქართველები ყოველ მხრით ხელს უწყობენ სომხებს და მრავალი ათასი სომეხი აფარებს თავს საქართველოს კალთებს.

კაპიტანმა მისტერ კრაინმა წასვლის დროს წერილი მისწერა მთავრობის თავმჯდომარის მეუღლეს ქალბატონ ჟორდანიას, რაც მან გამოაქვეყნა ამერიკულ გაზეთებში. აქ მისტერ კრაინს თავის საკუთრებაში აქვს მთელი ქალაქი, სადაც მუშაობენ ფულის ქაღალდის დამამზადებელი ფაბრიკები.

ამერიკაში უკიდურესი სატიტულო არის ტურატიზმი. ამჟამად მილიარდერები სანთლით ეძებენ ტიტულის მქონე სასიძოს. „კნიაზი“ თუ არის მას არც სწავლა უნდა, არც ტანადობა და მდგომარეობა, ისე მიჰყვებიან მდიდრის ქალები.

საქართველოზე არავითარი ინფორმაცია არ იშოვება. აქ ისტამბება ჩვენთვის გულის მომკვლელი ცნობები, ამას წინათ დაიბეჭდა ცნობა, რომ ბათომი ბოლშევიკებმა აიღესო. შემდეგ საქართველომ მოაგროვა დიდი ჯარი და სომხეთს იპყრობსო.  ისე ამერიკელები მეტის სიმპატიით გვეპყრობიან და როცა ფრანგულათ ვლაპარაკობთ, ისინი განცვიფრებაში მოდიან, რომ „ველურების“ კუთხიდან მოსულებმა სად შეითვისეს კულტურაო; ჩვენ ძალიან გვეჭირვება საქართველოს გაზეთები და საზოგადოთ ცნობები, რადგან პრეზიდენტის ოჯახშიც ვხვდებით და გვინდა გავაცნოთ ჩვენი ამბები.

აქ ცხოვრება საუუცხოვოა, მაგრამ საქართველო მაინც ყველაფერს გვირჩევნია, ძალიან გვენატრება  სამშობლო და ერთი მჭადის ნათალი“...

ამერიკელები დიდი სიამოვნებით იგონებენ მამაჩემს, დედას და მათ სტუმარმოყვარეობას. გაზეთები ძალიან გვჭირია, გამოგვიგზავნეთ ამერიკული მისიის საშუალებით.

გადაგვიკოცნეთ სამშობლო!...

თქვენი სერგო და დათა

 ნიუიორკი

 სტილი დაცული

 მასალა მოამზადა ნინო გედენიძემ