ხელისუფლების წარმომადგენლები სააკაშვილთან ჩუმად ჩადიან - სანიკიძე კიევურ ვოიაჟზე
ხელისუფლების წარმომადგენლები სააკაშვილთან ჩუმად ჩადიან - სანიკიძე კიევურ ვოიაჟზე

A+ A-

18:04 26/11/2019

“გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე უკრაინაში, წარსულში დაუძინებელ მტერს,  მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და კვლავ აპირებს  ექსპრეზიდენტთან ვიზიტს. როგორ ხსნის  „გამარჯვებული  საქართველოს“ ლიდერი  ექსპრეზიდენტთან შეხვედრის გადაწვეტილებას და რაზე შეთანხმდნენ პოლიტიკოსები, გუბაზ სანიკიძე “2020NEWS”-თან ამ და სხვა თემების შესახებ საუბრობს.

-ბატონო გუბაზ,  საქართველოს ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე რა საკითხები განიხილეთ და რაზე შეთანხმდით?

-მაინტერესებდა, მიხეილ სააკშვილი საქართველოში შექმნილ ვითარებას როგორ აფასებდა.  ჩვენ გავცვალეთ ინფორმაციები. გარვეული საკითხები გავარკვიეთ. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში სააკაშვილის ავტორიტეტი იზრდება. შეგვიძლია, ვთქვთ, რომ უკრაინაში სააკაშვილი ავტორიტეტით მეორე ადამიანია.

-მიხეილ სააკაშვილმა  გითხრათ, საქართველოში დაბრუნებას როდის აპირებს?

- მიხეილ სააკაშვილი, ბუნებრივია, საქართველში დაბრუნდება, თუმცა, როდის აპირებს დაბრუნებას, არ უთქვამს.

-ექსპრეზიდენტთან ჩასვლას კვლავ გეგმავთ?

- კი. ამ მიმართულებას (იგულისხმება უკრაინაში ჩასვლა) გაგრძელება ექნება, რადგან საქართველოში  არის მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი.  ახალ წლამდე რაღა დარჩა?! ვაპირებ, სააკაშვილთან მომავალ წელს ჩავიდე. ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველოში სააკაშვილის გარეშე ცვლილებები არ იქნება.

- მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციური სცენარის განხორციელებას განიხილავს?

- ყველაფერს განიხილავს, თუმცა თავად რევოლუციის მომხრე არ არის. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება არჩევნებში შეიძლება. საქართველოში რევოლუციის ავტორი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იქნება.

-არჩევნებში “ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში გაერთიანებას აპირებთ?

-ვნახოთ. გააჩნია, როგორი პოლიტიკური კონფიგურანცია და გამოწვევები იქნება საქართველოში.

-პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკშვილთან შეხვედრის შემდეგ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაგაკრიტიკათ. თქვენი ნაბიჯი გამართლებული და პოლიტიკურად მომგებიანია?

-არ ვიცი, ვინ მაკრიტიკებს. ზოგი ტროლია და ზოგი გულწრფლად მაკრიტიკებს. უფრო ტროლების ფაბრიკა მუშაობს. ჩემს გაშავებას სულ ტყუილად ცდილობენ. საკმაოდ სქელი ტყავი მაქვს. აბსოლუტურად პატიოსნად ვიქცევი, განსხვავებით სხვა პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ჩუმად ჩადიან სააკაშვილთან, სხვათაშორის, საუბარი მაქვს ხელისუფლების წარმომადგენლებზე.

-ვინ  ჩადის “ქართული ოცნებიდან“ მიხეილ სააკაშვილთან?

-არა აქვს მნიშვნელობა. დრო მოვა და გაირკვევა. მე საზოგადებასთან პირნათელი ვარ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე