ხვალ გვარამიას, დამენიას და იაშვილის სასამართლო გაიმართება
ხვალ გვარამიას, დამენიას და იაშვილის სასამართლო გაიმართება

A+ A-

14:41 03/12/2019

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე გაიმართება. ხვალიდენლ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზარდებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.