"ოცნების" ოფისში ივანიშვილის ხელმძღვანელობით უმრავლესობის სხდომა გაიმართება
"ოცნების" ოფისში ივანიშვილის ხელმძღვანელობით უმრავლესობის სხდომა გაიმართება

A+ A-

10:08 06/12/2019

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

როგორც ცნობილია, სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო სისტემა იქნება, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება. 11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ახლა შერეული სისტემის გაუქმებას და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორები იმედოვნებენ, რომ დღეს თანაგუნდელებს და პარტიის თავმჯდომარეს იდეის სისწორეში დაარწმუნებენ.

როგორც ცნობილია, მაჟორიტარი დეპუტატების წინადადებას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ. პარალელურად, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად მაჟორიტარები 200 000 ხელმოწერის შეგროვებას იწყებენ.

იდეის ერთ-ერთი ავტორის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი ამერიკული მოდელია, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას უზრუნველყოფს. პროექტის მიხედვით, პარლამენტი ორპალატიანი გახდება, რომელიც მაჟორიტარული პრინციპით აირჩევა.

„უმრავლესობაში ჩვენ ავხსნით, რატომ გვაქვს ასეთი ინიციატივა და დარწმუნებული ვარ, უმრავლესობის ძალიან ბევრი წევრი დაუჭერს მხარს. თავმჯდომარესთან ბუნებრივია, გვექნება ჩვენი წინადადება განხილული. პარლამენტში ინიცირებული არის საინიციატივო ჯგუფის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 200 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვოს ამ ჯგუფმა იმისთვის, რომ მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. ამ განცხადებას თან ერთვის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციაში ცვლილებებს, რომ პარლამენტი გახდეს ორპალატიანი და და ორივე პალატა არჩეულ იქნეს მაჟორიტარული პრინციპით. მიგვაჩნია, რომ საქართველოში ორპალატიანი სისტემა ერთის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ მოქალაქეები იყვნენ თავად ჩართულები პროცესში ორივე პალატის პარლამენტარების არჩევის პროცესში და მეორე ის, რომ სტაბილურობის განცდა იყოს მაღალი. ეს სისტემა არის ჩვენი ძირითადი პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოში არსებული სისტემა. რა თქმა უნდა, ამ პროექტში არის გათვალისწინებული ქართული რეალობა, თუმცა ძირითადად პრინციპი არის ამერიკული საარჩევნო სისტემის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

უმრავლესობის სხდომა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე დაიწყება.