საპროტესტო აქციებისათვის კონტრაქციის მოწყობა არის პროვოკაცია და ”კუნთების თამაში” - გოცირიძე
საპროტესტო აქციებისათვის კონტრაქციის მოწყობა არის პროვოკაცია და ”კუნთების თამაში” - გოცირიძე

A+ A-

16:57 07/12/2019

რასაც ივანიშვილი და „ქართული ოცნება” 14 დეკემბერს აწყობს, არა მხოლოდ უგუნურობის და პროვინციული პოლიტიკანობის ზეიმია, არამედ ეს არის თავისებური „კუნთების თამაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ შეკრებას.

გოცირიძის თქმით, ამ შეკრების საბაბად გამოყენებულია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევა.

მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო ხალხის სოფელ-სოფელ შეგროვება, მათი აქციაზე იძულებით ჩამოსაყვანად.

„ინგლისური ანბანის რიგის მიხედვით, ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ექვსი თვით საქართველოს მოუწია. შემდეგი გერმანია იქნება. ანგელა მერკელს თავში მოუვა, რომ ეს საკუთარ წარმატებად გაასაღოს და დიდი ზეიმი მოაწყოს ქალაქის ქუჩებში? არა, რა თქმა უნდა. რასაც ივანიშვილი და „ქართული ოცნება” 14 დეკემბერს აწყობს, არა მხოლოდ უგუნურობის და პროვინციული პოლიტიკანობის ზეიმია, არამედ სხვა მიზნებსაც ემსახურება.

ეს, ფაქტობრივად, არის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება და საზოგადოებაში იმის ილუზიის შექმნა, თითქოს, ხალხი ხელისუფლებას კვლავ უჭერდეს მხარს. ეს ასევე, არის თავისებური ”კუნთების თამაში”, ძალის დემონსტრირება, ეს არის პროვოკაცია, საპროტესტო აქციებისათვის ე.წ. კონტრაქციის მოწყობა. ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა მხოლოდ საბაბად არის გამოყენებული.

ხელისუფლებამ უკვე დაიწყო სიების შედგენა და სოფელ-სოფელ ხალხის შეგროვება, რათა იძულებით ჩამოიყვანონ ისინი თბილისში. ფაქტობრივად, ხდება იგივე მექანიზმების გამოყენება, რასაც აკეთებდნენ არჩევნების დროს. რეგიონებიდან ათეულ ათასობით დაშინებული საჯარო მოხელის იძულებით ჩამოყვანაში ( ტრანსპორტირება, კვება და ა. შ.) „ქართული ოცნების” „შავი სალაროდან“ რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯება. ყოველივე ეს ცუდად შემოუბრუნდება ივანიშვილს და მის პარტიას. არსებობს ამისი წარსული არაერთი მაგალითი. შეურაცხყოფილი ადამიანები საკადრის პასუხს იძლევიან ხოლმე,” - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს, თბილისში მასშტაბურ შეკრებას გეგმავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩაკვეტაძის ინფორმაციით, ამ შეკრებაზე საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევასთან დაკავშირებით საზეიმო კვირეული შეჯამდება.