რუსეთისა და ბელარუსის საერთო პარლამენტის ჩამოყალიბება, ახალი საბჭოთა კავშირის შექმნაა - თორნიკე შარაშენიძე
რუსეთისა და ბელარუსის საერთო პარლამენტის ჩამოყალიბება, ახალი საბჭოთა კავშირის შექმნაა - თორნიკე შარაშენიძე

A+ A-

11:59 02/12/2019

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “2020NEWS“-თან საუბარში აცხადებს, რომ შესაძლოა, საქართველომ ბელარუსის ბედი გაიზიაროს და რუსეთსა და საქართველოს ერთი მთავრობა და პარლამენტი ჰქონდეს.

“საქართველო თუ იქნება ისეთი მაჩანჩალა, როგორიც ახლაა, სამწუხაროდ დიდი შანსია, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენც ბელარუსის ბედი გავიზიაროთ. “, - განუცხადა შარაშენიძემ სააგენტოს.

მისივე თქმით, დღეს ბელარუსია და რუსეთი “საიუზნიე გასუდრასტვნა“-ს წარმოადგენენ და არ გაუკვირდება, თუ ამ ორ ქვეყანას, უახლოს მომავალში საერთო პარლამენტი ექნებათ.

“ფორმალურად, ბელარუსია და რუსეთი “საიუზნიე გასუდრასტვნა“ არიან და აი, ამ ფორმატში შეიძლება, მათი საერთო პარლამენტიც ვიხილოთ. თუმცა, გააჩნია გაერთიანებულ პარლამენტში რა იგულისხმება. თუ, აქ იგულისხმება არჩევნები და უნდათ, რომ ერთობლივი არჩევნები ჰქონდეთ, მაშინ ეს გულისხმობს ბელარუსიის ჩაყლაპვას. ვნახოთ, რა იქნება. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთთან დიდი ხანია თამაშობს და გააჩნია რა განზრახვები აქვს. ისიც აღსანიშნავია, რომ ბელარუსს რუსეთის დიდი ვალი აქვს, რომელსაც ასე მარტივად ვერ იხდის. აქამდეც ყოფილა მსავსი საუბრები და ვნახოთ რა იქნება“ - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე “2020NEWS“-თან საუბარში.

კითხვაზე, ვალის გამო დგამს თუ არა ბელარუსია ამ ნაბიჯს, ექსპერტი გვპასუხობს:

„მოკლედ, ბელარუსია რუსეთთან ძალიან ინტეგრირებულია. მისი ბევრი ვალები აქვს. რუსეთს დიდი ბერკეტი გააჩნია, რომ ბელარუსიაზე ზემოქმედება განახორციელოს. გარდა ამისა, ლუკაშენკომ რუსეთთან სამოკავშირო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და არიან მოკავშირე ქვეყნები, ანუ, “საიუზნიე გასუდრასტვნა“. მოკლედ რომ ითქვას, ერთიან კავშირში არიან. ამ ერთიანი კავშირის გაშლა სხვადასხვანაირად შეიძლება, გააჩნია, როგორი სიტუაციაა. ვნახოთ, რა იქნება, ჯერჯერობით ნუ ვიჩქარებთ, რადგან ადრეც ყოფილა ამ საკითხზე საუბარი. თუმცა აქამდე ლუკაშენკო თავის დაძვრენას ახერხებდა“.

თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, რუსეთისა და ბელარუსიის საერთო პარლამენტის ჩამოყალიბება, ახალი საბჭოთა კავშირის შექმნაა.

შეგახსენებთ, ბელარუსი და რუსეთი ერთიანი პარლამენტისა და მთავრობის პროექტზე მუშაობენ, ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს. მედიასთან განცხადება რუსეთში ბელარუსის ელჩმა ვლადიმირ სემაშკომ გააკეთა.

„მიზნები გრანდიოზულია და ეს არ უნდა შეიცვალოს. დაგეგმილია გადასვლა ერთიან საგადასახადო კანონმდებლობაზე, ნავთობის ერთიანი ბაზრის შექმნაზე, ერთიანი პარლემენტისა და მთავრობის ჩამოყალიბებაზე, რომელთაც ექნებათ განსაზღვრული უფლებამოსილება. ეს ამოცანა ახლა უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა სემაშკომ.

სემაშკოს ინფორმაციით, ერთობლივი პროექტების რეალიზაცია 2021 წლამდე არის დაგეგმილი.