ვარკეთილში ახალი სტადიონი გაიხსნა
ვარკეთილში ახალი სტადიონი გაიხსნა

A+ A-

10:44 03/12/2019

ვარკეთილში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრი გახსნა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან და თბილისის მერთან, კახი კალაძესთან ერთად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრნენ.

 

 ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორის ვარკეთილის საფეხბურთო სკოლის აღსაზდელები იყვნენ, სხვა გამომსვლელებთან ერთად სიტყვით სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმაც მიმართა. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პროექტი, რომელიც წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ, დღეს წარმატებით დასრულდა და უკვე ბავშვებს შეეძლებათ, რომ ფეხბურთი ითამაშონ და ისიამოვნონ. ეს ნამდვილად სამაგალითო პროექტია და მსურს, ფეხბურთის ფედერაციის, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლობას გავუსვა ხაზი. აღნიშნული ტერიტორია ჩვენ კონკრეტული ვალდებულებით გადმოგვეცა, რომ აგვეშენებინა სტადიონი, თავისი დამხმარე ინფრასტრუქტურით. ახალი საფეხბურთო ცენტრით ვარკეთილში არსებულ საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლებენ. მსურს, მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის მერს, კახი კალაძეს და თბილისის საკრებულოს. აქვე აღვნიშნავ, რომ ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი სახელმწიფო დაფინანსებით არ აშენებულა და ჩვენ ეს პროექტი FIFA FORWARD-ის პროგრამიდან მოზიდული თანხით განვახორციელეთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიზანია, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა თბილისის ყველა უბანში მოეწყოს. შემდეგ მშენებლობა უკვე დაწყებული გვაქვს გლდანში და ასე გავაგრძელებთ მთელი ქალაქის მასშტაბით“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

 

პროექტის ფარგლებში, საფეხბურთო ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო ერთი, სტანდარტული, ხელოვნურსაფრიანი საფეხბურთო მოედანი 230 ლუქსიანი განათებითა და მინი საფეხბურთო მოედანი, განათებით. ასევე ასოთხმოცადგილიანი ტრიბუნა, რომელიც აღჭურვილია შშმ პირებისთვის განკუთვნილი პლატფორმით, ადმინისტრაციული შენობა  -  გასახდელებით, მსაჯების, სამედიცინო, მწვრთნელების ოთახებითა და სხვა საჭირო სივრცეებით. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა  2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო.