გერბი, დროშა, დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს პარლამენტის შენობა - სასწრაფოდ შესაცვლელია - მიხეილ ცაგარელი
გერბი, დროშა, დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს პარლამენტის შენობა - სასწრაფოდ შესაცვლელია - მიხეილ ცაგარელი

A+ A-

16:04 27/11/2019

 “საქართველოს გერბზე, რომელიც სააკაშვილმა შემოგვიტანა, ლომის მარჯვენა ფეხის ქვემოთ, სამი ექვსიანია. გამოდის, სააკაშვილმა ეშმაკის ფერხულში ჩაგვაგდო”, - აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „2020NEWS“-თან საუბარში.

ცაგარელის თქმით, საქართველოს პრობლემების მთავარი მიზეზი გერბთან ერთად დროშაც არის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული დროშა იყო.

ასტროლოგი საქართველოს „მმართველს“, ბიძინა ივანიშვილს, პრობლემების მოგვარების გზებს სთავაზობს:

„პრობლემების მოგვარების გზები ივანიშვილისთვის არაერთხელ მითქვამს. ჩვენ გვაქვს ეროვნული დროშა, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის დროშა და რომელიც არანაირი კონტიტუციით არ უნდა იყოს ქვეყნის დროშა. გარდა ამისა, თქვენ დაკვირვებული ხართ, საქართველოს გერბზე, რომელიც სააკაშვილმა შემოგვიტანა? - ლომის მარჯვენა ფეხის ქვემოთ სამი ექვსიანია. ანუ სააკაშვილმა ეშმაკის ფერხულში ჩაგვაგდო, ამიტომ მას მერე საქართველო სულ კრიზისშია. ივანიშვილს არაერთხელ ვურჩიე, რომ შეეცვალა დროშა, გერბი და საქართველოს დაბადების დღე, 26 მაისი. ამ თარიღის გამო, ჩვენთან ყველაფერი გაორებულია. ბევრი დეტალია, რომელზეც საჭიროა საუბარი, გამოსწორება და შეცვლა. იგი ამას არ აკეთებს, ამიტომ ქვეყანაში მუდმივად იქნება პრობლემები“, - განაცხადა ცაგარელმა.

ასტროლოგის თქმით, პარლამენტის შენობის რუსთაველის გამზირზე გადმოტანით, ქვეყანაში პრობლემები გაღრმავდა.

„ივანიშვილი რჩევებს არ ითვალისწინებს, რაც მასაც და ჩვენც ძვირად დაგვიჯდება. მას, როგორც ჩანს, ამ მდგომარეობაში ყოფნა მოსწონს, მაგრამ ჩვენ არ მოგვწონს. წლებია ვუკიჟინებ, რომ პარლამენტის შენობის ადგილი რუსთაველზე არ არის, ეს ადგილი დაწყევლილია. ამ ადგილას ადრე ეკლესია იყო. ახლა იქ უნდა იყოს ტურისტების მექა. თუ პარლამენტის შენობის თბილისში ყოფნა უნდათ, ქალაქგარეთ უნდა გადაიტანონ. რუსთაველზე ეს ადგილი არის სისხლით მორწყული. დამატებითი სისხლისღვრა საჭირო არ არის. ივანიშვილი რჩევებს არ ითვალისწინებს და ამიტომ მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში იქნება“, - განაცხადა ცაგარელმა „2020NEWS“-თან საუბარში.