საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება 5.9 მილიონი ლარით იზრდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება  5.9 მილიონი ლარით იზრდება

A+ A-

12:12 05/12/2019

2020 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება  5.9 მილიონი ლარით იზრდება და 68.7 მილიონს ლარს შეადგენს  - ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაშია აღნიშნული. 2018 წელს მაუწყებლის ბიუჯეტი 53.1 მილიონი იყო, 2019 წელს — 58.2 მილიონი.

2020 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტით, რომელიც 30 სექტემბერს გამოქვეყნდა  პარლამენტის ვებგვერდზე, მაუწყებელს დაფინანსება დაახლოებით 4.6 მლნ ლარით ეზრდებოდა და  62,8 მლნ ლარს შეადგენდა.

თუმცა,  ამის შემდეგ პარლამენტის საიტზე კანონპროექტის კიდევ სამი ჩასწორებული ვარიანტია გამოქვეყნებული. პირველ და მეორე ვერსიებში ეს თანხა იგივე რჩებოდა, თუმცა მესამე წარდგენაში,  ანუ საბოლოო ვარიანტში მაუწყებლის ბიუჯეტი 68.7 მილიონ ლარადაა განსაზღვრული.

ცნობისთვის, 2020 წლის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარით განისაზღვრება. აქედან მიმდინარე ხარჯები 11.3 მილიარდია და  მშპ-ის 23.5%-ია. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებულია 3.7 მილიარდი ლარი, ხოლო ვალის დაფარვისთვის – 1 მილიარდი. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ბიუჯეტი 5%-იან, ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა. ბიუჯეტის ახლად გამოქვეყნებული პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის და  განხილვის ეტაპზე შესაძლებელია, მასში ცვლილებები კიდევ შევიდეს.