დაცვის მხარის სიტყვაში ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინე, რომელიც ბრალდებას უარყოფდა - “თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორი
დაცვის მხარის სიტყვაში ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინე, რომელიც ბრალდებას  უარყოფდა - “თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორი

A+ A-

16:46 02/12/2019

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვის წარდგენისას დეტალურად მიმოიხილა ბრალდების ყველა ძირეული საკითხი და გარდა ამისა, ის მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკის კუთვნილი თანხების- საუბარია 16 მილიონ 664 ათასი დოლარის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტზე, მოტყუებით და შემდგომში აღნიშნული ფულადი თანხის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს”- ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მიქავამ განაცხადა.

ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მისივე თქმით, დაცვის მხარის შესავალ სიტყვაში ვერანაირი, ვერც ერთი ხელშესახები არგუმენტი ან რამე მნიშვნელოვანი სხვა პოზიცია ვერ მოისმინა, რომელიც უარყოფდა ან გააბათილებდა ბრალდების მხარის და აღნიშნული ბრალდების ძირითად საკითხებს.

„რაც შეეხება აღნიშნულ თანხას, საქმეში არსებობს უდავო მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ეს კონკრეტული თანხა, საუბარი არის 16 მილიონ 664 ათას დოლარზე, ამ პირებმა გამოიყენეს იმ სასესხო ვალდებულებების გასტუმრებისთვის, რომელთაც მათ ერთი წლით ადრე, ერთი წლის წინ, 2007 წელს გაიზარდეს აქტივები თიბისი ბანკში”, - განაცხადა პროკურორმა.

გიორგი მიქავას თქმით, საუბარია იმაზე, რომ მოცემული პერიოდისთვის, როგორც ფიზიკურ პირებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თუ ჰქონდათ დაახლოებით, 6% აქციისა, შემდგომში გაუხდათ 35-36 % აქციები, როგორც ფიზიკურ პირებს “თიბისი ბანკში“.

„თუმცა, როდესაც ჩვენ ვეკითხებით ბრალდებულებს, მათ ამაზე პასუხი არ აქვთ. გარდა ამისა, როდესაც ისინი უტრირებენ და სპეკულირებენ 2008 წლის ომის თემით, რომ მათ ვერ შეძლეს აღნიშნული თანხის გადახდა, ამავე დროს საქმეში არსებული მტკიცებულებით ასევე უდავოდ დასტურდება, რომ 2008 წლიდან 2019 წლამდე ან 2018 წლამდე მათ, კერძოდ, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, ხაზგასმით აღვნიშნავ, დეკლარირებული შემოსავლის სახით, მხოლოდ დეკლარირებულ შემოსავალზეა საუბარი, მიიღეს 74 მილიონი ლარის შემოსავალი, რითაც დასტურდება, რომ მათ არათუ ვერ გადაიხადეს, არ გადაიხადეს აღნიშნული თანხები და აღნიშნულით პირდაპირ დასატურდება და ამით დგინდება აღნიშნული დანაშაულის, კერძოდ, თაღლითობის მოტივი, ანგარებითი მოტივი, მათი მიზანი და შემდგომში, მთელი რიგი ქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს , რომელიც ადასტურებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს”, - აღნიშნა პროკურორმა.

მისივე ინფორმაციით, შემდეგ სასამართლო სხდომაზე პროკურატურის მოწმე დაიკითხება. შემდეგი სხდომა 27დეკემბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონამდე დოლარის ტრანზაქციაზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით)“. მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს განაცხადა. 26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამავე საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რაც მისმა ადვოკატმა გაასაჩივრა.