პანკისის ხეობაში, შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე ოჯახში, უხუცესების შეხვედრა მიმდინარეობს
პანკისის ხეობაში, შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე ოჯახში, უხუცესების შეხვედრა მიმდინარეობს

A+ A-

12:37 02/12/2019

პანკისის ხეობაში, შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე ქავთარაშვილების ოჯახში, უხუცესების და სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობს.

ისინი საგანგებოდ შეიკრიბნენ, სადაც მუთოშვილების გვარისგან მიღებულ მუქარაზე და დაპირისპირების მშვიდობიანად მოგვარებაზე მსჯელობენ.

როგორც ცნობილია, 37 წლის მოკლული ვისური მუთოშვილის ახლობლებისგან სისხლის აღებაზე გაფრთხილება მიიღეს, როგორც ქავთარაშვილების, ასევე ინციდენტში მონაწილე ხანგოშვილების, დუიშვილების და ალდამოვების გვარმაც.

„ჩვენ გვინდა საკითხი მშვიდობიანად მოგვარდეს. მართალია, მუქარა 4 გვარზე გავრცელდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გვარის წარმომადგენელზე უნდა იქნას სისხლი აღებული“, - განაცხადა უხუცესმა თამაზ ბაღაკაშვილმა.

შეგახსენებთ, დაპირისპირება პანკისის ხეობაში 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისური მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი. მათ გამოძიება განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.