ნარკოსკანდალი ეკლესიაში - 5 სასულიერო პირი, ვინც ნარკოტიკების რეალიზაციაში ამხილეს
ნარკოსკანდალი ეკლესიაში - 5 სასულიერო პირი, ვინც ნარკოტიკების რეალიზაციაში ამხილეს

A+ A-

17:54 05/12/2019

ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ფაქტზე დაკავებული ბერი სიმონია, იგივე გიგა ქავთარაძე ერთადერთი სასულიერო პირი არ გახლავთ, ვინც მსგავს დანაშაულში ამხილეს.

ბოლო 5 წლის განმავლობაში სამართალდამცველებმა ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით 7 სასულიერო პირი მისცეს პასუხსიგებაში.

გიგა ქავთარაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ათონის მთაზე მოღვაწე ბერს 40-ზე მეტ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ აღმოაჩნდა.

ცნობილი გახდა ნარკოდანაშაულის კიდევ რამდენიმე ფაქტი, სადაც ასევე სასულიერო პირები ფიგურირებენ.

არცთუ დიდი ხნის წინ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რა დროსაც მარტყოფის მთავარანგელოზის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი მეგრელიშვილი დააკავეს. მას დაკავებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „ბუპრემორფინი“ აღმოაჩნდა, მისი თანმხლები პირისგან კი, „ბუპრემორფინთან“ ერთად, „ჰეროინიც“ ამოიღეს. მეორე დაკავებული 36 წლის ოთარ სანოძეა, რომელიც წარსულშიცაა ნასამართლევი. როგორც გავარკვიეთ, მამა გიორგი მეგრელიშვილს მართლმსაჯულებასთან პრობლემები საერო ცხოვრებაშიც ჰქონდა.

იგი არაერთხელ გაეხვია ქუჩის სკანდალში… მათ შორის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 2013 წლის 6 მაისს მოხდა. ინციდენტი უცხოელმა ტურისტებმა სამოყვარულო კამერით გადაიღეს და მალე ამ ვიდეომ ინტერნეტში დიდი პოპულარობაც მოიპოვა. შემთხვევა ზესტაფონში გიორგობის დღესასწაულზეა გადაღებული, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი, თანმხლებთან ერთად, პატრულს ეჩხუბა. ვიდეოში ჩანს მამა გიორგი მეგრელიშვილი, რომელიც იმ დროს ზესტაფონის საყავრიის უბნის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური გახლდათ.

„გიორგობის დღესასწაულზე მაღაზია „იოლის“ წინ რამდენიმე პირს შორის მანქანასთან დაკავშირებით გაუგებრობა მოხდა. ჩხუბის ფაქტს პოლიციის მაღალჩინოსანი შეესწრო, რომელმაც პატრული გამოიძახა. პატრულის მიერ სიტუაციის განმუხტვის შემდეგ გამოჩნდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამა გიორგი და ჩხუბი განაახლა. მამაო იძახდა: კაბის შიგნით „პრისტუპნიკი“ ვარ, მღვდელი არ გეგონოთო“, – ყვება ინციდენტის თვითმხილველი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულ სასულიერო პირს სასამართლომ წინასწარი აღკვეთი ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა, განსხვავებით მისი თანმხლებისგან. ოთარ სანოძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ნარკორეალიზაციის ფაქტზე დააკავეს სასულიერო პირები ნიკოლოზ კალანდაძე და ვარსანოფ მაზმიშვილიც. ამ შემთხვევაშიც მათ არასაპატიმრო სასჯელი აკმარეს. საპატრიარქოს ზნეობრივმა კომისიამ კი „შეუფერებელი საქციელისთვის“ ნარკორეალიზატორ სასულიერო პირებს მღვდელმოქმედება შეუჩერა. ისინი სინანულისთვის სხვადასხვა მონასტერში გაუშვეს.

ასევე, ნარკოტიკები და იარაღი ამოიღეს ანჩისხატის ეკლესიის დეკანოზის, მამა ნოდარ ქათამაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას. მას სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, როგორც დაკავებული დეკანოზის სიმამრი, დავით მაისურაძე ამბობდა,­ ეს ნივთები მას ეკუთვნის და მის ნაცვლად უდანაშაულო ადამიანი დაისაჯა…

ნოდარ ქათამაძე ზვიად გამსახურდიას მოძღვარის, მეუფე ამბროსი ქათამაძის ვაჟია. ის სასულიერო პირი 1998 წელს გახდა. პირველად პრობლემები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან (კუდი) შეექმნა, როდესაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გააჩერეს და გაჩხრიკეს. კუდი მის ავტომობილში მაშინაც ნარკოტიკებს ეძებდა.

წყარო: primetime