"ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატები გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავენ
"ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატები გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავენ

A+ A-

12:40 29/11/2019

"ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატები ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა “2020NEWS”-თან საუბარში განაცხადა.

გუშინ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა: მარიამ ჯაშმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, კობა ნარჩემაშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ და ლევან კობერიძემ ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების“ შექმნა დაანონსეს და განაცხადეს, რომ ფრაქცია არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს არ მოემსახურება.

როგორც კობა ნარჩემაშვილმა “2020NEWS“-თან განაცხადა, ფრაქციის დარეგისტრირების შემდეგ, ახალი პარტიის შექმნა არავისთვის არ უნდა იყოს მოულოდნელი.

“ამომრჩევლისთვის ფრაქციულ დონეზე ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შეთავაზება აუცილებელი იყო. ამჟამად ჩვენი ფრაქცია დარეგისტრირების პროცესშია. მომავალში ახალი პარტიის შექმნა გამორიცხული არ არის, თუმცა ამ ეტაპზე, კატეგორიულად არაფრის თქმა არ შეიძლება“,- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ფრაქციაში გაწევრიანებამდე, დეპუტატმა მარიამ ჯაშმა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობა დაანონსა.

"იმ შემთხვევაში, თუ გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ითანამშრომლებს თუ არა ახალი ფრაქცია ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან?! დამოუკიდებელი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილთან პოლიტიკური თანაშრომლობის შესახებ საუბარი მას შემდეგ შეიძლება, რაც ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს.

“რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპზე გიორგი კვირიკაშვილი რაიმე ფორმით პოლიტიკაში მონაწილეობას არ აპირებს. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა იმ პოლიტიკოსთან და კონსტუქციულ ძალასთან, რომელიც პოლიტიკაში კეთილსინდისიერებით გამოირჩევა, ჩვენი ფრაქცია ითანამშრომლებს“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

“2020NEWS“-ის ინფორმაციით, ახლადშექმნილი ფრაქციის წევრთა რაოდენობა გაიზრდება. არსებული ინფორმაციით, ფრაქციაში გაწევრიანების მიზნით, რამდენიმე დეპუტატთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე